ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი უკვე ას დღეზე მეტია გრძელდება. მათი ნაწილი უკვე მე-6 დღეა, შიმშილობს, ერთ-ერთმა მაღაროელმა კი პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და პირი ამოიკერა.
მაღაროელები მათი ოთხი დაკავებული თანამებრძოლის გათავისუფლებას ითხოვენ და ამბობენ, რომ პროტესტს არ შეწყვეტენ. ამავდროულად, აცხადებენ, რომ ჭიათურაში უკიდურესად რთული ეკონომიკური მდგომარეობაა. ამბობენ, რომ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს” მათთვის ამ დრომდე არ დაურიცხავს სამთვიანი სახელფასო დავალიანება.
მაღაროელებმა პროცესში ჩართვის მოთხოვნით არაერთხელ მიმართეს ხელისუფლებას, ისინი ჭიათურის გარდა თბილისშიც მართავდნენ საპროტესტო აქციებს, ითხოვდნენ მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრასა და ჭიათურაში დაკავებული პროტესტის მონაწილე პირების გათავისუფლებას.
პროტესტი 28 თებერვალს დაიწყო. მაშინ, როდესაც კომპანიამ ვეღარ უზრუნველყო ხელფასების დროული და სტაბილური გაცემა. მაღაროელები ამბობენ, რომ კომპანიამ ვალდებულება არ შეასრულა და ხელფასის 60% არ ჩარიცხა. შვიდ მარტს კი დასაქმებულებმა გაიგეს, რომ ჭიათურაში საწარმოო პროცესი აღარ განახლდებოდა, თუმცა 22 აპრილს კომპანიამ განაცხადა, რომ „ჭიათურაში სამთო წარმოების აღდგენა და რეორგანიზაცია დაიგეგმა“. მაღაროელები და სხვა თანამშრომლები გარკვეულ დოკუმენტზე ხელმოსაწერად დაიბარეს, თუმცა მათმა ნაწილმა ხელის მოწერაზე იმ არგუმენტით თქვა უარი, რომ ეს ყველაფერი, მათივე შეფასებით, სამსახურიდან გათავისუფლების ტოლფასია.