მთავარისაქართველოდიპლომატები დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე

დიპლომატები დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე

პარლამენტში „ქართული ოცნების“ ინიციატივით შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა  გაიმართა, რომელზეც „2012-2025 წლებში ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიზნების საზიანოდ განხორციელებული ქმედებები“ განიხილეს.

სხდომაზე მოუსმინეს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილსა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების ქვეკომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს, გივი მიქანაძეს.

პოლიტიკოსების განცხადებით, 2025 წლის იანვარში, ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების კონკრეტული წარმომადგენლები შუამდგომლობდნენ ევროპის საბჭოში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის უფლებამოსილების არცნობის საკითხს.

გივი მიქანაძემ ქართული დელეგაციის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებსა და ქართული ოპოზიციის მხარდაჭერაში დაადანაშაულა ევროპის საბჭოში უკრაინისა და შვედეთის წარმომადგენლობები.

„სხვადასხვა პოლიტიკოსსა და პოლიტიკურ ჯგუფთან მაქსიმალურად აქტიური კომუნიკაცია ჰქონდათ თინა ბოკუჩავას, სალომე სამადაშვილს, ზურაბ ჭიაბერაშვილს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს. ასევე მათ შორის იყვნენ გიორგი კანდელაკი – სავარაუდოდ, არასამთავრობო ორგანიზაცია „სოვლაბის“ წარმომადგენლის სტატუსით, ნინო დოლიძე „სამართლიანი არჩევნებიდან“, ნონა ქურდოვანიძე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან“, გიორგი ბურჯანაძე, თინა ხიდაშელი… ეს კომუნიკაცია ძირითადად მიმდინარეობდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კორიდორებში – ისინი კატეგორიულად აყენებდნენ საკითხს, რომ ევროპის საბჭოში საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება არ უნდა ყოფილიყო ცნობილი…“- განაცხადა გივი მიქანაძემ.

გივი მიქანაძის მსგავსად, ევროპის საბჭოში ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების საქმიანობა შეაფასა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა. ამ კონტექსტში მან საქართველოს მეხუთე პრეზიდენტზე, სალომე ზურაბიშვილზეც ისაუბრა. დიპლომატი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ ოპონენტებმა სალომე ზურაბიშვილის ფაქტორი „ლეგიტიმაციის ინსტრუმენტად“ გამოიყენეს.

„არ შეიძლება არ ითქვას სალომე ზურაბიშვილის ფაქტორი, რომელიც აქტიურად გამოიყენეს სწორედ იმისთვის, რომ ინსტრუმენტი გამხდარიყო ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით და ის მხოლოდ ის ყოფილიყო ლეგიტიმური.

რეალურად, ყველა ეს კამპანია მიმართულია ქართული სახელმწიფოს, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. როდესაც არ აღიარებ ცესკოს, სასამართლოს, პარლამენტს და მერე ამბობ, რომ რაღაც სიკეთე გინდა ამ ქვეყნისთვის, უბრალოდ, არალოგიკურია. თუ გინდა, ქართველმა ხალხმა მიიღოს სიკეთე, მაშინ, პატივი უნდა სცე მათ არჩევანს… თუმცა, ჩვენ ვხედავთ, რომ სწორედ აქ იყოფა მათი შეხედულებები – ვინ არის მათთვის ხალხი და ვინ არ არის ხალხი, ცოტა უჭირთ კიდეც ეს, თუმცა, ამის მცდელობები კვლავ არის…“ – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend