ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ ხმათა უმრავლესობით, კიდევ ერთი რეზოლუცია მიიღეს სახელწოდებით – „მედიის თავისუფლება საქართველოში, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის საქმე“.
324-მა ევროდეპუტატმა ამ რეზოლუციას მხარი დაუჭირა, წინააღმდეგ 25 წავიდა, ხოლო 87-მა თავი შეიკავა.
ამ რეზოლუციით, ევროპარლამენტი საქართველოს მთავრობისგან მოითხოვს:
- მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას;
- მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ რეჟიმის სისტემურ თავდასხმას დემოკრატიულ ინსტიტუტებზე;
- გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოში ჟურნალისტების მიმართ სამართლებრივ შევიწროებაზე;
- მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი და სხვა უკანონოდ დაკავებული პირი;
- ყველა რეპრესიული კანონმდებლობის დაუყოვნებლივ გაუქმებას;
მოუწოდებს ევროკავშირს, საქართველოში FARA-ს ძალაში შესვლის შემდეგ გააძლიეროს მხარდაჭერა დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ და მიმდინარე სასამართლო პროცესების მონიტორინგი აწარმოოს.
„ქართული ოცნების“ ლიდერები, კვლავ უსამართლოს და არაობიექტურს უწოდებენ ევროპალამენტის მორიგ რეზოლუციას. ამბობენ, რომ უხილავ თუ ხილულ ძალებს, საქართველოში ხელისუფლების შეცვლა სურთ და რომ ეს, ნამდვილი ევროპა არ არის.
„ცხადია, არსებობენ ადამიანები, ვინც ჯიუტად ებრძვიან ქართულ სახელმწიფოებრიობას, ებრძვიან არსებულ ხელისუფლებას იმიტომ, რომ ისინი არჩევნებში დამარცხდნენ და ვერ შეძლეს თავიანთი აგენტურის მოყვანა. რეალურად, რა ხდება: საქართველო აგრძელებს განვითარებას, წინსვლას ევროინტეგრაციის გზაზე, თუმცა არის ხელშემშლელი მომენტები, კონკრეტულად, განცხადებები, რომელსაც ვისმენთ, ქმედებები, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ტყუილზე, შანტაჟზე არის დაფუძნებული”, – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია სრულად ასახავს საქართველოში დემოკრატიასთან დაკავშირებით არსებულ მძიმე გამოწვევებს და ევროპულ სტრუქტურებს ქმედითი ნაბიჯებისკენ მოუწოდებენ.
„ევროპის და ევროპარლამენტის პოზიცია არის ძალიან მკაფიო, აზრთა სხვადასხვაობა იმ შემთხვევაში იქნებოდა, სხვადასხვა ტიპის რეზოლუციას რომ იღებდნენ. ბოლო თვეების და წლების მანძილზე რეზოლუციები აბსოლუტურად იდენტური არის იმ რეალობასთან, რაც ქვეყანაში არის შექმნილი. კონკრეტული ადამიანები ყველგან იარსებებენ, რომლებმაც შეიძლება განსხვავებული რამ თქვან, მაგრამ საბოლოოდ, ევროპის და დასავლეთის პოზიცია ერთიანია. ამიტომაც არის, რომ მთლიანად დასავლეთს და ევროპას, ივანიშვილი და მისი ბანდა მოიხსენიებენ, როგორც „გლობალური ომის პარტიას“ და „დიფ სთეითს“. ამით ისინი ჩვენს დასავლელ კოლეგებს შეურაცხყოფას აყენებენ“, – განაცხადა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ირაკლი ფავლენიშვილმა.
ევროპარლამენტში რეზოლუციის მიღებამდე ერთი დღით ადრე, საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისსა და დემოკრატიასთან დაკავშირებულ პრობლემებზე დებატები გაიმართა. სიტყვით გამომსვლელი ევროდეპუტატების უმრავლესობამ მკაცრად დაგმო „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ნაბიჯები და რეკომენდაციები გასცა. სიტყვით გამოვიდნენ ამ რეზოლუციის მოწინააღმდეგე დეპუტატები, რომელთა რაოდენობაც მომხრეთაგან განსხვავებით მცირე იყო. რა ნაბიჯები მოჰყვება ბრიუსელსა და თბილისში ახალ რეზოლუციას ჯერ უცნობია.
ავტორი: ალეკო გვეტაძე