მთავარისაქართველო20 ივნისიდან ექვსი წლის შემდეგ

20 ივნისიდან ექვსი წლის შემდეგ

„ჩვენ გვახსოვს!” – საქართველოს პარლამენტის შენობასთან მოქალაქეები შეიკრიბნენ. მათ კიდევ ერთხელ გაიხსენეს ექვსი წლის წინ, 2019 წლის 20 ივნისის მოვლენები, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ანტისაოკუპაციო აქცია დაშალა.

შეკრებილთა თქმით, 20 ივნისის მოვლენები “ქართული ოცნების” რეპრესიული და ძალადობრივი პოლიტიკის “პირველი გამოვლინება” იყო.

6 წლის წინ, მოქალაქეთა პროტესტი საქართველოში რუსეთის დუმის დეპუტატისა და „კომუნისტური პარტიის“ წევრის, სერგეი გავრილოვის ვიზიტი გახდა. მართლმადიდებლური საპარლამენტო ასამბლეის მიმდინარეობისას, ის საკანონმდებლო ორგანოში შეკრებილ სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიმართავდა.

მაშინ ოპოზიციის წევრები პარლამენტის სხდომათა დარბაზში შევიდნენ, სერგეი გავრილოვთან მივიდნენ და მას ადგილი დაატოვებინეს. საკანონმდებლო ორგანოში კი ღონისძიება შეწყდა. ოპოზიციონერი დეპუტატების პროტესტმა ქუჩაში გადმოინაცვლა. 2019 წლის 20 ივნისის საღამოს, მათ და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა მასშტაბური საპროტესტო აქციის შესახებ განაცხადეს, სახელწოდებით – „სირცხვილია!“

ვიდრე მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებოდნენ, რუსმა დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა, რუსულ დელეგაციასთან ერთად საქართველო დატოვა. ამის მიუხედავად, საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან მისულმა მოქალაქეებმა პარლამენტის იმდროინდელი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა, საქართველოს მთავრობისგან კი ახსნა-განმარტება მოითხოვეს.

2019 წლის 20 ივნისის საღამოს, საქართველოს პარლამენტთან შეკრებილებს სიტყვით მიმართეს ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა. მოგვიანებით, საკანონმდებლო ორგანოს შენობის წინა ტერიტორიასთან ვითარება დაიძაბა. პარლამენტში მივიდნენ საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე საქართველოს იმდროინდელი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი გიორგი გახარია. მედიასთან საუბრისას, მამუკა ბახტაძემ მაშინ თქვა, რომ სოციალურ ქსელში და „ნაციონალური მოძრაობის მართულ მედიაში“ ვრცელდებოდა ინფორმაცია რეზინის ტყვიებისა და სხვადასხვა ტიპის გაზის გამოყენებასთან დაკავშირებით. ექსპრემიერი ამბობდა, რომ ეს „ქართული ოცნების” ხელწერა არასოდეს ყოფილა და არც არასოდეს იქნება“. მისი ამ განცხადებიდან რამდენიმე წუთში, პარლამენტის შენობის ეზოდან და თაღების მიმდებარე ტერიტორიიდან, სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა დემონსტრანტების მისამართით, ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების სროლა დაიწყეს.

მედიასაშუალებებისა და მოქალაქეების მიერ გადაღებულ კადრებში ჩანდა, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ზოგიერთი თანამშრომელი რეზინის ტყვიებს დემონსტრანტებს გამიზნულად ესროდა.

სპეციალური საშუალებების გამოყენებით საპროტესტო აქციის დაშლა რამდენიმე საათს გაგრძელდა. რუსთაველის გამზირზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. 21 ივნისის გამთენიისას, დემონსტრანტები, რომლებიც საპოლიციო ძალებს წინააღმდეგობას უწევდნენ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ წყლის ჭავლის გამოყენებითაც დაშალა.

დემონსტრაციის დარბევისას, მედიის 30-მდე წარმომადგენელი დაშავდა. მათი ნაწილი მძიმედ. სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება 240-მდე მოქალაქემ მიიღო. სპეციალური დანიშნულების რაზმის მიერ გასროლილი რეზინის ტყვიებით ორმა მოქალაქემ, მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა, თვალი დაკარგა. აქციის კიდევ ოთხ მონაწილეს კი მხედველობა დაეკარგა.

საპროტესტო დემონსტრაციის დაშლის მეორე დღეს, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა, კახა კალაძემ საზოგადოებას პარტიის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება გააცნო, რომლის მიხედვითაც ირაკლი კობახიძემ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. შინაგან საქმეთა იმდროინდელმა მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ დემონსტრაციის დაშლის მიზეზი „პარლამენტის შენობაზე შტურმი“ გახდა.

2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შემდეგ, რუსთაველის გამზირზე პროტესტი არ შეწყვეტილა. დემონსტრანტთა მოთხოვნებს პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა, ასევე სრულად პროპორციული არჩევნები დაემატა.

„ნაციონალური მოძრაობის“ იმდროინდელ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას, სახელმწიფო პარლამენტის შენობაზე შტურმს ედავებოდა, რის გამოც ოპოზიციონერ პოლიტიკოსს პატიმრობა შეეფარდა.

2019 წლის აგვისტოში, „ქართულმა ოცნებამ“ დადო პირობა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდებოდა. ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები 2019 წლის ნოემბერში ჩავარდა. წინააღმდეგი „ქართული ოცნების“ 40 დეპუტატი იყო. მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას კვლავ ქუჩის პროტესტი, პარლამენტის შენობის პიკეტირება და „ქართული ოცნებიდან“ რამდენიმე წევრის წასვლა მოჰყვა. საპოლიციო ძალებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები 2019 წლის ნოემბრის დემონსტრაციების დროსაც გამოიყენეს.

20 ივნისის საქმეზე, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ, მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ერთდროულად რამდენიმე მუხლის, მათ შორის ევროპული კონვენციის მესამე მუხლის დარღვევა დაადგინა. სტრასბურგმა ასევე გაიზიარა უფლებადამცველების პოზიცია არაეფექტურ გამოძიებასთან დაკავშირებით. ევროსასამართლომ, დაზარალებულთა სასარგებლოდ, სახელმწიფოს 150 000-ზე მეტი ევროს კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, გიორგი გახარიას „ქართული ოცნების“ წევრები 20 ივნისის მოვლენებზე არაერთხელ დაუპირისპირდნენ.

პარლამენტში, მმართველი პარტიის ინიციატივით შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის ერთ-ერთი განსახილველი საკითხიც სწორედ 2019 წლის 20 ივნისის დემონსტრაციის დაშლა გახდა. 2025 წლის 15 აპრილს კომისიის შემადგენლობამ ექსპრემიერსა და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, გიორგი გახარიას მოუსმინა. მან თქვა, რომ რეზინის ტყვიების სროლის ბრძანება მას არ გაუცია. ამავე საკითხზე მიმდინარე წლის 19 ივნისს კომისიის სხდომაზე დაიკითხა პრემიერ-მინისტრის აპარატის ყოფილი უფროსი გიორგი ჭოლაძე. მისი თქმით, გიორგი გახარია არ იყო კომპეტენტური დემონსტრაციების დაშლის მართვაში. ჭოლაძემ კომისიის წევრებს უთხრა, რომ შს ყოფილ მინისტრს აქციის დარბევის გადაწყვეტილება იმდროინდელ პრემიერთან, მამუკა ბახტაძესთან არ განუხილავს.

2019 წლის 20 ივნისის მოვლენებიდან ექვსი წლის თავზე, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, 20 ივნისის აქციაზე „სრულად გაცხადდა პოლიტიკის რადიკალიზაციის გეგმა, სტრუქტურა და ფორმა“.

„ის, რომ 2019 წლის 20 ივნისს პარლამენტის სასახლეზე ძალადობრივი შტურმი განხორციელდა, ხუთი წლის თავზე, სტრასბურგის სასამართლომ, მის გადაწყვეტილებაში, საქმეზე „ცაავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ სრულად დაადასტურა. 20 ივნისს ჩვენ დავინახეთ, რომ პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებიც ვერ ახერხებენ არჩევნებში ხალხის მხარდაჭერის მოპოვებას, 2003 წლის ინსტრუქციით მოქმედება და ხელისუფლებაში ქუჩიდან მოსვლა გადაწყვიტეს.“ – წერს შალვა პაპუაშვილი „ფეისბუკზე“.

2019 წლის 20 ივნისს განვითარებულ პროცესებში, პარლამენტის თავმჯდომარემ „ნაციონალური მოძრაობა“ დაადანაშაულა. მანვე ექვსი წლის წინანდელი ანტისაოკუპაციო აქცია ქვეყანაში 2024 წლის ნოემბრიდან მიმდინარე პროევროპულ დემონსტრაციებს შეადარა და ოპოზიციის გარდა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც დაადანაშაულა „რადიკალიზაციასა“ და „ექსტრემიზმში“.

„ექვსი წლის თავზე გადმოსახედიდან ყველაფერი გაცილებით ცხადად და აშკარად ჩანს. მთავარი რაც ჩვენ 20 ივნისს ვნახეთ, ეს იყო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ნაკვები აქტივისტების შერწყმა და მონაწილეობა რადიკალურ პოლიტიკურ სცენარში; ჩვენ ვნახეთ უცხოელების ჩართულობა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში, მათ მიერ არამხოლოდ მხარის არჩევა, არამედ დადასტურებულად დამნაშავე მხარის არჩევა და, ისევე როგორც დღეს, ძალადობისა და ექსტრემიზმის გამართლება. მეტიც, ამ მოძალადე ჯგუფების შემდგომი დაფინანსების უზრუნველყოფა. შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას გირაო, სწორედ 20 ივნისის საქმეზე, ევროკავშირის ინსტიტუციამ გადაიხადა. მოგვიანებით, იმასაც შევიტყობთ, რომ 20 ივნისის მოძალადეების – „სირცხვილია“, „დროა“ და სხვები – ორგანიზებულ ჯგუფებად ქცევა და ქუჩის კამპანიების უზრუნველყოფა მთლიანად უცხოურმა დონორულმა ორგანიზაციებმა მოახდინეს.

20 ივნისის მთელი მორალი მდგომარეობს იმაში, რომ ყველაფერი, რასაც დღეს ქუჩაში ვხედავთ, ოდიოზურ გამოსვლებს, ფსევდო-პროტესტის მარაზმატულ ფორმებს, რომლებიც ჩვენი, თუნდაც საპროტესტო ტრადიციის არც ეთიკას და არც ესთეტიკას არ შეესაბამება, აბსოლუტურ რადიკალიზაციას, ექსტრემიზმს, კულტურისა და ცივილიზაციის გაუქმებას, ყველა ამ ქცევის დასაწყისად სამართლიანად შეგვიძლია მივიჩნიოთ 2019 წლის 20 ივნისის ძალადობრივი შტურმი პარლამენტზე.“ – დაწერა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ფეისბუკზე“.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:52
spot_imgspot_img
Send this to a friend