თბილისის საქალაქო სასამართლოში ნარკოდანაშაულში ბრალდებული ნიკა კაციას საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართა. პროცესზე ბრალდების მოწმე, გამომძიებელი მირზა ჯაფარიძე გამოიკითხა.
გამომძიებლის თქმით, 2024 წლის 7 დეკემბერს ხელმძღვანელმა აცნობა, რომ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით ნიკა კაციას წინააღმდეგ გამოძიება იყო დაწყებული. მირზა ჯაფარიძის ჩვენების თანახმად, გამოძიების დაწყების საფუძველი „ოპერატიული ინფორმაცია“ გახდა. ამ ინფორმაციის მიხედვით, ნიკა კაცია „ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი იყო და მის უკანონო შეძენა-შენახვას ეწეოდა.“
გამომძიებლის თქმით, ამავე ოპერატიული ინფორმაციით სამართალდამცველებისთვის ნიკა კაციას ადგილმდებარეობაც გახდა ცნობილი.
მირზა ჯაფარიძემ სხდომაზე თქვა, რომ მას შემდეგ, რაც მან და მისმა თანამშრომლებმა ეჭვმიტანილი გაჩხრიკეს და მისი ჯიბიდან ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, ნიკოლოზ კაცია „ჩხრეკის ოქმს პირადად გაეცნო და შესაბამის ველში დააფიქსირა, რომ პრეტენზია არ ჰქონდა.“
მისივე თქმით, მას და მის ორ თანამშრომელს ვიდეოგადაღება სურდათ, თუმცა ჩხრეკისას ნიკოლოზ კაცია მათ წინააღმდეგობას უწევდა, რის გამოც გადაღება ვერ მოხერხდა.
„ეს ბატონი, რომელიც წინ დგას, თვალით არ მინახავს“, – თქვა ნიკა კაციამ, როცა მას მოწმისთვის კითხვების დასმის შესაძლებლობა მიეცა.
„სწორ პოზიციაში არ მიმაჩნია ჩემი თავი, კითხვები დავუსვა ადამიანს, რომელიც იქ საერთოდ არ ყოფილა… არ მეგონა, ასეთი აბსურდის მოწმე თუ გავხდებოდი“, – განაცხადა მან.
ნიკა კაცია 2024 წლის 7 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
იგი ბრალს არ აღიარებს, ამბობს, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს და მის დაკავებას საპროტესტო აქციებში მონაწილეობას უკავშირებს. დანაშაული, რომლის ჩადენასაც პროკურატურა მას ედავება, 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.