თბილისის საქალაქო სასამართლოში პროევროპული საპროტესტო დემონსტრაციებისას, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ექიმის, გიორგი ახობაძის პროცესი გაიმართა.
დარბაზში მყოფმა ბრალდებულმა სოლიდარობა გამოუცხადა ქართულ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.
პროცესზე ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტი გამოიკითხა, რომელმაც, გამოძიების ვერსიით, გიორგი ახობაძის ჩხრეკისას, ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღო. სხდომათა დარბაზში მას კითხვები დაუსვეს როგორც ბრალდებულმა, ისე მისმა უფლებადამცველებმა.
„ერთ წებოვან ლენტზე, რომელზეც არ არის ადამიანის ბიოლოგიური ნიმუში, შეიძლება თუ არა ჩხირიდან მოხვდეს ბიოლოგიური ნიმუში?“ – ჰკითხა მოწმე ექსპერტს გიორგი ახობაძის ადვოკატმა, ლაშა ცუცქირიძემ.
ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტის თქმით, „თეორიული ალბათობების შესაძლებლობას“ ის „ვერც გამორიცხავს და ვერც დაადასტურებს“.
პროკურორი შმაგი გობეჯიშვილი დაცვის მხარის კითხვების აცილებას ითხოვდა, რის შუამდგომლობაც მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ დააკმაყოფილა. მის ამ გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზში შეკრებილთა უკმაყოფილება და ხმაური მოჰყვა.
სხდომის დასრულების შემდეგ, ადვოკატებმა მედიის შეკითხვებს უპასუხეს. გიორგი ახობაძის ერთ-ერთმა უფლებადამცველმა, მარიამ მაძღარაშვილმა თქვა, რომ ბრალდების მხარე ექსპერტს ეხმარებოდა, დაცვის მხარის კითხვებისთვის თავი აერიდებინა.
„ექსპერტთან გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი კითხვები – მაგალითად, როგორ შეიძლება გადავიდეს ბიოლოგიური მასალა კონკრეტულ შესაფუთ ნივთიერებებზე? ასევე, მაგალითად, როდესაც პირი ნივთს არ ეხება, შესაძლებელია თუ არა, მასზე საუბრისას გამოყოფილი ნერწყვით გადავიდეს ბიოლოგიური მასალა? – ბრალდების მხარე ყველანაირად ცდილობდა, ექსპერტს ამ კითხვებზე პასუხები არ გაეცა. პროკურორები ყველა ასეთ კითხვაზე შუამდგომლობას აყენებდნენ. სამწუხაროდ, მათ ამ შუამდგომლობებს სასამართლო უკმაყოფილებდა, რის გამოც არ მოგვეცა საშუალება, ამ მარტივ და ჭეშმარიტ კითხვებზე პასუხები მიგვეღო…“ – თქვა ადვოკატმა, მარიამ მაძღარაშვილმა.
ექიმი გიორგი ახობაძე 2024 წლის 7 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს. პროკურატურა მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ექიმ გიორგი ახობაძეს 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.