ახალი სამთავრობო ცვლილებებით, საქართველოს ეკონომიკის მინისტრად, მარიამ ქვრივიშვილი დაინიშნა. ყოფილი მინისტრი, ლევან დავითაშვილი კი ეკონომიკის მრჩეველთა საბჭოში გააგრძელებს მუშაობას.
გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ეკონომიკურ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩევლის და ეკონომიკური საბჭოს მდივნის თანამდებობაზე, ლევან დავითაშვილი შესანიშნავად იმუშავებს.
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობას დაიკავებს მარიამ ქვრივიშვილი. მას იცნობთ ყველა, შესაბამისად, განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. როგორც მოგეხსენებათ, ის არის მმართველი პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი. დღემდე ის იკავებდა ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობას, სადაც ძალიან დიდი წარმატებით უძღვებოდა ისეთ მიმართულებებს, როგორიც არის ტურიზმი და ავიაცია. დღეს, ფართოვდება მისი საქმიანობის არეალი და დარწმუნებული ვარ, რომ მინისტრის პოზიციაზე ის იქნება ისეთივე წარმატებული, როგორიც იყო შესაბამისი დარგების ხელმძღვანელობისას. წარმატებები მინდა ვუსურვო მას მინისტრის პოსტზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.