19 ივნისს ევროპის საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს შესახებ კიდევ ერთხელ იმსჯელებენ – ევროპარლამენტარები მზია ამაღლობელისა და საქართველოში მედიის თავისუფლების შესახებ რეზოლუციის პროექტს საბოლოოდ უყრიან კენჭს.
ერთი დღით ადრე კი, 18 ივნისს, ამავე საკითხებზე ვრცელი დებატები გაიმართა. დისკუსიის მთავარი თემა ავტორიტეტიანი გამოცემების დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმე იყო.
ამ საკითხთან დაკავშირებით, ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოს სხვადასხვა ჯგუფის შვიდი რეზოლუციის პროექტი გამოქვეყნდა – აქედან ექვს რეზოლუციაში მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.
„მზია ამაღლობელი პირველი და ერთადერთი ქართველი ქალი ჟურნალისტია, რომელიც პოლიტპატიმარია. ვიყავი საქართველოში, მის ერთ-ერთ პროცესს დავესწარი და შემიძლია გითხრათ: მისი შემთხვევა პირდაპირი თავდასხმაა პრესის თავისუფლებაზე. მზია ბრძოლის სიმბოლოა, რომელიც რეპრესიებისა და დაშინების მიუხედავად, აგრძელებს დემოკრატიისა და ევროპული მომავლისთვის ბრძოლას. ის სამიზნეშია ამოღებული, ვინაიდან სიმართლის მხარეს დგას და უარს ამბობს გაჩუმებაზე. დღეს ასობით პოლიტპატიმარი – ოპოზიციონერი ლიდერები, აქტივისტები და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები დაპატიმრებული არიან სისტემის მიმართ წინააღმდეგობისთვის. სისტემის, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიას და რუსულ კონტროლს ამყარებს. ქართველი ხალხი ზუსტად იმ ღირებულებებისთვის იბრძვის, რომლებსაც ეს პარლამენტი წარმოადგენს – თავისუფლებას, ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობას. მზიას მხარდაჭერა თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული საქართველოს მხარდაჭერას ნიშნავს და ჩვენ აქ მისი და ქართველი ხალხის მხარდაჭერის გაუმჯობესება გვჭირდება“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა, ლენა შილინგმა.
„ქართული ოცნების“ მმართველობას ავტორიტარული რეჟიმი უწოდა ესპანელმა ევროპარლამენტარმა ნაჩო სანჩესი. მან სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ გარე მტრის იდეა მსგავსი მმართველობებისთვის ერთ-ერთი ხელსაყრელი თემაა. მან ამის საილუსტრაციოდ საქართველოში ე.წ. „დიფ სთეითის“ შესახებ გახმოვანებული გზავნილები მოიყვანა.
„ყველაზე შემაშფოთებელი ავტორიტარული რეჟიმების მხრიდან არა მხოლოდ რეპრესიებია, არამედ ის ქმედებები, თუ როგორ ეპყრობიან მოქალაქეებს – ბავშვებივით, არასრულწლოვანებივით. გარე მტრის იდეა ავტორიტარული რეჟიმის ერთ-ერთი საყვარელი თემაა. ეს ბავშვური, ინფანტილური ზღაპარია ის, რაც საქართველოში „დიფ სთეითის“ სახელითაა ცნობილი. ყველაფერი, რაც მთავრობას აღიზიანებს, „დიფ სთეითია“. ეს შეიძლება იყოს სტუდენტის პოსტი ან შეიძლება იყოს ნებისმიერი განცხადება, რომელიც ამ დარბაზში კეთდება ქვეყნის შესახებ. მაგრამ ამ გამარტივებული ნარატივის შესაცვლელად, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ პროფესიონალური, ნამდვილი ჟურნალისტიკა, რომელსაც ისეთი პროფესიონალები აკეთებენ, როგორიცაა მზია ამაღლობელი. ეს არის ერთადერთი გზა ავტორიტარული რეჟიმების ამ ფანტაზიების წინააღმდეგ საბრძოლველად. სწორედ ამიტომ იბრძვიან ისინი პრესის თავისუფლების წინააღმდეგ სასაცილო ზომებით. ზოგჯერ, მაგალითად, თუ ჟურნალისტები იყენებენ სიტყვებს: არალეგიტიმური პარლამენტი, არალეგიტიმური მთავრობა, ოლიგარქიული მთავრობა, რეჟიმის პატიმრები ან რუსული რეჟიმი – ყველა ეს გამონათქვამი, ყველა ეს გამოხატულება შემდეგ ქვეყანაში იკრძალება“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა, ნაჩო სანჩესი.
რეზოლუციათა უმრავლესობაში საუბარია საპროტესტო აქციებისას დაკავებულ პირებსა და იმ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე, რომლებიც ამჟამად პატიმრობაში არიან. აღნიშნულია ისიც, რომ კანონმდებლობა, რომელსაც ევროპარლამენტარების ნაწილი რეპრესიულს უწოდებს, შეუძლებელს ხდის ქვეყნის ევროკავშირში გაწევრებას.
„ამჟამად ჩემი გამოსვლა არ შეეხება კრემლის მეგობრებს, ამ ყველაფერზე ჩვენ მიერ აქამდე მიღებულ რეზოლუციებშია საუბარი. ახლა უნდა ვისაუბროთ ჩვენზე, ევროკავშირზე. არ მესმის ევროპული საბჭოსი, წევრი ქვეყნებისა და უმაღლესი წარმომადგენლის ოფისის დუმილი. მზია ამაღლობელი და მისი მეგობრები იმსახურებენ პატივისცემასა და დახმარებას. რეჟიმის წინააღმდეგ სერიოზული სანქციებია საჭირო. რეჟიმზე ზეწოლა ყველა შესაძლო გზით უნდა დავიწყოთ და აღარ ვთხოვოთ მათ ევროკავშირის გზაზე დაბრუნება. ისინი არ დაბრუნდებიან, რადგან ეს რეჟიმი კრემლის ოცნებაა. მათ მოატყუეს თავიანთი ხალხი ევროკავშირისკენ სწრაფვაში. მოგვატყუეს ჩვენც ევროპარლამენტსა და ევროკავშირში. მხოლოდ ახალი და სამართლიანი არჩევნები დაეხმარება საქართველოს. ამისთვის ევროკავშირის პოლიტიკური ნებაა საჭირო. საქართველოში თითქმის აღარ არსებობს დამოუკიდებელი მედია. არის „სპუტნიკის“ ტიპის პროპაგანდისტული ტელეარხები. არ მესმის, რატომ არიან ისინი, ვინც ევროკავშირის მიმართ შხამს აფრქვევენ, ჯერ კიდევ აქტიური აქ, ევროპარლამენტში. უნდა ვიმოქმედოთ. ქართველი ხალხი მარტო არ უნდა დავტოვოთ“, – თქვა ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ.
ევროპარლამენტარებს შორის იყვნენ ისინიც, რომლებმაც დასავლური ინსტიტუტების მიმართ კრიტიკული განცხადებენი გააკეთეს. ასევე, სიტყვით გამომსვლელთა შორის იყვნენ ის დეპუტატებიც, რომლებმაც გაიმეორეს საქართველოს მმართველი პარტიის გზავნილები და აღნიშნეს, რომ კონკრეტულ ძალებს დასავლეთიდან, საქართველოში არეულობის მოწყობა სურთ.
„მედიის თავისუფლება არ ნიშნავს ზედმეტ უფლებას და არც არის ალიბი უცხოური ჩარევისთვის. ქალბატონ მზია ამაღლობელს ასამართლებენ, რადგან 12 იანვარს მან საკუთარ ქვეყანაში პოლიციელს სილა გააწნა. მას განსჯიან ისინი, რომლებიც მის სასამართლო პროცესში მონაწილეობდნენ და მე ვფიქრობ, რომ აქ რასაც ვხედავთ, არის ევროკავშირის შეპყრობილობა საქართველოს მიმართ და ბრიუსელის ზიზღი ამ ხალხის უფლებებისა და სუვერენიტეტისადმი. მოდით, ნათლად ვთქვათ: თქვენ გინდათ, მოიშოროთ საქართველოს მთავრობა, გადააყირავოთ ისინი და ნებისმიერი საბაბი გამოგადგებათ. ერთ წელიწადზე ნაკლებ დროში ვნახეთ განმეორებითი ჩარევა – ჩარევის მსგავსი, რომელსაც ქართველები 12 წელზე მეტი ხნის განმავლობაში გადიოდნენ. გვყავს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც გარე ინტერესების მიერ ფინანსდებიან და მათი იქ ყოფნის ერთადერთი მიზანი არის საქართველოს დესტაბილიზაცია. ქართველები ამას არასოდეს დაუჩოქებია, არც არასამთავრობო ორგანიზაციებს დაუმალავთ მთავრობის დესტაბილიზაციის სურვილი 1990-იანი წლებიდან. ვნახეთ ეს უზარმაზარი დაფინანსება მებრძოლი სტრუქტურების, რომლებიც ჟურნალისტიკისა და ადამიანის უფლებების ნიღაბს არიან ამოფარებული. ამან შეასუსტა ამ ქვეყნის ინსტიტუტები. ქართველებს არ სჭირდებათ არავის ჩარევა, არც მოსკოვის და არც ბრიუსელის“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა, ტიერი მარიანიმ.
ჩეხი ევროპარლამენტარის აზრით კი, თუ ბრიუსელს მართლა ადარდებს ჟურნალისტების ბედი, საქართველომდე ჯერ ევროკავშირში დაპატიმრებული ჟურნალისტების საკითხით უნდა დაინტერესდეს.
„ევროპარლამენტი მხარს უჭერს სამოქალაქო აქტივისტს, რომელიც თავს დაესხა პოლიციელს და ახლა დაპატიმრებულია. თუ მართლა გაინტერესებთ სიტყვის თავისუფლება და დაპატიმრებული დამოუკიდებელი ჟურნალისტები, შეხედეთ, რა ხდება ევროკავშირში. მაგალითად, დევიდ ბენდელსი გერმანიაში, რომელიც შვიდი თვით დააპატიმრეს მას შემდეგ, რაც მან გააზიარა მასალა, სადაც ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ მას სძულს სიტყვის თავისუფლება. „იუთუბერი“ შტეინი, რომელიც ციხეში ცხრა თვით გაუშვეს. მას არ უცემია პოლიციელი, უბრალოდ მხარს უჭერდა სიტყვის თავისუფლებას. გთხოვთ, მხარი დაუჭირეთ ჟურნალისტებს და არა უცხოეთში მოქმედ არასამთავრობოებს, რომლებსაც მხოლოდ რეჟიმის შეცვლა სურთ“, – თქვა ევროპარლამენტარმა, პეტრ ბისტრონმა.
ევროპარლამენტის პლენარული სხდომა თბილისის დროით 11:00 საათზეა ჩანიშნული. სწორედ ამ სხოდმაზე ეყრება კენჭი საქართველოს ხელისუფლების მიმართ კრიტიკული რეზოლუციის საბოლოო პროექტს.