მთავარიმსოფლიოNATOროგორი იყო ნატოს სამიტი უკრაინისთვის?

როგორი იყო ნატოს სამიტი უკრაინისთვის?

ნატოს სამიტის კულუარებში აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტები ერთმანეთს შეხვდნენ.  მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი და ვოლოდიმირ ზელენსკი ერთმანეთს რომში, პაპის დაკრძალვაზე ესაუბრნენ, ეს მათი პირველი პირისპირი შეხვედრაა. საუბარმა 50 წუთს გასტანა და მედიისთვის დახურული იყო. დონალდ ტრამპს შეხვედრის თაობაზე საბოლოო პრესკონფერენციაზეც ჰკითხეს.

„მე უბრალოდ მინდოდა მცოდნოდა, თუ როგორ აქვს მას საქმეები. შეხვედრამ სასიამოვნოდ ჩაიარა. გამოვიტანე დასკვნა, რომ ზელენსკის ძალიან სურს, ეს ომი დასრულდეს. მე უნდა დაველაპარაკო ვლადიმერ პუტინს. ვნახოთ, შევძლებთ თუ არა ამის დასრულებას. საშინელებაა, რაც ხდება, გასულ კვირას თითქმის 7 ათასი უკრაინელი და რუსი სამხედრო დაიღუპა. ასე რომ, მე დაველაპარაკები პუტინს. ზელენსკისთან კი კარგი შეხვედრა მქონდა. ვლადიმერ პუტინი რთული აღმოჩნდა, თუმცა ზელენსკისთანაც მქონდა პრობლემები”, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპი შესაძლებლად მიიჩნევს, რომ უკრაინის შემდეგ პუტინმა სხვა ტერიტორიების დაპყრობა მოინდომოს. თუმცა მიუხედავად ამისა, ღიად დატოვა შეკითხვა იმის თაობაზე, გამოუყოფს თუ არა უკრაინას დამატებით სახსრებს იმ თანხების ფარგლებში, რომლებიც კიევს ევროპამ და კანადამ გამოუყო. დონალდ ტრამპი არჩევს, რომ ჯერ სიტუაციას დააკვირდეს. უკრაინისთვის ანტისარაკეტო სისტემა პატრიოტის გადაცემის შესაძლებლობაც ბუნდოვნად დატოვა. თავად ვოლოდიმირ ზელენსკი კი შეხვედრით კმაყოფილია.

„კარგი შეხვედრა მქონდა ჰააგაში. მივულოცე პრეზიდენტ ტრამპს წარმატებული ოპერაცია ახლო აღმოსავლეთში. მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის ნაბიჯებმა შეასუსტოს არა მხოლოდ მათი ბირთვული ამბიციები, არამედ დრონების წარმოების შესაძლებლობა. განვიხილეთ ჩვენი ხალხის დაცვის საკითხები – პირველ რიგში საჰაერო სისტემების შესყიდვის გზით. უკრაინა მზადაა, შეისყიდოს ამგვარი აღჭურვილობა აშშ-ისგან. ევროპას შეუძლია დაგვეხმაროს, განვიხილეთ დრონების თანაწარმოების საკითხები. ჩვენ შეგვიძლია, გავაძლიეროთ ერთმანეთი. ჩვენ განვიხილეთ ფრონტის ხაზიც, პუტინი აშკარად ვერ იმარჯვებს, მე პრეზიდენტ ტრამპს ამის ფაქტები მოვუყვანე. მადლობას ვუხდი მას კეთილი სიტყვებისთვის უკრაინელი ხახლის მიმართ”, – წერს X-ზე ვოლოდიმირ ზელენსკი.

ნატოს სამიტის საბოლოო დეკლარაციით კი უკრაინის მხარდაჭერა დადასტურდა, თუმცა ამბიციური განაცხადების გარეშე. ფორმულირებები შემსუბუქებულია: თუ გასული წლის დოკუმენტში რუსეთი 40-ჯერ გვხვდებოდა, წელს ის მხოლოდ ერთხელ იყო ნახსენები და როგორც გრძელვადიანი საფრთხე, არა როგორც უკრაინაში აგრესიაზე ერთადერთი პასუხისმგებელი მხარე – როგორც აქამდე. ამჯერად ნატოსკენ უკრაინის მისწრაფება გენერალური მდივნის სიტყვიერ განცხადებაში იკითხებოდა და არა ტექსტში, რომელშიც ჯერ კიდევ შარშან წერდნენ, რომ უკრაინის გზა ნატოსკენ შეუქცევადია.

„მე ვფიქრობ, ამ სამიტის გზავნილი ნათელია და იგი ნატოს მხრიდან უკრაინის გაძლიერებაში მდგომარეობს. ახლა ეს არის დეკლარაციაშიც, ფინანსური მხარდაჭერისკენ  მოწოდებებით. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია მომდევნო 5-10 წლისთვის არა იმიტომ, რომ ბრძოლის გაგრძელებას დიდი ხანი ველით, იმიტომ რომ საჭიროების შემთხვევაში ჩვენ გაგაძლიერებთ ამ ბრძოლაში”, – უთხრა ვოლოდიმირ ზელენსკის ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ მოკავშირეებთან ერთად გამართულ შეხვედრაზე.

უკრაინის მიმართ მხარდაჭერა და საერთო ბრძოლაში მისი გაძლიერება ევროპელების მთავარ ამოცანად რჩება. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკის დაუდასტურა ევროპული პოლიტიკის ყველა მნიშვნელოვანმა აქტორმა, რომლებსაც ჰააგაში, ნატოს სამიტზე მიწვეული ზელენსკი შეხვდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend