სომხეთმა რუსეთს ოფიციალური დიპლომატიური ნოტა გაუგზავნა, სადაც შეშფოთება გამოთქვა მის შიდა საქმეებში „პირდაპირი ჩარევის“ გამო. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც რუსეთის ტელევიზიით გადაიცა რუსი-სომეხი ბიზნესმენის, სამველ კარაპეტიანის დაპატიმრების შესახებ ინფორმაცია.
საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა, ოთხშაბათს განაცხადა, რომ ნოტა კონკრეტულად ეხებოდა იმას თუ როგორ გააშუქა საკითხი რუსეთის სახელმწიფო მედიამ და ასევე იმ განცხადებებს, რომელიც საკითხზე რუსმა კანონმდებლებმა გააკეთეს.
„ჩვენ, სომხეთის რესპუბლიკა, ამას არა მხოლოდ სომხეთ-რუსეთის ტრადიციულ ურთიერთობებთან წინააღმდეგობაში, არამედ სომხეთის შიდა საქმეებში პირდაპირ და ღია ჩარევად და ჩვენი სუვერენიტეტისა და დემოკრატიის წინააღმდეგ თავდასხმად მივიჩნევთ“, – თქვა მირზოიანმა და დასძინა, რომ ნოტა უკვე გადაეცა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს.
სამშაბათს საღამოს, სახელმწიფო ტელეარხმა ეთერში გაუშვა გადაცემა, რომელსაც კრემლის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პროპაგანდისტი, ვლადიმერ სოლოვიოვი, უძღვებოდა. გადაცემა მილიარდერ სამველ კარაპეტიანის ერევანში დაკავებას ეხებოდა. სოლოვიოვმა, რომელმაც სომხეთში მთავრობის დამხობის წაქეზებაში ბრალდებული კარაპეტიანი თავის ახლო მეგობრად მოიხსენია, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი გალანძღა დაემუქრა, რომ სომხეთმა „შესაძლოა, დამოუკიდებელი ქვეყნის სახით არსებობა შეწყვიტოს“.
გადაცემის შემდეგ, სომხეთის მაღალი ტექნოლოგიების მინისტრმა მხითარ ჰაირაპეტმა განაცხადა, რომ სომხეთი მიიღებს საკანონმდებლო და ტექნიკურ ზომებს ქვეყანაში რუსული სახელმწიფო პროპაგანდის დასაბლოკად. სალავიოვის გადაცემა უკვე ამოღებულია სომხეთის საზოგადოებრივი მაუწყებლობიდან, თუმცა კვლავ ხელმისაწვდომია საკაბელო და ონლაინ პლატფორმების საშუალებით.
რუსეთი და სომხეთი ორმხრივი შეთანხმებით არიან შეკავშირებულნი, რომელიც ორივე მხარეს ავალდებულებს, თავიდან აიცილონ და თავი შეიკავონ ერთმანეთის მიმართ სიძულვილის ენისა და მტრული რიტორიკისგან საზოგადოებრივ ტელევიზიაში. ამ შეთანხმების ფარგლებში, სომხეთში უფასოდ სამი რუსული სახელმწიფო ტელეარხი მაუწყებლობს. შეთანხმება ბოლოს 2021 წელს განახლდა.
თუმცა სომხური მხარე ამბობს, რომ რუსეთი ამ შეთანხმებას ხშირად არღვევს.