ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 19 ივნისს გამოსცა განკარგულება, რომლითაც Tiktok-ის აკრძალვის კანონში გათვალისწინებული სანქციების ძალაში შესვლა კიდევ 90 დღით გადაიდო.
ეს გადაწყვეტილება მის ადმინისტრაციას დამატებით დროს მისცემს იმისთვის, რომ პლატფორმა ამერიკული საკუთრების ქვეშ მოექცეს. ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც დონალდ ტრამპი გადავადების მექანიზმს იყენებს. თავდაპირველად TikTok-ის აკრძალვის შესახებ კანონს ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მოაწერა ხელი. ამ კანონით, TikTok-ის მფლობელ ჩინურ ByteDance-ს ეს პლატფორმა არაჩინური კომპანიისთვის უნდა მიეყიდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, 2025 წლის 19 იანვრიდან აპლიკაცია აშშ-ში აიკრძალებოდა. ტრამპმა აკრძალვის ამოქმედება ჯერ 75 დღით გადადო, შემდეგ კი მეორეჯერ 4 აპრილს – ასევე 75 დღით. მიუხედავად ამისა, სამართლებრივად ნათელი არ არის ის, თუ რამდენჯერ აქვს პრეზიდენტს გადავადების უფლება. საინფორმაციო სააგენტო Associated Press-ის ინფორმაციით, კანონის ამოქმედების ამგვარ გადავადებას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია, თუმცა დღემდე ამ საკითხზე სამართლებრივი დავა არავის დაუწყია.
„როგორც იცით, პრეზიდენტმა დღეს Truth Social-ზე გამოაქვეყნა განცხადება, რომ მან ხელი მოაწერა დოკუმენტს Tiktok-ის აკრძალვის 90 დღით გადადების შესახებ. თეთრი სახლის ადვოკატებმა და იუსტიციის დეპარტამენტმა გადახედეს აღმასრულებელ ბრძანებას და ახლა შემიძლია, რომ ეს ინფორმაცია თქვენც მოგაწოდოთ. განცხადება ჩვენს ვებგვერდზეც არის გამოქვეყნებული. თეთრი სახლის ადვოკატებსა და იუსტიციის დეპარტამენტს მტკიცედ სწამთ ამ აღმასრულებელი ბრძანების იურიდიული დასაბუთება. ასე რომ არ იყოს, პრეზიდენტს დოკუმენტზე ხელმოწერის უფლებას არ მისცემდნენ. ამის პოლიტიკური მიზეზი კი ის გახლავთ, რომ პრეზიდენტი ხალხს დაჰპირდა, რომ ტიკტოკს არ გათიშავდა. ამ აპლიკაციას 100 მილიონი ამერიკელი იყენებს და ძალიან პოპულარულია. მას ასევე სურს, რომ დაიცვას ამერიკელების პირადი მონაცემები და კონფიდენციალურობა და მიაჩნია, რომ ორივე საკითხის მოგვარებაა შესაძლებელი. სწორედ ამიტომ ის ახანგრძლივებს ვადას, რათა შეთანხმების მიღწევა შევძლოთ.“- განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა კეროლაინ ლევიტმა.