მომავალ გაზაფხულს უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებია დაგეგმილი და ამასთან უფრო და უფრო იკლებს ვიქტორ ორბანის პოპულისტური მთავრობისადმი მხარდაჭერა. ამ ფონზე კი პრემიერ-მინისტრი სულ უფრო ცდილობს, ამომრჩევლების ყურადღება ერთ ცენტრალურ საკითხზე გაამახვილოს: საფრთხეებზე, რომლებიც მისი თქმით, მეზობელი უკრაინისგან მომდინარეობს.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყების დღიდან ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობამ კიევს პოლიტიკური, ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერა შესთავაზა, ორბანის მმართველობის დროს უნგრეთმა სრულიად განსხვავებული კურსი არჩია.
მან უარი თქვა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე, ისევე როგორც უნგრეთის ტერიტორიის გავლით აღჭურვილობის ტრანზიტის დაშვებაზე და მოითხოვა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემსუბუქება.
გამოკითხვებში მმართველ პარტია „ფიდესისადმი“ მხარდაჭერის კლებასთან და ოპოზიციური ჯგუფების გაძლიერების ფონზე ორბანმა ანტიუკრაინული კამპანია გააძლიერა.
უნგრეთი სავსეა უკრაინის ევროკავშირში გაწევრების წინააღმდეგ მიმართული სამთავრობო ბილბორდებით, რომლებზეც გამოსახულნი არიან ევროპის სახალხო პარტიის ლიდერი მანფრედ ვებერი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაინი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
„შესაბამისი ანალიზის საფუძველზე ჩვენი პოლიტიკური პოზიციაა, რომ უკრაინის მხარდაჭერა ომსა და შემდგომში მისი ევროკავშირში გაწევრების პროცესის მხარდაჭერა უნგრეთის ინტერესებს ეწინააღმდეგება. ჩვენ გვაქვს უფლება, მივიღოთ ეს გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, რომ ბატონმა ვებერმა ევროპარლამენტში განაცხადა, უკრაინელებს ევროკავშირში გაწევრების უფლება აქვთ. ეს შეცდომაა. უკრაინელებს აქვთ უფლება, მიმართონ ევროკავშირს. ხოლო ჩვენ, ვინც ვართ მისი წევრები, გვაქვს უფლება, მივიღოთ გადაწყვეტილება – კი ან არა. ესაა ვითარების სწორი აღწერა. მე არ ვიღებ არანაირ ზეწოლას, არც გარედან და არც უნგრეთის არმიიდან, რომელსაც სურს ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა არა უნგრეთის, არამედ უკრაინის ინტერესების გათვალისწინებით წარმართოს“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
ამასთან, ვიქტორ ორბანი თავის მთავარ პოლიტიკურ მეტოქეს, პიტერ მაგიარს და მის სამხედრო მრჩეველს კიევთან მოღალატეობრივი შეთანხმების დადებაშიც ადანაშაულებს, რაც მისი თქმით, უნგრეთის მთავრობის დამხობას და მის ნაცვლად, პროდასავლური, პროუკრაინული ადმინისტრაციის მოსვლას ისახავს მიზნად.
ორბანი, რომელიც ევროკავშირში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის უახლოეს მოკავშირედ მიიჩნევა, ამბობს, რომ ბრიუსელი და კიევი ერთობლივად ამზადებენ მარიონეტულ მთავრობას უნგრეთში, რათა მომდევნო არჩევნების შემდეგ შეცვალონ ქვეყნის პოლიტიკა უკრაინის მიმართ.
„უნგრეთის ოპოზიციურ პარტიებს უკრაინული კავშირები აქვთ და უკრაინელებს შეუძლიათ მათი გავლით უნგრეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩაერთონ, ეს პრობლემაა და მომავალში ამას უნდა გავუმკლავდეთ“, – განმარტავს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი.
როგორც ზოგი ექსპერტი აფასებს, ორბანის ანტიუკრაინული კამპანიის მთავარი საყრდენი იმის მტკიცებაა, რომ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრება უნგრელების ფრონტის ხაზებზე რუსეთთან ბრძოლის იძულების ტოლფასია.
„თუ უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების უფლებას მივცემთ, ჩვენ მივიღებთ ომს. ხოლო თუ ომი დაიწყება, ამას მოჰყვება შეიარაღებული შეტაკებები. ჯარისკაცები ფრონტზე წავლენ, დაიღუპებიან და კუბოებში დაბრუნდებიან ომიდან, რომელთანაც ჩვენ არაფერი გვაქვს საერთო”, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
უნგრეთის ხელისუფლების ანტიუკრაინული კამპანიის პარალელურად, ორბანი ოპოზიციური ძალების სახიფათო უკრაინის რეპუტაციასთან დაკავშირებას ცდილობს. პრემიერ-მინისტრმა პიტერ მაგიარის პარტიის ერთ-ერთი გავლენიანი წევრი უკრაინის სადაზვერვო სააგენტოსთან ღრმა კავშირში დაადანაშაულა.
როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, ორბანი უკრაინაში ომს 2026 წლის არჩევნებში უპირატესობის მოპოვების მიზნით იყენებს.
უნგრეთის ბრალდებებს უარყოფს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროც. მათი განცხადებით, უნგრეთი დუმს მაშინ, როდესაც პრინციპული, ქმედითი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო, ხოლო მაშინ როდესაც ევროპას დიპლომატია სჭირდება, უნგრეთი უსაფუძვლო ბრალდებებს ავრცელებს.