ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა სერგეი ციხანოუსკიმ, ვარშავაში ბელარუსული დიასპორის შეხვედრაზე თანამემამულეებს მიმართა, რომ იმედგაცრუების დრო დასრულებულია.
ციხანოუსკი გასულ შაბათს 13 პოლიტპატიმართან ერთად გაათავისუფლეს. იგი მეზობელი ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში დაბრუნდა, სადაც დახვდენენ მეუღლე, დევნილი ოპოზიციონერი სვეტლანა ციხანოუსკაია და შვილები.
ციხანოუსკის თქმით, დასავლელი ლიდერები ამზადებენ ძლიერი სანქციების ახალ პაკეტს ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკას წინააღმდეგ იმ შემთხვევაში, თუ პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე უარს იტყვის:
„ბელარუსებს 2020 წლის პროტესტებამდე ცვლილებების სჯეროდათ. ახლა კი ვხედავ — ისინი მოწყენილი და დაშინებული არიან. მეგობრებო, თუ მართლა გვინდა ცვლილება, პირველ რიგში, ეს მუხტი უნდა დავიბრუნოთ. მე ვიყავი ციხეში, იზოლაციაში, ადამიანებთან კომუნიკაცია არ მქონდა, მაგრამ სულიერად არ გავტყდი, რასაც დღეს თქვენში ვგრძნობ. თქვენ ხომ თავისუფალ ქვეყნებში ცხოვრობთ. მე ეს განცდა არ მქონია და არც მექნება“ – აცხადებს ოპოზიციონერი ბელარუსიდან სერგეი ციხანოუსკი.
46 წლის ციხანოუსკი, პოპულარული ბლოგერი და აქტივისტი, მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ალექსანდარ ლუკაშენკა მინსკში შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს უკრაინის საკითხებში. კიტ კელოგი აშშ-ის ყველაზე მაღალი რანგის ოფიციალური პირია, რომელიც ბელარუსს ბოლო წლების განმავლობაში ეწვია.
ოპოზიციონერმა ლიდერმა წლების წინ დაიწყო კამპანია ლუკაშენკას წინააღმდეგ, სლოგანით “შეაჩერე ტარაკანი”. იგი მაშინ დააკავეს, როდესაც განაცხადა, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებდა. ციხანოუსკის 19 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს.
„უკვე ვუთხარი ჩემი აზრი პრეზიდენტ დუდასა და ბატონ სიკორსკის. იმავეს ვეტყვი ყველა ევროპელ პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს, აშშ-სა და კანადაშიც. ვეტყვი თითოეულს: მოამზადეთ სანქციების ძლიერი პაკეტი ლუკაშენკას წინააღმდეგ. ჯერ ნუ გამოაცხადებთ. მიიტანეთ, მაგიდაზე დადეთ და უთხარით — თუ ეს პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიან, მაშინ ამ სანქციებს ავამოქმედებთ“ – განაცხადა ოპოზიციონერმა ბელარუსიდან სერგეი ციხანოუსკიმ.
ბელარუსში 2025 წლის იანვარში ჩატარებული სადავო არჩევნების შემდეგ ლუკაშენკამ მეშვიდე ვადით გაიმარჯვა. 2024 წლის შუა პერიოდიდან მისი მთავრობა ეტაპობრივად ათავისუფლებს პოლიტპატიმრებს, მათ შორის აშშ-ის მოქალაქეებს, რასაც ანალიტიკოსები დასავლეთთან ურთიერთობის აღდგენის მცდელობად აფასებენ.