მთავარისაქართველოგანაჩენი ოპოზიციონერი ლიდერებისთვის

განაჩენი ოპოზიციონერი ლიდერებისთვის

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველოს” ცენტრალურ ოფისთან მისულმა სამართალდამცველებმა დააკავეს.

სასამართლო განჩინების გაცნობის შემდეგ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს ბორკილები დაადეს. რვათვიანი თავისუფლების აღკვეთის მიზეზი „ქართული ოცნების“ ინიციატივით შექმნილი დროებითი საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობაა. პატიმრობის გარდა ორივე პოლიტიკოსს ორი წლით საჯარო თანამდებობის დაკავება აეკრძალა.

კოალიციის შტაბ-ბინაში მივიდნენ სხვა ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებების ლიდერები და საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი. შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე კი შინაგან საქმეთა სამინისტროს ათობით ეკიპაჟი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის კუთვნილი ავტობუსები იყო მობილიზებული. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო განაჩენის გამოცხადებამდე მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ თქვეს, რომ წინააღმდეგობის გაწევას არ აპირებდნენ.

„მიუხედავად ნებისმიერი გადაწყვეტილებისა, ძალიან მკაფიოდ ვუგზავნი ამ გზავნილს ბიძინა ივანიშვილს – არ არსებობს ძალა, რომ მე და ჩემს გუნდს შენი შეგვეშინდეს, ეს მე ვთქვი და კიდევ ვიმეორებ. ეს ბრძოლა არის ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის, თავისუფლებისთვის, თავისუფალ სამყაროსთან ინტეგრაციისთვის და არა ისეთ ქვეყნებთან, რომელთა ლიდერების პანაშვიდზე ე.წ. პრემიერ-მინისტრს აგზავნიან. ეს არის ბრძოლა, ეს არის ჩვენ შორის განსხვავება. ეს არის ის, რისთვისაც ჩვენ პოლიტიკაში ვართ.

5 წელი დაგვდევდი, რომ 12-წლიანი მუხლი მოგესაჯა. არ დაგვიტოვებია ქვეყანა და გეუბნები, არც ახლა ვაპირებთ ქვეყნის დატოვებას“, – განაცხადა „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ დაკავებამდე გამართულ ბრიფინგზე.

ცოტა ხნით ადრე კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის საქმეზე განაჩენი გამოაცხადა მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ. გამოძიება მასაც დროებით კომისიაზე გამოუცხადებლობას ედავებოდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ზურა ჯაფარიძე ციხეში 7 თვეს გაატარებს, ხოლო საჯარო თანამდებობას ორი წლის განმავლობაში ვერ დაიკავებს.

პოლიტიკოსებისთვის შეფარდებულ პატიმრობას გამოეხმაურნენ კოალიცია „ცვლილებისთვის“ სხვა ლიდერები და ოპოზიციას ერთიანობისკენ მოუწოდეს.

„სრული სოლიდარობა ყველას. უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა ზუსტად იმავე შემართებით – არ აღიარება, არ მიღება, დელეგიტიმაცია და ამ ხალხის ჩამოშორება“, – ნათქვამია კოალიცია „ცვლილებისთვის“ განცხადებაში.

თეა წულუკიანის თავმჯდომარეობით მოქმედ საპარლამენტო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დაკავებული არიან და განაჩენს ელოდებიან ნიკა მელია და ნიკა გვარამია. ნიკა მელიას პროკურატურამ 20 ივნისს აღკვეთის ღონისძიების სახედ ორ წლამდე პატიმრობა შეუფარდა მოსამართლე ირაკლი შვანგირაძისთვის წყლის შესხმის ეპიზოდზეც.

უცნობია გიორგი გახარიას ბედი, რომელმაც საზღვარგარეთ ყოფნის გამო კომისიაზე დასწრება დისტანციური ფორმატით მოითხოვა, რაზეც უარი ეთქვა. თეა წულუკიანმა ექსპრემიერს „ჩორჩანას ეპიზოდზე“ გამოსაკითხად „გონივრული ვადა“ 2 ივლისამდე მისცა.

კომისიის თავმჯდომარის განცხადებას პარტიამ „საქართველოსთვის“ ბრიფინგით უპასუხა და თქვა, რომ გიორგი გახარია არც 2 ივლისს იქნება საქართველოში, ამიტომ კვლავ მოითხოვენ მის დისტანციურ ფორმატში ჩართვას.

„გიორგი გახარია ერთხელ უკვე იყო კომისიაზე, სადაც ისაუბრა ჩორჩანაზე, ამის შემდეგ არაერთხელ გამოხატა მზაობა ე.წ. კომისიის სხდომაში დისტანციურად მიეღო მონაწილეობა, რის შესაძლებლობაც გათვალისწინებულია კომისიის დებულებით და ზუსტად ასეთი შემოთავაზება თავად კომისიისგან ერთხელ უკვე მიიღო პირველი მიწვევის დროს.

ე.წ. „კომისიამ“ მისი მუშაობის განმავლობაში პირველად თავად განაცხადა უარი, მოესმინა გიორგი გახარიასთვის, როცა სხვებს ამის შესაძლებლობას აძლევს. ცხადი ხდება, რომ შეშინებული და არაადეკვატურობის ზღვარზე მყოფი „ოცნება“ თავად გაურბის „ჩორჩანაზე“ საჯაროდ საუბარს, რადგან ცხადი გახდება, ვინ ღალატობს ქართულ, ეროვნულ ინტერესებს და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას.

კომისიის დღევანდელი გადაწყვეტილებაც დასტურია, რომ მათ არ სურთ, ჩორჩანას საქმეზე გიორგი გახარიას მოუსმინონ. 2 ივლისსაც მზაობას ვაცხადებთ დისტანციურად ვისაუბროთ ჩორჩანაზე“, – განაცხადა პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა ბერდია სიჭინავამ.

სასამართლოს გადაწყვეტილებებს „ქართული ოცნება“ სამართლებრივად სწორს უწოდებს. ირაკლი კობახიძე კი ოპონენტებს კვლავ ე.წ. „დიფ სთეითის“ აგენტებად მოიხსენიებს და ამბობს, რომ „ყველა, ვინც საპარლამენტო კომისიას არ აღირებს, ციხეში წავა“.

„როდესაც ადამიანი სჩადის კანონდარღვევას, მითუმეტეს, სისხლის სამართლის დანაშაულს, ბუნებრივია, იქნება რეაგირება – თუ [პარლამენტის კომისიას] არ აღიარებენ, წავლენ ციხეში!“ – განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend