წესდებები, ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალა, ე.წ. „ქარდები“, Facebook-ის პოსტები, დაფინანსებული პროექტები – ეს ის ინფორმაციაა, რომელიც ანტიკორუფციულ ბიუროს ხუთი არასამთავრობო ორგანიზაციის წინააღმდეგ მტკიცებულებად აქვს წარმოდგენილი.
„სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ შემთხვევაში კი, მტკიცებულებებს შორისაა ევროპარლამენტის სხდომაზე 4 ივნისს, ასევე ჰელსინკის კომისიაში ფონდის თანამშრომელთა სიტყვის გამოსვლის შესახებ ინფორმაციაც.
რაჟდენ კუპრაშვილის უწყების მიერ დაწყებულ გამოძიებას, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მორიგი განცხადებით პასუხობენ. ერთობლივ მიმართვაში ისინი წერენ, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს დაუმორჩილებლობას უცხადებენ.
რამდენიმე მათგანმა 19 ივნისს ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
„ეს მოთხოვნა არ ეფუძნება არც სამართლებრივ საფუძველს და არც ლეგიტიმურ ინტერესს. იგი წარმოადგენს პოლიტიკური ანგარიშსწორების მექანიზმს და მიზნად ისახავს კრიტიკული აზრის ჩახშობას. მოთხოვნილი ინფორმაცია მოიცავს ჩვენს ბენეფიციარებზე – მათ შორის ქალებზე, ბავშვებზე, ძალადობის მსხვერპლზე, უმცირესობებსა და სოციალურად დაუცველ ადამიანებზე – პირად, საბანკო, სამედიცინო და სოციალური მონაცემებს. მათი დაცვა ჩვენი პროფესიული და მორალური ვალდებულებაა.
ჩვენ ვაცხადებთ მკაფიოდ და ერთხმად – ამ ბრძოლაში არავინ რჩება მარტო. სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული ეს იდეოლოგიური და ინსტიტუციური დევნა წარმოადგენს რუსული მოდელის პირდაპირ კოპირებას. ჩვენ არ დავუთმობთ საქართველოს მომავალს – არც ივანიშვილის რეჟიმს, არც მურუსიძის სასამართლოს, არც პუტინისა და ლუკაშენკოს ავტორიტარულ სისტემას.“ – წერია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში.
სასამართლო განჩინებით დგინდება ისიც, რომ ანტიკორუფციული ბიურო არასამთავრობო ორგანიზაციების ბენეფიციართა პერსონალურ მონაცემებს ე.წ. „ქართული FARA“-ს საფუძველზეც ითხოვს. თავდაპირველად, უწყება აცხადებდა, რომ საფუძველი მხოლოდ სამი კანონი იყო – „გრანტების“, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებისა“ და „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“. თავად რაჟდენ კუპრაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებებს კვლავ სიცრუეს უწოდებს და უარყოფს, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია კონფიდენციალურია.
„სასამართლოს განჩინებითა და ზედამხედველობით ჩვენ ამ ორგანიზაციებისგან მოვითხოვეთ გარკვეული ინფორმაცია, თუმცა ამას მოჰყვა უცნაური პოზიცია, რომ ისინი [არასამთავრობო ორგანიზაციები] გაანადგურებდნენ ყველა მტკიცებულებას და არ გადმოსცემდნენ ანტიკორუფციულ ბიუროს. ასევე დაიწყო მთელი რიგი დეზინფორმაციული კამპანია, თითქოს ანტიკორუფციული ბიურო ითხოვს ისეთ დაცულ ინფორმაციას, რომელიც ადვოკატსა და კლიენტს შორის ურთიერთობების წესს ეწინააღმდეგება. ეს არ შეესაბამება სიმართლეს. ეს არის დეზინფორმაცია. საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ადვოკატისა და კლიენტის ურთიერთობა არის კანონით დაცული და უწყება ამ უფლებებს, საქმის წარმოების ფარგლებში, რა თქმა უნდა, არ შეეხება“ – განაცხადა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა, რაჟდენ კუპრაშვილმა „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის” თავმჯდომარესთან, დავით ასათიანთან შეხვედრის შემდეგ.
ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილების გამო, ევროპარლამენტის მიერ საქართველოზე 19 ივნისს მიღებულ რეზოლუციას შესწორება დაემატა. რაჟდენ კუპრაშვილის უწყების ნაბიჯებს ბრიუსელი შემაშფოთებელსა და დემოკრატიისთვის საფრთხისშემცველს უწოდებს, „ქართულ ოცნებას“ კი მოუწოდებს, შეაჩეროს დამოუკიდებელ ორგანიზაციებზე ზეწოლა.
„ევროპარლამენტი გამოხატავს შეშფოთებას არასამთავრობო ორგანიზაციებზე შეტევის ბოლო ტალღასთან დაკავშირებით, რაც გამოიხატა იმით, რომ სახელმწიფო სტრუქტურებმა, მათ შორის ანტიკორუფციულმა ბიურომ, მოითხოვეს დეტალური ფინანსური, იურიდიული და ოპერატიული ინფორმაციის წარდგენა ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში და ეს მხოლოდ სამი სამუშაო დღის ვადაში.
ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მსგავსი მოთხოვნა თავიდანვე განუხორციელებელია და ქმნის საფრთხეს, რომ პარალიზებული გახდეს მიზანში ამოღებული ორგანიზაციების საქმიანობა და შეჩერდეს მათი აქტივობები“ – ნათქვამია საქართველოს შესახებ მიღებულ ევროპარლამენტის 19 ივნისის რეზოლუციაში.
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს სოლიდარობას უცხადებს „რესპუბლიკელი“ კონგრესმენი ჯო უილსონიც.
„ანტიამერიკული „ქართული ოცნების” ლიდერმა, [ბიძინა] ივანიშვილმა გარყვნა ქვეყნის ანტიკორუფციული ბიურო მისი მარიონეტის, რაჟდენ კურპაშვილის მეშვეობით, რათა რეპრესიები განეხორციელებინა პროამერიკელი, თავისუფალი ქართველების ნინო ევგენიძის, ეკა გიგაურის, მარიამ კაპანაძის, ქეთი ხუციშვილისა და ბაია პატარაიას წინააღმდეგ. ის ყველაფერ აკეთებს, რათა აკრძალოს აშშ და ქვეყანაში ჩინეთის დომინაცია უზრუნველყოს“ – წერს „რესპუბლიკელი“ კონგრესმენი ჯო უილსონი პლატფორმა X-ზე.
ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებებსა და დასავლეთის მოწოდებებს „ქართული ოცნების“ წევრები ერთობლივი გზავნილით პასუხობენ. პარტია ამტკიცებს, რომ ხელს უწყობს ორგანიზაციების გამჭვირვალობას, ხოლო საქართველოს დასავლელ პარტნიორებს კვლავ ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს.
„ის სტანდარტები, რაც ევროკავშირში აუცილებელი და მისაღებია, მაგალითად, გამჭვირვალობა, კანონის პატივისცემა, არჩევნების შედეგების ობიექტური შეფასება, სიძულვილის ენის მიუღებლობა… აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი საქართველოსთვის ასე არ უნდა ითარგმნოს… თუ აქ არსებობს ვინმეს კონკრეტული პოლიტიკური მიზანი და ამისთვის დასჭირდათ სიძულვილის ენის დათესვა და კულტივირება, ამაზე ჩვენ, რა თქმა უნდა, მორჩილად უნდა დავეთანხმოთ… თუ დასჭირდათ, რომ, თურმე, საქართველოში ყველა ფინანსური ხარჯი გამჭვირვალე უნდა იყოს, მაგრამ არასამთავრობო ორგანიზაციების ხარჯები აბსოლუტურად დაფარული უნდა იყოს, ამაზეც უნდა გავჩუმდეთ…“ – განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა.
ვიდრე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ყველა სამართლებრივი ბერკეტის გამოყენებისა და მოქალაქეთა ინტერესებისთვის ბრძოლის პირობას დებენ, ბრიუსელი და ვაშინგტონი თბილისს კიდევ ერთხელ აფრთხილებენ – მსგავსი ნაბიჯები დემოკრატიის უკუსვლას იწვევს.