პარლამენტმა „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში ცვლილებები დაამტკიცა. ცვლილებებს, რომლებსაც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და იურისტების მწვავე კრიტიკა მოყვა, მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ ყოფილა.
კანონში ახალი ჩანაწერების თანახმად, თუ კი პირი ჩათვლის, რომ მას ცილი დასწამეს, სასამართლოში დავისას მტკიცების ტვირთი არა მოსარჩელეს, არამედ მოპასუხეს ეკისრება. კანონპროექტით, ცილისწამების განმარტება ზუსტდება, როგორც: არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირის სახელის გამტეხი განცხადება.
კანონპროექტის განხილვისას სხდომას ისტორიული უწოდა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თეა წულუკიანმა და გამოთქვა სურვილი, რომ ცილისწამება დამამძიმებელ გარემოებად იქნას შეტანილი სისხლის სამართლის კოდექსში.
„ალბათ, მომავალში კარგი იქნება ვიფიქროთ, რომ სისხლის სამართლის მატერიალურ კოდექსში ცილისწამება დამამძიმებელ გარემოებად მაინც იქნეს მიჩნეული.
დღევანდელი სხდომა ჩემი აზრით არის ისტორიული, რომ ცილისწამებისგან ადამიანი მინიმუმ, სამოქალაქო წესით იქნება უკეთესად დაცული“ – განაცხადა თეა წულუკიანმა
ადამიანის უფლებების კუთხით მომუშავე ორგანიზაციები და იურისტები მიიჩნევენ, რომ კანონში დღეს შეტანილი ცვლილებები მკვეთრად აუარესებს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას ქვეყანაში.
მაგალითად, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის” თანადამფუძნებელი თამთა მიქელაძე ფეისბუკზე წერს, რომ ახალი რეგულაციებით, მმართველი გუნდი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას ასამარებს საქართველოში. ამ უფლების შეზღუდვა კი, მისივე თქმით, ნიშნავს თავისუფლების, აზროვნების, თვითმმართველობის, სიმართლის, სოლიდარობისა და ურთიერთგაგების, განვითარებისა და მომავლის დასამარებას.
“ეს შეგვეხება ყველას და ამის შემდეგ ძალიან მალე, ყველანი, როგორც მოქალაქეები, უბრალოდ გავქრებით. იმიტომ, რომ პოლიტიკა იწყება ენით და ენას რომ გვართმევენ, იმას გვართმევენ, რაც ერთად ყოფნის ძალას გვაძლევს”, – წერს თამთა მიქელაძე სოციალურ ქსელში.