“ვიცავთ მედიას, ვიცავთ თავისუფლებას!” – ამ ლოზუნგით, მედიის მიმართ სოლიდარობის ნიშნად, დღეს აქცია გაიმართა კომუნიკაციების კომისიასთან.
ეს სწორედ ის ადგილია, სადაც დღეს 19 ივნისს, განიხილებოდა “ქართული ოცნების” საჩივარი სამი ტელეკომპანიის – “ფორმულას”, “მთავარი არხისა” და “ტვ პირველის” წინააღმდეგ. მმართველი გუნდის განცხადებით, მათ შეუსაბამო ტერმინები გამოიყენეს და დაარღვიეს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 54-ე მუხლი, რომელიც ეხება სამართლიანობასა და მიუკერძოებლობას.
პროტესტის მონაწილეები კი აცხადებენ, რომ ამ და სხვა ნაბიჯებით, ხელისუფლება ცდილობს მედიის გაჩუმებასა და ცენზურის დაწესებას.
“ჩვენს რეალობაში არის მარტო დამოუკიდებელი მედია, დანარჩენი არის პროპაგანდა. მდგომარეობა რთულია. მთავარი მიზეზი თუ რატომ არის მედია, აქტივისტებთან და პოლიტპატიმრებთან ერთად თავდასხმის ობიექტი, არის ის, რომ ისინი აშუქებენ თუ რა ხდება ქვეყანაში, მედია ხალხის ხმა არის. ამიტომ მედიას ესხმიან თავს, რომ არ გააშუქოს რა ხდება ქვეყანაში რა რეალური პრობლემები და გამოწვევებია ”- ამბობს მედიის ადვოკატირების კოალიციის ხელმძღვანელი, მამუკა ანდღულაძე.
“ მათი რეალური განზრახვა არის ის, რომ ხელი შეუშალონ დამოუკიდებელ მაუწყებლებს იმუშაონ და მათ წინააღმდეგ გამოიყენონ არაპროპორციული და არაადეკვატური სასჯელები. ეს არის დღეს ჩვენი აქ ყოფნის მიზეზი, გვინდა რომ კომისიის ეს მიმართულება გავაპროტესტოთ და ჩვენი ხმა გავაგონოთ, რომ არ დაუშვან და არ მიიღონ მედიის შემზღუდავი გადაწყვეტილებები და არ გამოიყენონ ეს სანქციები. არაერთი კანონია, რომელიც ცდილობს საქართველოში დამოუკიდებელი მედიები აკრძალოს და გააქროს, ჩვენ ამის მიუხედავად ვაგრძელებთ მუშაობას”- ამბობს “პუბლიკას” რედაქტორი ლიკა ზაკაშვილი.
მედიის მხარდამჭერ აქციაზე, ევროპარლამენტის მიერ დღეს 19 ივნისს მიღებულ რეზოლუციაზეც ისაუბრეს.
“ევროპარლამენტმა სწორედ ახლა მიიღო რეზოლუცია, მზია ამაღლობელსა და ქართულ მედიაზე. ამ რეზოლუციის სრული სულისკვეთება არის ის რომ უპირობოდ და დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ მზია ამაღლობელი და ასევე შეწყდეს “ქართული ოცნების” რეპრესიული პოლიტიკა ქართული მედიის მიმართ და იმ უამრავი უკანონობის მიმართ რაც განხორციელდა მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ”, – ამბობს „ნეტგაზეთის“ მთავარი რედაქტორი ნესტან ცეცხლაძე.
მედიის მხარდამჭერ აქციაზე მოქალაქეებს თან ჰქონდათ ბანერები, რომლებიც მათ მთავარ სათქმელს გამოხატავდა.
აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებდნენ გამოცემების „ბათუმელებისა“ და “ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს მზია ამაღლობელს, მათ ჟურნალისტის ფოტოები ეჭირათ, რომლებზეც მისი სიტყვები ეწერა.