საპროტესტო აქციებისას ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი სხდომა გაიმართა. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა პროცესი ისე დაასრულა, რომ საქმეში წარმოდგენილი მოწმეები არ გამოკითხულან.

მან ყველა ბრალდებულს დამატებითი სახაზინო ადვოკატი დაუნიშნა. მანამდე ერთ-ერთმა ბრალდებულმა ირაკლი ქერაშვილმა სხდომის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, რადგან მისი ადვოკატი, რევაზ აჭარაძე პროცესს არ ესწრებოდა. ნინო გალუსტაშვილმა ირაკლი ქერაშვილს განუმარტა, რომ თუ იგი სხდომას დატოვებდა, სასამართლო მას ადვოკატს სახაზინო წესით დაუნიშნავდა.
კიდევ ერთი ბრალდებულის, რევაზ კიკნაძის, ადვოკატმა გუჯა ავსაჯანიშვილმა სხდომაზე განაცხადა, რომ რევაზ აჭარაძემ სასამართლო ერთი თვით ადრე გააფრთხილა, რომ ამ სხდომაზე დასწრებას ვერ მოახერხებდა. ადვოკატის თქმით, სასამართლომ ივნისში დამატებით ორი პროცესი დაცვის მხარესთან შეთანხმების გარეშე ჩანიშნა. სხდომათა თარიღებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციები გამოთქვეს სხვა ადვოკატებმაც, რის შემდეგაც ნინო გალუსტაშვილმა განაცხადა, რომ საქმეში ყველა ბრალდებულს დამატებით სახაზინო წესით დაუნიშნავს ადვოკატს.
მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას ადვოკატების შუამდგომლობა მოჰყვა ნინო გალუსტაშვილის საქმიდან აცილებასთან დაკავშირებით. სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და დღევანდელი სხდომა დაასრულა.
დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ბრალს არც ერთი დაკავებული არ აღიარებს.