ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში ყოველთვიურ მინისტერიალზე შეხვდნენ. გეოპოლიტიკურ საკითხებთან ერთად განხილეს საქართველო და ის გეგმა, რომელიც ვილნიუსმა საქართველოს თაობაზე წარადგინა. ეს გეგმა ქვეყნის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ სანქციებსა და ფინანსური დახმარების შემზღუდავ ზომებს მოიცავს.
რადიო თავისუფლების ბრიუსელის ბიუროს ხელმძღვანელი რიკარდ იოზვიაკი წერს, რომ განიხილება ევროკომისიის მხრიდან საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების შესაძლო შეჩერების თაობაზე ანგარიშის მომზადებაც.
„დღეს მინისტრებთან ერთად განვიხილეთ მზარდი რეპრესიები საქართველოში, მათ შორის, ოპოზიციურ ლიდერებსა და მედიაზე თავდასხმა. ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ სამომავლო შემზღუდავი მექანიზმები მათ წინააღმდეგ, ვინც ამაზე პასუხისმგებელია”, – აღნიშნა კაია კალასმა.
კითხვაზე, თუ რა შეფასებას მისცემს 23 ივნისს საქართველოში ოპოზიციური ლიდერების დაკავებას, ევროკომისარი პასუხობს:
„ვიმსჯელეთ სანქციებზე იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც ამგვარ ქმედებას ახორციელებს. თუ შევხედავთ პროტესტის მონაწილეებისთვის გამოტანილ განაჩენს, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ის საგანგაშო – არც ვიცი, არის თუ არა ეს სწორი სიტყვა – არაპროპორციულია. ეს კი ნიშნავს, რომ მართლმსაჯულების სისტემა ამ რეპრესიული მანქანის ნაწილია. ვიმსჯელეთ იმ მოსამართლეების სანქცირების თაობაზეც, რომლებიც ამგვარ ქმედებას ჩადიან.
ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხები დღეს და დავუბრუნდებით მათ უკვე ივლისში. ამ წუთას ჩვენ ვერ მივაღწიეთ შეთანხმებას, ვიმედოვნებ, რომ სწორედ ამ დროისთვის ამ საკითხზე გარკვეული პოზიცია გამოიკვეთება. დისკუსია ეხება იმას, ვსჯით თუ არა ამით საქართველოს. ჩვენი განზრახვა არ არის ქართველი ხალხის დასჯა, ჩვენი მიზანია, დავსაჯოთ ის კონკრეტული ადამიანები, რომლებიც საქართველოში ადამიანის უფლებებს არღვევენ”, – აღნიშნა კალასმა.