9 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოში მანდატურზე სავარაუდო თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ აქტივისტსა და პედაგოგს, ნინო დათაშვილს, 200-ზე მეტი ლექტორი და მასწავლებელი სოლიდარობას უცხადებს.
მათ ამის შესახებ გაავრცელეს საერთო განცხადებაც, რომლითაც მოითხოვენ, რომ მათ კოლეგას აღკვეთის ღონისძიების უკიდურესი ფორმა – პატიმრობა უფრო მსუბუქი ფორმით შეეცვალოს, ვინაიდან, მათი აზრით, არ არსებობს პატიმრობის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი.
„ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება მასწავლებელთა პროფესიული საზოგადოების მხრიდან აღიქმება ნინოს პოლიტიკურ დევნად”, – ნათქვამია განცხადებაში.
„20 ივნისს სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პოლიციელებმა ყოველგვარი პროცედურული ნორმების დარღვევით, ძალადობრივი ფორმით დააკავეს მასწავლებელი ნინო დათაშვილი. ნინოს დაკავება მოჰყვა 9 ივნისს საქალაქო სასამართლოში განვითარებულ მოვლენებს. მას ედავებიან საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. რეალურად ნინო არავის დასხმია თავს. ის სასამართლოში უკანონო პატიმრების მიმართ სოლიდარობისა და მხარდაჭერის გამოსახატად იყო მისული. მას არ მისცეს სასამართლო პროცესზე დასწრების შესაძლებლობა, შემდეგ კი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე სასამართლოს მანდატურებმა ფიზიკური ძალის უხეში გამოყენებით, უკიდურესად დამამცირებლად და შეურაცხმყოფლად იმოქმედეს მის წინააღმდეგ – სცემეს და პირდაპირი მნიშვნელობით გაათრიეს სასამართლოს შენობიდან. ნინომ თავდაცვის მიზნით მოიქნია ხელი, რაც იყო სრულიად ბუნებრივი და ადეკვატური მოქმედება ამ სიტუაციაში. მანდატურების მხრიდან მსგავსი ძალადობა გამოვლინდა არა მხოლოდ ნინო დათაშვილის, არამედ ბევრი სხვა მოქალაქის მიმართაც, რის შედეგადაც არაერთმა მათგანმა სხეულის მნიშვნელოვანი დაზიანებაც მიიღო.
ნინოს მიმართ სისხლის სამართლის ამ აბსურდული ბრალდების წარდგენის პირობებშიც კი, სრულიად გაუგებარი და დაუსაბუთებელია წინასწარი პატიმრობის გამოყენება. არანაირი სამართლებრივი და ლოგიკური საფუძველი ამისთვის არ არსებობს. ეს დადასტურდა კიდეც 21 ივნისის წინასასამართლო სხდომაზე, როცა პროკურორებმა ვერც ერთი დასაბუთებული არგუმენტი ვერ წარმოადგინეს და პატიმრობის მოთხოვნისას მხოლოდ ზოგადი, ჰიპოთეზური მოსაზრებებით შემოიფარგლნენ.
ნინო დათაშვილი არის ფილოლოგი, თეოლოგი და ქართულისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი. ის არის გამორჩეული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მქონე პიროვნება და ყოველთვის მზად არის საზოგადოებისთვის სასარგებლო და საჭირო აქტივობებში ჩაერთოს. მთელი მისი ცხოვრების მანძილზე ნინო კანონმორჩილებითა და საზოგადო სიკეთეზე ზრუნვით ცდილობს სხვებისთვის მაგალითის მიცემას. ნინო მუდმივად განვითარებაზეა ორიენტირებული, ის ამჟამადაც სწავლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე. ჰყავს ერთი შვილი, რომელიც ამჟამად აბიტურიენტია და მისთვის, როგორც დედისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს პერიოდი შვილის გვერდით გაატაროს.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ ნინო დათაშვილის მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს. ამ ეტაპზე კი მასწავლებლები მოვითხოვთ, ჩვენს კოლეგას, ნინო დათაშვილს, შეეცვალოს მის წინააღმდეგ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების უკიდურესი ფორმა – პატიმრობა, სხვა უფრო მსუბუქი ფორმით, რათა მას მიეცეს შესაძლებლობა ჯეროვნად შეასრულოს მშობლისა და მასწავლებლის მოვალეობები. ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება მასწავლებელთა პროფესიული საზოგადოების მხრიდან აღქმული იქნება ნინოს პოლიტიკურ დევნად, რადგან არსებულ ვითარებაში პატიმრობის გამოყენების არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. შემდგომში კი მოხდეს ამ ინციდენტის ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიება, რის საფუძველზეც აღიძრა ეს აბსურდული სისხლის სამართლის საქმე. უპირობო მხარდაჭერა და სოლიდარობა ნინოს!“ – წერია განცხადებაში.