თბილისის მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას 2018-2025 წლებში დედაქალაქის მერიის მიერ ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით განხორციელებული პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
პრეზენტაციაზე კახა კალაძემ ისაუბრა უსახლკაროთა რეგისტრაციის, საცხოვრებელი ფართების დაკანონებისა და კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულების პროგრამების შესახებ, რომლებსაც მუნიციპალიტეტი ახორციელებს. მერიის ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და მთავრობის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
„თბილისის მოსახლეობამ 2017 წლიდან დაგვიჭირა მხარი, გვენდო და დღესაც აგრძელებს მხარდაჭერას მნიშვნელოვანი პროექტებისა და რეფორმების განხორციელების დროს, რაც ჩვენი დედაქალაქის მომავლისთვის მნიშვნელოვანია. ყველა პროექტი, რომელიც თბილისში ხორციელდება, მიმართულია იმისკენ, რომ ამ ქალაქში მცხოვრებმა ადამიანებმა თავი იგრძნონ კომფორტულად, თუმცა, ყველაზე მთავარი არის ადამიანი. ყველაზე ძვირფასი, რაც გვაქვს, არის სიცოცხლე, რომელიც ღმერთმა გვაჩუქა. ადამიანებზე ზრუნვა კი ჩვენი გუნდის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა.
რაც შეეხება უშუალოდ ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებს, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში ხორციელდება, ჩვენ უამრავ ადამიანს შევუნარჩუნეთ სიცოცხლე. მინდა ყველას ჯანმრთელობა ვუსურვო, რომ არავის არასდროს დასჭირდეს იმ პროგრამებში ჩართვა, რაც მუნიციპალიტეტს აქვს. აქვე მადლობას ვუხდი ჩვენს ყველა თანამშრომელს, ვინც ზრუნავს თბილისსა და თბილისელებზე. გმადლობ დარგის სპეციალისტებსაც, რადგან მათი მხარდაჭერის გარეშე ამ პროგრამებს ვერ განვახორციელებთ.
2021 წელს, წინასაარჩევნო კამპანიის დროს, მოსახლეობას დავპირდი, რომ უსახლკარო ადამიანების პრობლემას მოვაგვარებდით. მაშინ ასეთი სტატუსის მქონე 400-მდე ადამიანი გვყავდა. უსახლკაროთა რეგისტრაციისა და მათი თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის პროექტის ფარგლებში, ჩვენ ამ დაპირებას ვასრულებთ და ოქტომბრამდე ყველა ოჯახი დაკმაყოფილდება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროგრამა. ადამიანები ათეული წლები ცხოვრობდნენ სახლებში, რომლებსაც ვერ იკანონებდნენ. ჩვენ 2017 წელს ამ ოჯახებს მივეცით პირობა და ასეულობით მილიონობით ქონება, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაში იყო, უკვე ამ ადამიანების საკუთრებაშია გადაცემული. კოოპერატიული ბინათმშენებლობებიც ათწლეულების მოუგვარებელი პრობლემა იყო, რომელიც ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ მოაგვარა. ჩვენ, „ქართული ოცნება“, ვართ ის გუნდი, ვინც კონკრეტული ნაბიჯები გადადგა“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.