„2 თვე გვაქვს დარჩენილი მისჯამდე – თქვენ არ გადაწყვეტთ, ზემოდან მოგცემენ მითითებას. მანამდე, იმ ორი თვით მაინც თუ შეიძლება, და მგონი არის შესაძლებელი, რომ ჩემს პატარა შვილიშვილებთან გავატარო…“, – თქვა აქციებისას დაკავებულმა ჯანო არჩაიამ სასამართლო პროცესზე.
დღეს სასამართლომ კიდევ ერთხელ გადასინჯა აღკვეთის ღონისძიების სახედ აქციებისას ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირისთვის შეფარდებული პატიმრობა. ნინო გალუსტაშვილმა კვლავ ბრალდების მხარის პოზიცია გაიზიარა, რომლის თანახმადაც, წინასწარი პატიმრობიდან ბრალდებულთა გათავისუფლების შემთხვევაში ისინი მიიმალებიან ან ახალ დანაშაულს ჩაიდენენ.
აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვამდე ნინო გალუსტაშვილმა საქმეზე მისი გადაწყვეტილებით დანიშნული საზოგადოებრივი ადვოკატების თვითაცილების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და განაცხადა, რომ სასამართლო საქმის განხილვას საზოგადოებრივი ადვოკატების მონაწილეობით გააგრძელებს და ამ საკითხს აღარ დაუბრუნდება.
დღევანდელ სხდომაზე სასამართლოს მიერ ბრალდებულთა ნების საწინააღმდეგოდ დანიშნული საზოგადოებრივი ადვოკატების აცილებას ითხოვდნენ ბრალდებულები, დაცვის მხარე და თავად ის ადვოკატებიც, რომლებიც საქმეზე მოსამართლემ სავალდებულო წესით დანიშნა.
სხდომაზე სამი საზოგადოებრივი ადვოკატი: ირაკლი ბენია, სალომე არდოტელი და დალი თუშიშვილი გამოცხადდა. სამივე მათგანი ბრალდებულებს ეთანხმებოდა და თვითაცილებასაც ითხოვდა.
„ვეთანხმები დაკავებულებს… ორი მათგანი ნდობასაც არ მიცხადებს. ოთახშიც არ ამოვიდნენ, ორთან ფიზიკური კომუნიკაცია მოვახერხე, თუმცა არ ისურვეს ჩემთან საუბარი საქმის დეტალებზე. აქ ნათელია ყველაფერი. ვითხოვ ჩამოცილებას“, – განაცხადა სხდომაზე ირაკლი ბენიამ.
„მე, როგორც იურიდიული დახმარების საზოგადოებრივ ადვოკატს პრეტენზია მაქვს, რომ ჩემზე დაკისრებული სამართლებრივი მოვალეობები შევასრულო პირნათლად და უმაღლეს დონეზე. ამის გათვალისწინებით, აქ ყველაზე მნიშვნელოვანი არის რა დროს ინიშნება საზოგადოებრივი ადვოკატი – საზოგადოებრივი ადვოკატი ინიშნება საქმეზე მაშინ, როდესაც არსებობს სავალდებულო დაცვის შემთხვევა. ამ შემთხვევაში, ყველა ვთანხმდებით, რომ სავალდებულო დაცვის შემთხვევას ადგილი არ ჰქონია, და გარდა ამისა, ყველაზე მნიშვნელოვანი აქ არის ის, რომ ადვოკატსა და დასაცავ პირს შორის ურთიერთობა უმთავრესად ემყარება ნდობას. მე ვერ დავიცავ ადამიანს, რომელსაც ჰყავს ადვოკატი, რომელსაც ნდობას უცხადებს. მნიშვნელოვანი აქ არის კიდევ ის, რომ თითოეულის ადვოკატი, ვისი ინტერესების დამცველ ადვოკატადაც მე დავინიშნე, დღეს გამოცხადებულია პროცესზე და მათი მხრიდან არანაირად არასდროს არ ჰქონია პროცესის გაჭიანურების სურვილს ადგილი. შესაბამისად, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ბუნებრივია, ვეთანხმები ბიჭებს და იმედი მაქვს, რომ სასამართლოს მოლოდინი არ აქვს იმის, რომ ვაი და რომელიმე ადვოკატი არ გამოცხადდება, საზოგადოებრივი ადვოკატები იქნებიან პროცესზე და განახორციელებენ დაცვას, იმიტომ, რომ ეს ფიზიკურად არც მოხდება, არც დავუშვებთ და არც მივესალმებით.”
ნინო გალუსტაშვილმა საქმეში ბრალდებული თერთმეტივე პირისთვის დამატებითი საზოგადოებრივი ადვოკატების დანიშვნის გადაწყვეტილება წინა სასამართლო სხდომაზე, 24 ივნისს მიიღო. მაშინ სხდომას საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულის, ირაკლი ქერაშვილის ადვოკატი, რევაზ აჭარაძე არ ესწრებოდა, თუმცა სასამართლო ამის შესახებ წინასწარ იყო გაფრთხილებული. რადგან მისი ადვოკატი პროცესზე არ იმყოფებოდა, ირაკლი ქერაშვილმა სხდომის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
მოსამართლემ მას განუმარტა, რომ თუ სხდომას დატოვებდა, სასამართლო ადვოკატს სახაზინო წესით დაუნიშნავდა. მას შემდეგ კი, რაც სხდომათა თარიღებთან დაკავშირებით სხვა ბრალდებულთა ადვოკატებმა საკუთარი პოზიციები წარმოადგინეს, მოსამართლემ 11-ივე ბრალდებულს მათივე ნების საწინააღმდეგოდ საზოგადოებრივი ადვოკატები დაუნიშნა.
საქმეზე მორიგი სხდომა 30 ივნისსაა ჩანიშნული, მიუხედავად საზოგადოებრივი ადვოკატების პოზიციისა, რომ სამ დღეში საქმის მასალების გაცნობას ვერ მოასწრებენ, მოსამართლემ სხდომა არ გადადო. მან ადვოკატებს უთხრა, რომ საქმის მასალებს „ეტაპობრივად გაეცნონ.“
დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ბრალს არც ერთი დაკავებული არ აღიარებს.