მთავარისაქართველო„ეკონომიკური ზრდით საქართველო ევროპასა და ფართო რეგიონში პირველ ადგილს იკავებს” - ირაკლი...

„ეკონომიკური ზრდით საქართველო ევროპასა და ფართო რეგიონში პირველ ადგილს იკავებს” – ირაკლი კობახიძე

150 გვერდში ჩატეული მთავრობის ერთწლიანი მუშაობის ანგარიში პარლამენტში პრემიერ-მინისტრმა წარადგინა. ირაკლი კობახიძე „ქართული ოცნების“ დეპუტატების წინაშე ძირითადად იმ მიღწევებზე საუბრობდა, რაც მისი თქმით, გუნდის სწორი პოლიტიკის დამსახურებაა. მან განსაკუთრებული ყურადღება ქვეყნის ეკონომიკაზე საუბარს დაუთმო, აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკა ზრდისა და განვითარების მხრივ ევროპის მასშტაბით პირველ ადგილზეა. პრემიერმა ისაუბრა საგარეო პოლიტიკაზეც, თქვა, რომ ამერიკასა და ევროპასთან ურთიერთობების მოგვარების მსურველია, თუმცა პირობებით. მთავარი კი მისივე განცხადებით, საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემაა. მთავრობის მეთაურმა სამომავლო პროექტებზეც ისაუბრა და თქვა, რომ ეტაპობრივად გამოწვევები დაიძლევა.

„2024 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 9.4% შეადგინა, მიმდინარე წლის 4 თვის მონაცემებით კი, ეს მაჩვენებელი 8.8%-ს შეადგენს, რაც მიანიშნებს, რომ წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი შენარჩუნდება. ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, საქართველო ევროპასა და ფართო რეგიონში პირველ ადგილს იკავებს. ქვეყანაში ისტორიულ მინიმუმზეა უმუშევრობის მაჩვენებელი, რომელიც გასული წლის ბოლოს 13.9%-ს შეადგენდა. მისივე თქმით, 2022-2024 წლებში  185 000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა.

შარშან ჩვენ ვუმასპინძლეთ 7.4 მლნ საერთაშორისო მოგზაურს, 2024-25 წლებში გაიხსნა 70 სასტუმრო 3 300-ზე მეტი ნომრით და დაახლოებით, 6 700 ადგილით. 2025-28 წლებში 300-ზე მეტი სასტუმრო დაგვემატება არსებული გეგმისა და პროექტების შესაბამისად 38 000-ზე მეტი ადგილით. მოსალოდნელი ჯამური ინვესტიცია  ორი მლრდ ლარია. აეროპორტების ნაწილშიც გვქონდა რეკორდული მაჩვენებელი – 7 425 000 მგზავრს მოემსახურა ჩვენი სამი აეროპორტი გასულ წელს, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ და დამოუკიდებლობის აღდგენამდეც არ გვქონია ჩვენ არასდროს ასეთი მაჩვენებელი.

2012 წლის შემდეგ ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯები გაიზარდა 4-ჯერ და კიდევ უფრო მეტად.

აშშ-სთან ურთიერთობა ბუნებრივია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ გავაკეთეთ საჯარო განცხადება ამ თემასთან დაკავშირებით. ჩვენ მზად ვართ, აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა კონკრეტული გზამკვლევით, სადაც ასახული იქნება სარგებელი ორივე ქვეყნისთვის. ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს.  ჩვენ გვაქვს გაცხადებული მიზანი – 2030 წელს გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, ამისთვის ქვეყანა იქნება თავიდან ბოლომდე მზად 2030 წლისთვის. თუ იქნება სამართლიანი და ჯანსაღი მიდგომა, ამ შემთხვევაში, ევროინტეგრაციას წინ ვერაფერი დაუდგება. ვართ მშვიდად, მოლოდინის რეჟიმში, პრაგმატულად ვაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებით, იმედია, რომ აქაც გადაიდგმება ჯანსაღი და სამართლიანი ნაბიჯები ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის გამოსვლა დადებითად შეაფასეს „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა და მთავრობის წარმომადგენლებმა. მათი განცხადებით, სახელისუფლებო გუნდი წარმატებით მუშაობს და გასაკრიტიკებელი მათ მუშაობაში ფაქტობრივად არაფერია. შემფასებლებიც საქართველოს ეკონომიკურ ბუმსა და ამაში მთავრობის სწორ ხედვაზე საუბრობენ.

„პირველ რიგში, მინდა, წარმატებები ვუსურვო პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, რომელსაც ძალიან მნიშვნელოვანი გამოსვლა ჰქონდა პარლამენტში. პრემიერმა წარადგინა კონკრეტული შედეგები ყველა მიმართულებით. გაკეთებული იყო სიღრმისეული ანალიზი. ხაზი გაესვა ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, რა გაკეთდა ბოლო წლების განმავლობაში, რა მიღწევები გვაქვს. ასევე საუბარი შეეხო გამოწვევებს და ასევე იმას, თუ რა უნდა გაკეთდეს, რათა გავაუმჯობესოთ კონკრეტული მიმართულებები. შეიძლება ითქვას, რომ აბსოლუტურად ყველა მიმართულებით გვაქვს ხელშესახები წინგადადგმული ნაბიჯები. ცხადია, არსებობს გამოწვევები და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს გამოწვევები დაიძლიოს. პრემიერ-მინისტრს თავის გუნდთან, ხელისუფლებასთან ერთად, მინდა წარმატებები ვუსურვო. მომავალი წლები ძალიან საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანია“, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

ზედაპირულ, ციფრებში გამოხატული მოჩვენებითი ეკონომიკა და უხვი ტყუილები – ასეთია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ოპონენტების შეფასებები. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ირაკლი კობახიძის ანგარიში საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ეკონომიკურ მდგომარეობას არანაირად არ ასახავს.

„ამ სხდომაზე მოვისმინეთ ძალიან ბევრი ტყუილი. დიახ, მათი გარემოცვის სიღარიბე ნამდვილად დაძლეულია – კორუფციით, ბინძური ფულით, რუსეთის სანქციების გვერდის ავლით, თაღლითური ქოლცენტრებით, ნარკოვაჭრობით და ა.შ. ის ფაქტი, რომ საშუალოდ 800 ლარზე მეტი ხელფასი არ აქვს მოსახლეობის უმეტესობას, ნამდვილად არ მეტყველებს რაიმეს სასიკეთოდ ზრდაზე. რამდენ ხანს შეიძლება ანაკლიის პორტის საკითხი კალენდარზე წინ და წინ მიდიოდეს. აღტყინებით ამბობენ, რომ ვაკეთებთ, ვაკეთებთ, ოღონდ ზეგ“, – განაცხადა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა თაზო ბაბუნაშვილმა.

პრემიერის ანგარიშით, მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის პირველი საგაზაფხულო სესია ოფიციალურად დაიხურა. თუმცა პარლამენტში შესაძლოა  რიგგარეშე სხდომებით გაგრძელდეს მუშაობა. პირველ და ორ ივლისს ნარკოდანაშაულთან ბრძოლის საკანონმდებლო ინიციატივებს განიხილავენ. დანარჩენი კანონები, რომლებსაც „ქართული ოცნება“ დაჩქარებულად განიხილავდა, პარლამენტმა 26 ივნისის სხდომაზე უკვე მიიღო, მათ შორისაა, ცვლილებები „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ და „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონებში. მმართველი პარტიის ოპონენტები ამ კანონებს რეპრესიების გამკაცრებად აფასებენ.

ავტორი: ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend