მთავარიმსოფლიოკავკასიასაგამოძიებო მოქმედებები სომხეთის პატრიარქის რეზიდენციაში

საგამოძიებო მოქმედებები სომხეთის პატრიარქის რეზიდენციაში

განცხადებიდან ქმედებამდე ნიკოლ ფაშინიანს არასრული ერთი დღე დასჭირდა. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა „ფეისბუკზე” ქვეყნის პატრიარქის გადადგომაზე დაწერა და მას ქრისტეს მოღალატე და ეკლესიის შემბილწავი უწოდა, რასაც გარეგინ მეორის რეზიდენციაში სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის შესვლა მოჰყვა.

ეჩმიაძინში მისული სამართალდამცველების მიზანი შირაქის ეპარქიის წინამძღვრის, მიქაელ აჯაფაჰიანის, დაკავება იყო, რომელსაც გამოძიება „კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივად დამხობას“ ედავება.

სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები მიქაელ აჯაფაჰიანის დასაკავებლად მივიდნენ, სომხეთი, 27 ივნისი, 2025 წელი Copyright Hayk Baghdasaryan/Photolure via AP

მის მხარდასაჭერად საპატრიარქო რეზიდენციასთან მივიდნენ მოქალაქეები. მრევლთან რეზიდენციიდან გამოვიდა გარეგინ მეორეც.

„მე პატრიოტი ვარ. ჩემთვის ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო სამშობლო და სახელმწიფოებრიობა, ვიდრე ის უღირსი ადამიანები, ვინც მე შეურაცხყოფას მაყენებს. მე ვარ ადამიანი, რომელიც ამ ქვეყანას ემსახურებოდა და ემსახურება. მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში მე მხოლოდ სახელმწიფოს კეთილდღეობისთვის ვმუშაობდი. უკვე იმდენი წლის ვარ, რომ მოხუცებულობით უნდა ვტკბებოდე, თუმცა ეს არარაობები მე „ქვეყნის საფრთხეს“ მიწოდებენ. მე ვარ ამ ქვეყნის საფრთხე?! საფრთხე ხელისუფლების სათავეშია! მე ვამბობდი, რომ ისინი ბოროტები არიან და ეროვნული უსაფრთხოების სამსახურს ეს ბოროტება უნდა ჩაეხშო. მათ ეს არ შეასრულეს. ნურც შეასრულებენ, თუმცა ქვეყანა ნგრევისკენ მიდის და ამაში დამნაშავე მე არ ვიქნები.

ახლა უნდათ თქვან, რომ მე თითქოს მოქალაქეებს ვეფარები. მოსულიყვნენ გუშინ და წავეყვანე, როცა არავინ იყო ჩემ გვერდით. თუმცა, არა, მათი მიზანი სხვა იყო – შოუს მოწყობა და ეკლესიის საჯაროდ დამცირება… ის, რაც ხდება, აბსოლუტურად უკანონოა… ადამიანები, რომლებიც ამ სიგიჟეს სჩადიან, მოვიდნენ აქ და ძალადობით იმუქრებიან“, – თქვა შირაქის ეპარქიის წინამძღვარმა მიქაელ აჯაფაჰიანმა.

„არქიეპისკოპოსი ახლა ჩვენს ადვოკატთან ერთად წავა. ჩვენ დავბრუნდებით რეზიდენციაში, სადაც მღვდლების შეკრება მიმდინარეობდა. იქ განვიხილავთ ჩვენს ნაბიჯებს და მივიღებთ გადაწყვეტილებას. არ დავიშურებთ ძალისხმევას სამართლიანობის აღსადგენად“, – განაცხადა ყოველთა სომეხთა პატრიარქმა გარეგინ მეორემ.

სომხეთის პატრიარქის სიტყვას არქიეპისკოპოსი მიქაელ აჯაფაჰიანი დაემორჩილა და სამართალდამცველებს გაჰყვა. სომხური მედიის თანახმად, ის დაკავებულია. სასულიერო პირის მხარდასაჭერად ერევნისკენ მარშით გაემართა ასობით მოქალაქე, რომლებიც გზად სკანდირებდნენ: „სირცხვილია!“

ეჩმიაძინის რეზიდენციასთან შეკრებილ მრევლს სიტყვით მიმართა არქიეპისკოპოსმა ნათან ოვანისიანმაც. მან 27 ივნისს განვითარებული პროცესები 1915 წლის მოვლენებს შეადარა.

„11:00 საათზე უნდა გაგვემართა კრება, ვიდრე გავიგებდით, რა იგეგმებოდა. არც ერთი ჩვენგანი არ აღიარებს ამ ქმედებების არც კანონიერებას და არც ფორმას. არქიეპისკოპოსმა მიქაელმა გულწრფელად მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაჰყვება სამართალდამცველებს, რადგან, პირველ რიგში, ის არ არის დამნაშავე. თუკი ისინი შეძლებენ მისდამი წაყენებული ბრალის დამტკიცებას, სხვა ქმედებებს მივმართავთ. ყველანი პატივს ვცემთ მის გადაწყვეტილებას, რადგან საუკეთესო ბრძოლა ღირსეული ბრძოლაა და ამას არქიეპისკოპოსი მიქაელი არასდროს დამალვია.

მიდით და შეისწავლეთ მისი გენეალოგიური ხე. აჯაფახიანები ყოველთვის იყვნენ ჩვენი ერის, ეკლესიისა და სახელმწიფოებრიობის პიონერები. დღეს ხდება ზუსტად ის, რაც მოხდა 1915 წელს, როდესაც თურქებმა უბრალოდ ნაკუწებად აქციეს ერთ-ერთი არქიმანდრიტი“, – თქვა არქიეპისკოპოსმა ნათან ოვანისიანმა.

ეჩმიაძინის რეზიდენციაში ძალოვნების შესვლის გადაწყვეტილებას კანონიერი უწოდა სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა. უწყებამ საპატრიარქო რეზიდენციასთან შეკრებილ მოქალაქეებს მართლწესრიგის დაცვისკენ მოუწოდა.

„გამოძიების მიმდინარეობის პროცესში გადაწყვიტეს სომხეთის სამოციქულო ეკლესიის შირაქის ეპარქიის წინამძღვრის, მთავარეპისკოპოს მიქაელ აჯაფახიანის წინააღმდეგ საჯარო სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ, რაც მასმედიისა და საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით ხელისუფლების ხელში ჩაგდებისა და კონსტიტუციური წესრიგის ძალადობრივი დამხობის საჯაროდ მოწოდებას ეხება.

2025 წლის 27 ივნისს გადაწყვიტეს, ბრალდებულ აჯაფახიანის დაკავების საქმე სასამართლოში წარედგინათ, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის – გამოყენების მიზნით. დადგენილების აღსრულება დაევალა სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურს.

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, თავი შეიკავონ სიტუაციის ესკალაციისგან და არ შეუშალონ ხელი სამართალდამცავი ორგანოების კანონიერი გადაწყვეტილებების აღსრულებას“, – ნათქვამია სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ეკლესიის გათავისუფლების პირობას დებს სომხეთის პრემიერ-მინისტრი. ნიკოლ ფაშინიანი ქვეყანაში განვითარებულ პროცესებს „ფეისბუკზე“ გამოეხმაურა.

„ნათელი გახდა, ვინ პროვოცირებს კონფლიქტებს დედა საყდარში. მათ ნახეს, რომ სამართალდამცველები არ აჰყვნენ პროვოკაციას, ამიტომ ხელჩართულ ჩხუბზე გადავიდნენ. არანაირი დაპირისპირება არ იქნება. სომხეთის სამოციქულო ეკლესია ქრისტიანული წესით გათავისუფლდება…“ – დაწერა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა „ფეისბუკის“ პირად გვერდზე.

ფაშინიანისადმი კრიტიკული განცხადებები არა მხოლოდ პოლიტიკური ოპოზიციისა და სამღვდელოებისგან გაისმა, არამედ რუსი ჟურნალისტისგანაც. მარგარიტა სიმონიანი, რომელიც ერევანმა პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და სომხეთში შესვლა აუკრძალა, უკმაყოფილება „ტელეგრამარხზე” გამოხატა.

„თურქეთიდან დაბრუნებული ეფენდი ფაშინიანი ყოველთა სომეხთა კათალიკოსთან ჩხრეკას ატარებს!

სომხეთში მცხოვრებო სომხებო, რას უცდით? რომ თქვენს ვაჟებს თავებს მოაჭრიან, ხოლო ქალიშვილები ჰარამხანებში წავლენ, როგორც ეს ჩვენს ისტორიაში აქამდეც მომხდარა?“ – დაწერა რუსმა ჟურნალისტმა და რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალება Russia Today-ის მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა.

სომხეთის სასულიერო და პოლიტიკურ ხელმძღვანელობებს შორის დაძაბულობამ ივნისის დასაწყისიდან იმატა. ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის საპატრიარქოსა და ყოველთა სომეხთა კათალიკოსს რუსეთიდან მართული უწოდა, მოგვიანებით კი გარეგინ მეორე უბიწოების აღთქმის დარღვევაში დაადანაშაულა. 25 ივნისს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ სომხეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა აღკვეთეს და ოპოზიციური მოძრაობა „წმინდა ბრძოლის“ რამდენიმე წევრი დააკავეს, მათ შორის იყო მოძრაობის ლიდერი და სომხური ეკლესიის ეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი.

ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის დაპირისპირებამ გავლენა იქონია სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებზეც. კრემლის სახელმწიფო მედიის ეთერში ბიზნესმენ სამველ კარაპეტიანის დაკავებაზე გამოთქმული მოსაზრება ერევანმა მოსკოვის მხრიდან სომხეთის შიდა საქმეებში ჩარევად აღიქვა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend