„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე 7 თვით პატიმრობა მიუსაჯა. მას ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება.
გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მიიღო. თავად გიორგი ვაშაძე განაჩენის გამოცხადებას არ ესწრებოდა. ის განაჩენს პარტიის ოფისში, თანაგუნდელებთან ერთად ელოდა. სხდომას მხოლოდ დაცვისა და ბრალდების მხარეები ესწრებოდნენ. გიორგი ვაშაძე საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე დაიბარეს, სადაც ის არ გამოცხადდა. ამის გამო მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინეს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს და ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
გიორგი ვაშაძეს დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, აღკვეთის ღონისძიების სახით, ჯერ გირაო შეეფარდა, 50 000 ლარის ოდენობით, რომელიც კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა. დღეს კი, გირაო პატიმრობით შეეცვალა.