სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შენობასთან 23 ივნისს საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლის, ალან ყაყიტაშვილის, გარდაცვალების საქმეში მონაწილე პოლიციელების დაკავებას ითხოვენ. ისინი ამბობენ, რომ დაკავებული ყაყიტაშვილი სამართალდამცველებმა აწამეს.
„რამდენიმე დღის წინ პოლიციელებმა საქართველოს მოქალაქე წამებით მოკლეს. პოლიციის განყოფილებაში შეიყვანეს დაკითხვის მიზნით და აწამეს. მე არ მინდა, რომ ჩემი ქვეყანა იყოს ისეთი ქვეყანა, სადაც ასეთი ფაქტები ხდება და არავინ ისჯება ამის გამო. აქ მოვედით ერთი მოთხოვნით, რომ დაისაჯონ ის პოლიციელები, ვინც ეს ჩაიდინა. ალან ყაყიტაშვილი საქმეზე აღდგეს სამართლიანობა”, – ამბობს აქციის მონაწილე დავით მშვენიერაძე.
6 ივნისს ერთ-ერთ რესტორანში მომხდარი ჩხუბის შემდეგ ალან ყაყიტაშვილი და მისი მეგობარი დააკავეს. პოლიციის სამმართველოდან ის კლინიკაში გადაიყვანეს. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ირაკლი ტატუნაშვილმა სასამართლოში გამოკითხვაზე განაცხადა, რომ პოლიციაში გამოკითხვისას ესმოდა ალან ყაყიტაშვილის განწირული ხმა.
„მისი თქმით, პოლიციელები მას სასტიკად გაუსწორდნენ. პოლიციის განყოფილების იმ ოთახში, სადაც შეიყვანეს, დაახლოებით ექვსი პოლიციელი იმყოფებოდა, მათ შორის მაღალი თანამდებობის პირები. გამოკითხვისას ის მძიმედ სცემეს, ძირს დაგდებულს კი ზედ ახტებოდნენ”, – განაცხადა „საქართველოს ევროპული ორბიტის“აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ლომჯარიამ ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე.
მისივე განმარტებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერსიაა, რომ ალან ყაყიტაშვილი დაკითხვაზე შეუძლოდ გახდა, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციები ამ განცხადებას არ ეთანხმებიან და პოლიციელების დასჯას ითხოვენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ საკითხზე ინფორმაცია 11 ივნისს გაავრცელა, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე თქვა, რომ გარდაიცვალა პირი, რომელიც გლდანი-ნაძალადევის სამმართველოში დაკითხვის დროს „შეუძლოდ“ გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს.
„სამართალდამცველებმა სასწრაფო დახმარება დაუყოვნებლივ გამოიძახეს და სტაციონარში გადაიყვანეს. პოლიციამ მომხდარი ფაქტის შესახებ ინფორმაცია მყისიერად მიაწოდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებიდან ორ დღეში ა.ყ., სამწუხაროდ, გარდაიცვალა. პოლიციამ ჯგუფური ძალადობის ბრალდების სამი პირი უკვე დააკავა, მათ შეფარდებული აქვთ პატიმრობა. დანიშნულია ყველა ექსპერტიზა და საგამოძიებო ორგანო ფაქტზე აგრძელებს გამოძიებას“, – განაცხადეს სამინისტროში 11 ივნისს.