მთავარისაქართველო“ვფიქრობთ, ეუთო/ოდირი არ დავტვირთოთ”, - ირაკლი კობახიძე

“ვფიქრობთ, ეუთო/ოდირი არ დავტვირთოთ”, – ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნება“ გეგმავს, რომ 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ეუთო/ოდირის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია, აღარ დააკვირდეს. მმართველი პარტიის ეს წინასწარი პოზიცია საზოგადოებას ჟურნალისტებთან კომენტარისას, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ამცნო. მისი თქმით, ამ მისიის მუშაობა საპარლამენტო არჩევნებზეა სასურველი, ხოლო მუნიციპალური არჩევნებისთვის ეუთო/ოდირს არ შეაწუხებენ.

„ზოგადად, არ არის ასეთი პრაქტიკა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე იწვევდნენ ეუთო/ოდირს. გადახვევები ხდება, მათ შორის, ჩვენც გვქონდა ასეთი გადახვევა, მაგალითად 2021 წელს, გამომდინარე იქიდან, რომ რაღაცნაირად ეს არჩევნები იყო დაკავშირებული საპარლამენტო არჩევნების თემასთან. ასევე, სხვადასხვა ქვეყანაში არის გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც თვითმმართველობის არჩევნებზეც იწვევენ ეუთო/ოდირს, თუმცა ეს არის მხოლოდ გამონაკლისი, სტანდარტული პრაქტიკის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებზე, საერთო ეროვნულ არჩევნებზე ხდება ხოლმე ეუთო/ოდირის მისიის მოწვევა. შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში, არ შევაწუხოთ და ზედმეტად არ დავტვირთოთ ეუთო/ოდირი ჩვენი თვითმმართველობის არჩევნებით. ეს არჩევნები ჩატარდება აბსოლუტურად ჯანსაღი ფორმით. იცით, რომ ეუთო/ოდირი აკვირდებოდა საპარლამენტო არჩევნებს და დადო სათანადო დასკვნა, თუმცა არავინ დაინტერესდა ამ დასკვნით და დღეს, იგივე ადამიანები, რომლებმაც სრული იგნორირება გაუკეთეს ეუთო/ოდირის დასკვნას, გვთხოვენ ეუთო/ოდირის მოწვევას,“- განაცხადა კობახიძემ.

ეს კომენტარი კობახიძემ, საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადების საპასუხოდ გააკეთა. ბრიტანეთის საელჩომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის, საქართველოს მთავრობას დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული პარტნიორული შეთანხმებები შეახსენა. ამისთვის კი არჩევნებზე დასაკვირვებლად, ეუთო/ოდირის მისიის მოწვევისკენ მოუწოდა.

“დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა ეფუძნება ერთობლივ ვალდებულებას, გააძლიერონ დემოკრატიული პრინციპები და ხელი შეუწყონ სამოქალაქო საზოგადოების როლს ორმხრივ თანამშრომლობაში.

ეს ვალდებულება ასახულია 2019 წელს ორივე მთავრობის მიერ ხელმოწერილ სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებაში.

საქართველოს მთავრობა თავად უჭერდა მხარს ამ საქმიანობას და ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით ამ საქმიანობის აღწერას, როგორც “პროპაგანდისა და ექსტრემიზმის“ დაფინანსებას. ეს არ შეესაბამება სიმართლეს.

საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ მონიტორინგს, რაც პროფესიონალური და გამჭვირვალე საარჩევნო ზედამხედველობის მნიშვნელოვანი ნაწილია.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოიწვიოს ეუთო/ოდირის მისია ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნების დასაკვირვებლად და გაითვალისწინოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ოდირის საბოლოო ანგარიშში გაცემული ყველა რეკომენდაცია”, – ნათქვამია განცხადებაში.

ირაკლი კობახიძემ ბრიტანეთის საელჩოს განცხადების საპასუხოდ თქვა, რომ როდესაც საქართველოში ექსტრემისტული ორგანიზაციების დაფინანსებას შეწყვეტენ, ურთიერთობები გამოსწორდება.

„რაც შეეხება თანამშრომლობას საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის, ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია ამისათვის, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს თანამშრომლობა ეფუძნებოდეს კონკრეტულ პრინციპებს. ამ კუთხით იყო გარკვეული მანკიერი პრაქტიკა, მათ შორის, ექსტრემიზმის დაფინანსების მანკიერი პრაქტიკა ჩვენს ქვეყანაში. ასეთი ფაქტები ხელს უშლის ჯანსაღი პარტნიორული ურთიერთობების განვითარებას. ბოლო პერიოდში იყო იმის მცდელობაც, რომ რამდენიმე ორგანიზაცია დაფინანსებულიყო, ეს არის რადიკალურ ოპოზიციასთან პირდაპირ დაკავშირებული ორგანიზაციები. იგივე „ტაბულა“, იგივე „მომავლის აკადემია“, რომელიც არის ფრანკლინის კლუბის გაგრძელება“, – აღნიშნა პრემიერმა.

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური ოპონენტები ოპოზიციიდან ამბობენ, რომ მმართველი პარტია ფორმალურადაც აღარ აპირებს საარჩევნო გარემოს დემოკრატიული ფასადით უზრუნველყოფას.

“ბიძინა ივანიშვილის ამ „დასაქოქი სათამაშოს“ ინტერვიუდან გამოჩნდა განზრახვა, რომ მათ უნდა ჩაატარონ არჩევნები ყველანაირი დაკვირვების გარეშე. ეს ხდება მხოლოდ უმძიმეს ავტოკრატიებში. ჩვენ უკვე ამ ფაზაში ვართ შესული. ბრძოლის ამ ეტაპზე ვართ. ეს ქვეყანა ძალიან სერიოზული და მძიმე პრობლემის წინაშე დგას. წამობრივი, წუთობრივი და საათობრივი საკითხი ხდება ქვეყნისთვის ამ მავნებლური რეჟიმის მოცილების მნიშვნელობა. იმიტომ რომ აქ საქმე უკვე აღარ გვაქვს ქართული დემოკრატიის გადარჩენასთან. საუბარია იმაზე, რომ ყოფნა-არყოფნის საკითხი უდგას ჩვენს სახელმწიფოს“, – განაცხადა „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა, თაზო ბაბუნაშვილმა.

ეუთო/ოდირის სპეციალური, ერთობლივი საერთაშორისო მისია, გარდამავალი დემოკრატიის ქვეყნებში საარჩევნო პროცესებს აკვირდება და პროფესიულ დასკვნას აქვეყნებს.

უკვე ათწლეულებია ეს მისია საქართველოში თავის დამკვირვებლებს აგზავნის და მათ ანგარიშებში ხშირად იმ დარღვევებზეა საუბარი, რისი გამოსწორებაც დემოკრატიულად გამართულ არჩევნებს უნდა უზრუნველყოფდეს.

სავარაუდო, ეს მისია მომდევნო არჩევნებს აღარ დააკვირდება.

ავტორი: ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend