ზურა გირჩი ჯაფარიძისთვის შვიდთვიანი პატიმრობის მისჯას ეხმაურებიან კოალიცია “ცვლილებისთვის ლიდერი”, ელენე ხოშტარია და ამ გაერთიანების სხვა წევრები. მათი განცხადებით, მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას მიერ გამოცხადებული განაჩენი სინამდვილეში პოლიტიკური განაჩენია და რომ ამ ქვეყანაში ბრძოლა 7 თვის ვადით ისჯება.
როგორც ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, ყველა ერთად უნდა დადგეს და უნდა დასრულდეს კამათი ადგილობრივი არჩევნების აბსურდულობაზე. „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერები ამბობენ, რომ ისინი არჩეულ პოლიტიკურ კურსს არ გადაუხვევენ და ლიდერების უკანონო პატიმრობის მიუხედავად, ბრძოლას გააგრძელებენ.
„მონა მოსამართლემ, ჯვებე ნაჭყებიამ მიიღო გადაწყვეტილება და გამოაცხადა რომ ამ ქვეყანაში ბრძოლა ისჯება ამ ეტაპზე 7 თვით. პირველ რიგში, მინდა გაგიზიაროთ, რომ ვამაყობთ ჩვენი ლიდერებით, ვამაყობთ იმ ხალხით, ვინც სისტემას ებრძვის არ თანამშრომლობით, არ აღიარებით და კი, მათ უწევთ ამის გამო თავისუფლების შეზღუდვა.
ჩვენ აქ ვაგრძელებთ ბრძოლას. ვიბრძოლებთ ზუსტად იმ პრინციპებით, რის გამოც ზურა ჩაჯდა ციხეში 7 თვით. ველოდებით სხვადასხვა განაჩენს, არ ვიცით, სისტემა რა ტაქტიკას აირჩევს, რას ჩახლართავს.
მინდა მოვუწოდო ყველას ოპოზიციაში, არ აქვს მნიშვნელობა რაში განსხვავდებოდა ჩვენი აზრები ტაქტიკურ საკითხებზე. დღეს არის ერთიანობის, არ თანამშრომლობის, არ აღიარების, ერთად ბრძოლის დრო. ერთადერთი რისიც რეჟიმს ეშინია, არის პრინციპულობა და ერთად დგომა. პოლიტიკურ კონკურენტებს ვუსურვებ არ მოუწიოთ ციხეზე გადიოდეს მათი ბრძოლის გზა, მთავარია ყველა ერთად დავდგეთ. დავასრულოთ კამათი ადგილობრივი არჩევნების აბსურდულობაზე, ამ რეჟიმთან ეს არ არსებობს, ერთად გავაგრძელოთ ბრძოლა, მათ შორის მორალურად გამართულებმა“,-აღნიშნა ხოშტარიამ.
ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რაც მან არ გადაიხადა. აღნიშნულის გამო ის 22 მაისს, სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს.