„არ მგონია, მოსამართლეობა იმისთვის გინდოდათ, რომ რეჟიმისა და ოლიგარქის ხელისუფლებას ემსახუროთ. მოიქეცით ისე, როგორც სინდისი გიკარნახებთ…“ – ასე მიმართა მზია ამაღლობელმა მოსამართლე ნინო სახელაშვილს სასამართლო პროცესზე მის წინააღმდეგ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გადასინჯვისას.
მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელი კვლავ პატიმრობაში დატოვა. იგი კვლავ ბრალდების პოზიციას მიემხრო, რომლის თანახმადაც, მზია ამაღლობელის მიერ „ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არ შესუსტებულა, და შესაბამისად, პატიმრობა ძალაში უნდა დარჩეს“.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელისთვის შეფარდებული პატიმრობა უკვე მეექვსეჯერ გადაისინჯა.
„სამწუხაროდ, სრულ ფიქციად იქცა და შეურაცხმყოფელიც არის ამ პროცესში მონაწილეობა. სჯობს, სასამართლომ საერთოდ თქვას, რომ ფორმალურადაც არ განიხილავს ამ საქმეს… ყველაზე კარგად მზია ამაღლობელმა უთხრა სასამართლოს – „მე არ ვითხოვ გულმოწყალებას – მოიქეცით ისე, როგორც სამართალი და სინდისი გიკარნახებთო…“ რამე განსაკუთრებული მოხდა და არ ველოდი-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ ყოველ ჯერზე რაღაც პროფესიული მოლოდინი მაინც მაქვს, რომ ადამიანი ამას უკვე ვეღარ გააკეთებს, ვეღარ დაძლევს და ასეთ უკანონობაზე ვეღარ წავა, თუმცა ყოველ ჯერზე იმედგაცრუებული ვარ. სასამართლო მოიქცა ისე, როგორც ყველა სასამართლო იქცევა ამ ქვეყანაში და მზია არა პატიმრობაში, არამედ ტყვეობაში დატოვა”, – განაცხადა ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ.
ვიდრე სასამართლო აღკვეთის ღონისძიების საკითხს განიხილავდა, სხდომაზე დაცვის მხარის მოწმეს მოუსმინეს – მხარეთა კითხვებს აკაკი გვიანიძემ უპასუხა. იგი ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია და მონაწილეობდა 11-12 იანვარს ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაში, სადაც მზია ამაღლობელი ორჯერ დააკავეს.
მოწმემ გაიხსენა, როგორ ვითარდებოდა მოვლენები ჟურნალისტის დაკავებამდე და რა უძღოდა წინ მზია ამაღლობელის ჯერ ადმინისტრაციული, შემდეგ კი სისხლის სამართლის წესით დაკავებას.
მოწმის გამოკითხვის შემდეგ სასამართლო დაცვის მხარის წერილობით მტკიცებულებებს იკვლევდა. სხდომაზე ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ დაპატიმრების შემდეგ მზია ამაღლობელის მხედველობა მარჯვენა თვალში 30%-იდან 10%-მდე ჩამოვიდა, ხოლო მარცხენა თვალში მხედველობის დონე 0.04%-ია, რაც ფაქტობრივად სინათლე-სიბნელის გარჩევის დონეს არ ცდება.
საქმეზე ბრალდების მხარის მოწმეთა გამოკითხვა უკვე დასრულებულია. რაც შეეხება დაცვის მხარის მოწმეებს – სასამართლოს წინაშე მომდევნო სხდომებზე კიდევ რამდენიმე მათგანი წარდგება. მათ შორის გამოცემა „ბათუმელების“ რედაქტორი, ეთერ თურაძე და თავად მზია ამაღლობელი.
მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. ავტორიტეტიანი გამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“, დამფუძნებელი ხუთ თვეზე მეტია პატიმრობაშია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
საქმეზე მომდევნო სხდომა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 4 ივლისს ჩანიშნა.