როგორია ბრიუსელის გეგმა თბილისთან სამომავლო ურთიერთობებში? ამის შესახებ დღეს, 23 ივნისს, ევროკავშირის 27 სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე მსჯელობდნენ.
საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისიის უმაღლესმა წარმომადგენელმა არ გამორიცხა შესაძლო სანქციები საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის წარმომადგენლებზე. განიხილეს შენგენის ზონაში საქართველოსთვის მოქმედი უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერების საკითხიც, თუმცა ბრიუსელში იმეორებენ, რომ მათი მიზანი საქართველოს მოქალაქეების დასჯა არ არის. მინისტერიალზე საქართველოს მოქალაქეების მიმართ მხარდამჭერი გზავნილები ისმოდა.
შეხვედრაზე განიხილებოდა საქართველოს შესახებ ვილნიუსის მიერ შემუშავებული გეგმაც, რომელიც საქართველოს ხელმძღვანელობასთან ურთიერთობების შეწყვეტას, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების შეჩერებასა და სამოქალაქო საზოგადოების დახმარებას გულისხმობს.
ევროპელმა მინისტრებმა საქართველოს საკითხზე შეთანხმებას ორშაბათს ვერ მიაღწიეს, თუმცა ამ საკითხებს მომდევნო მინისტერიალზე მიუბრუნდებიან, რომელიც 1 თვეში გაიმართება.