მთავარისაქართველოპოეტ ზვიად რატიანს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

პოეტ ზვიად რატიანს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

პოეტ ზვიად რატიანს, რომელიც 23 ივნისს პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე დააკავეს, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.

პროკურორმა სხდომაზე განაცხადა, რომ თუ ზვიად რატიანს წინასწარ პატიმრობას არ შეუფარდებდნენ, არსებობდა საფრთხე, რომ იგი ახალ დანაშაულ ჩაიდენდა ან მტკიცებულებებს გაანადგურებდა.

პროკურორის დასაბუთებას მისთვის პატიმრობის შეფარდების აუცილებლობაზე ზვიად რატიანმა ამგვარად უპასუხა:

„პუნქტობრივად მივყვები: რაც შეეხება მიმალვას – ჯერ ერთი, ერთი წამით არ ვუშვებ, რომ აქედან გარეთ გავალ სასამართლომდე. მაგრამ მეორე – არსად არ მივიმალები, რადგან ყოველ საღამოს უნდა ვიყო რუსთაველზე. და რადგან მომიახლოვდა პატიმრობა, უნდა მივხედო სამუშაოებს, რომლებიც დაწყებული მაქვს…

რაც შეეხება მოწმეზე ზემოქმედებას – ამ გარემოში და პირობებში, სადამდეც დაიყვანეთ ეს ქვეყანა ყველამ, ზემოქმედების და ალბათ ანგარიშსწორების საფრთხე პირიქით, ჩემ მიმართაა. არა მარტო გარეთ. არ გამოვრიცხავ, რომ ციხეშიც იყოს იგივე საფრთხე. ყველა მოწმე, რამდენადაც ვიცი, პოლიციელია…

მესამე – იმ საქმეში, რასაც მე ვემსახურები, ლიტერატურაში, ერთი და იგივე მეტაფორის და სიმბოლოს გამეორება არაა მოსაწონი საქციელი. ჩემი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და ლიტერატურული პასუხისმგებლობა ერთმანეთისგან არ გაიყოფა. ერთია, სხვანაირად არ კეთდება ხელოვნება – უამრავ პასუხისმგებლობათა ჯამია. სხვანაირად არც ხარისხია და არც არაფერი. ასე რომ, იგივეს გამეორებას მე არ ვაპირებ“, – თქვა ზვიად რატიანმა სასამართლო პროცესზე.

ზვიად რატიანს ბრალი დღეს, 25 ივნისს წარუდგინეს. პროკურატურის თანახმად „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 23 ივნისს, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ზვიად რატიანი თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანამშრომელს.“

პოეტს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებიან, რაც სასჯელის სახედ 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend