საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეთანხმების ამოქმედებისთანავე მხარეთა კომპეტენტური ორგანოების მიერ გაცემული მოქმედი მართვის მოწმობის მფლობელები, თეორიული ან პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე შეძლებენ მიიღონ თანაბარი ძალის მქონე მართვის მოწმობა იმ სახელმწიფოში, რომელიც მათ კანონიერ საცხოვრებელს წარმოადგენს.
უწყების ცნობითვე, საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ შეთანხმებას 2024 წლის 26 ივნისს საბერძნეთის რესპუბლიკაში, ათენში, მოეწერა ხელი.
მსგავსი ტიპის შეთანხმება საქართველოს, ასევე, გაფორმებული აქვს ესპანეთსა და ირლანდიასთან, სადაც ქართული მართვის მოწმობების გადაცვლა უკვე შესაძლებელია.