მთავარისაქართველო„ევროკავშირი ქართველი ხალხის მხარესაა” - ბრიუსელში ევროპელი დიპლომატები ხვდებიან

„ევროკავშირი ქართველი ხალხის მხარესაა” – ბრიუსელში ევროპელი დიპლომატები ხვდებიან

ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს. განხილვის ერთ-ერთი საკითხი საქართველოა. ის, თუ როგორ უნდა  გააგრძელოს ბრიუსელმა თბილისთან ურთიერთობა,

ამ საკითხზე 6 პუნქტიან გეგმას წარადგენს ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი. მისი განცხადებით, ნაბიჯები შეიძლება გულისხმობდეს როგორც საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების დახმარებას, ისე სავიზო რეჟიმის გადახედვასაც.

“ლიეტუვის ინიციატივით, ვთავაზობთ ექვს პუნქტს თუ როგორ გავაგრძელოთ მუშაობა საქართველოსთან დაკავშირებით, რადგან ქვეყანაში ჰუმანიტარული მდგომარეობა უარესდება და ახლა სწორი დროა ამის გასაკეთებლად.საქართველოსთან დაკავშირებით ჩვენი შეთავაზებები და ხედვები უკვე წარმოვადგინეთ და ამას კოლეგებთან ერთად პირადადაც განვიხილავთ. ეს გულისხმობს, როგორც სამოქალაქო საზოგადოების დამატებით დახმარებას, ისე საქართველოსთვის მოქმედი სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხის გადახედვას”, – აღნიშნა ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრმა,  კესტუტის ბუდრასმა.

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისიის უმაღლესი წარმომადგენელი კი საუბრობს კონკრეტული პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე. კაია კალასმა შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებით დამატებით ზომებზე მსჯელობს. მისი თქმით, სანქციების გარდა ერთ-ერთ მექანიზმად სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხის გადახედვაც რჩება.

“დღეს ჩვენ განვიხილავთ საქართველოს საკითხსაც. რა თქმა უნდა, ჩვენ ვხედავთ სიტუაციის გაუარესებასა და სხვა განვითარებებს. მე კვლავ წამოვწევ სანქციების საკითხს, იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც ჩადის ძალადობას და არღვევს ადამიანის უფლებებს საქართველოში.  განვიხილავთ იმასაც, თუ დამატებითი რისი გაკეთება შეგვიძლია, რადგან საქართველო არ დგას სწორ გზაზე.  რაც შეეხება თქვენს შეკითხვას სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შეჩერების საკითხზე, ჩვენ ამას დეტალურად დღეს არ განვიხილავთ, მაგრამ ეს რჩება ერთ-ერთ მექანიზმად”,  – აღნიშნა კაია კალასმა.

საქართველოში განვითარებული პოლიტიკური ვითარების გამო წუხილს გამოთქვამენ ევროკავშირის 27 სახელმწიფოს სხვა წევრებიც.

“ევროკავშირი ქართველი ხალხის გვერდში დგას”,  – აღნიშნავს ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

“სამწუხაროდ სიტუაცია საქართველოში უფრო და უფრო გართულდა, განსაკუთრებით კი სამოქალაქო საზოგადოებისა და ქვეყნის თავისუფალი მოქალაქეებისთვის. მაგრამ ევროკავშირი მუდმივად დგას ხალხთან და მათ სურვილთან, იყვნენ დემოკრატიულები, მათი ქვეყანა კი იდგეს ევროპულ გზაზე. ევროკავშირი ქართველი ხალხის მხარესაა და მე ამის გეუბნებით, როგორც ეუთოს თავმჯდომარე სახელმწიფოს, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი”, – ამბობს ელინა ვალტონენი.

”მახარებს, რომ საქართველო ისევ დგას დღის წესრიგში დღევანდელი საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე. ეს მნიშვნელოვანია, რადგან არსებობს ნეგატიური ტენდენცია, ჩვენი შეშფოთება კი მატულობს. მე ნამდვილად მადარდებს ქართველი ხალხი, რომელსაც ასე ძლიერ სურს  იხილოს ევროპული მომავალი. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია”, – განაცხადა ჟურნალისტებთან კასპერ ველდკამპმა, ნიდერლანდების საგარეო მინისტრმა.

ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ევროპის 27 დიპლომატის განხილვის მთავარი თემა ირან-ისრაელის ომია. შეხვედრას ესწრება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრიც, რომელთან ერთადაც ევროპელი მინისტრები განიხილავენ რუსეთის გაძლიერებულ დარტყმებს კიევზე. განსახილვევლ საკითხებს შორისაა ჩინეთი და ევროპის უსაფრთხოებაც.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend