მთავარისაქართველოანტიკორუფციული ბიუროს მოთხოვნები არასამთავრობო ორგანიზაციებს

ანტიკორუფციული ბიუროს მოთხოვნები არასამთავრობო ორგანიზაციებს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, „საფარი“, „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“, „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“, „საქართელოს მომავლის აკადემია“ – ეს ის პირველი 5 ორგანიზაციაა, რომლისგანაც ანტიკორუფციული ბიურო მთელ რიგ მონაცემებს ითხოვს.

რამდენიმე კანონის საფუძველზე, უწყებას სურს მოიპოვოს ინფორმაცია მათი დაცვის ქვეშ მყოფებისა და ოჯახის წევრების თაობაზე. ეს ინფორმაცია კი მოიცავს პირად ნომრებს, ფოტოსურათებს, ფინანსურ, საბანკო და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არსებულ ყველა მონაცემს.

„ჩვენგან, უფლებადამცველებისგან, ანტიკორუფციული ბიურო სამართლებრივი საფუძვლების გარეშე მოითხოვს ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების – წამების მსხვერპლთა, ძალადობის მსხვერპლი ქალების, მოსწავლეების, სტუდენტების, მასწავლებლების, პენსიონერების, შშმ პირების, მეწარმეების, მამხილებლების, ჟურნალისტების, დამკვირვებლების, უკანონოდ გათავისუფლებული საჯარო მოხელეებისა და მათი ოჯახის წევრების პერსონალური ინფორმაციის გადაცემას. კერძოდ, ყველა იმ პირის პირადი ნომრების, სახელების, გვარების, ფოტოსურათების, ფინანსური და საბანკო ინფორმაციისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის ინფორმაციის გადაცემას, ვინც გვენდობოდა და ჩვენი დახმარებით უსარგებლია.

ჩვენ არ ვაპირებთ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების ნდობის ღალატს, თუნდაც ამას ჩვენი დევნა და დაპატიმრება მოჰყვეს.

ივანიშვილის რეჟიმის მიერ ჩაგრული ადამიანების ინფორმაციას რუსულ რეჟიმს არ გადავცემთ. ჩვენ მივმართავთ სამართლებრივ გზებს ამ ბრძანებების წინააღმდეგ“ – ნათქვამია 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში, რომელიც „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ ოფისში მედიას უფლებადამცველმა, ქეთი ხუციშვილმა გააცნო.

„არ ვაპირებთ, რუსულ კანონებს დავემორჩილოთ იმიტომ, რომ ეს ქვეყანა ჩვენია და ამ ქვეყნის თავისუფლება, სწორედ ჩვენი თაობის დასაცავია. ამიტომ, ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ეს ბრძოლა, რა თქმა უნდა, ბოლომდე იქნება, მიუხედავად იმისა, რა შეიძლება ამ გზაზე გვემუქრებოდეს“, – განაცხადა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო ევგენიძემ.

ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი რაჟდენ კუპრაშვილი კი ორგანიზაციებს სიცრუეში სდებს ბრალს და ამტკიცებს, რომ უწყება კანონმდებლობის სრული დაცვით მოქმედებს. მისივე თქმით, სასამართლო განჩინებას საფუძვლად უდევს კანონები „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის“, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებისა“ და „გრანტების შესახებ“.

„უპირველეს ყოვლისა, ვაცხადებთ, რომ კანონის უზენაესობა და აღსრულება არის ბიუროს უმთავრესი პრიორიტეტი. ჩვენ მიერ მოთხოვნილი სამართლებრივი და ფინანსური დოკუმენტაცია არ ცდება საკანონმდებლო უფლებამოსილების ფარგლებს, მიმართულია მხოლოდ გრანტების ან პოლიტიკური აქტივობის მქონე ორგანიზაციის საქმიანობის მიზნობრიობის შესწავლისკენ… მიგვაჩნია, რომ არსებული დეზინფორმაციული კამპანია ემსახურება მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას და მიზნად ისახავს გამჭვირვალობისკენ მიმართული კანონმდებლობისა და სამართლებრივი პროცესის დისკრედიტაციას.

პოლიტიკური პროცესების გამჭვირვალობა არის ბიუროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი და ჩვენი საქმიანობა კვლავაც მიმართული იქნება იმ ორგანიზაციების გამოვლენისკენ, რომელთა აქტივობები არ შეესაბამება დეკლარირებულ მიზნებს და რომლებიც ფარულად ეწევიან პოლიტიკურ საქმიანობას. ჩვენი მიზანია საქართველოს მოსახლეობას ჰქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია პოლიტიკური აქტორების ფუნქციონირების შესახებ, რათა საზოგადოებას გააჩნდეს ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას…“ – განაცხადა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა, რაჟდენ კუპრაშვილმა.

ანტიკორუფციული ბიუროს განჩინებას მყისიერად მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები. მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ განჩინება კანონმდებლობას შეესაბამება, ოპოზიცია პარტიას საზოგადოების წინააღმდეგ რეპრესიული პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებს.

18 ივნისს გამართულ ბრიფინგზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს არ უსაუბრიათ 31 მაისს ამოქმედებულ ე.წ. „ქართულ FARA“-ზე – „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტზე“, რომელმაც ე.წ. „გამჭვირვალობის“ კანონი ჩაანაცვლა. ამის მიუხედავად, უფლებადამცველები განმარტავენ, რომ ეს კანონიც აძლევს ანტიკორუფციულ ბიუროს ბერკეტს, გამოითხოვოს პერსონალური ინფორმაცია.

ქართულმა ოცნებამ ბოლო თვეებში არაერთი კანონი მიიღო, რომელიც მთელ რიგ შეზღუდვებს უწესებს თავისუფალ მედიასა და სამოქალაქო ორგანიზაციებს.

საქართველოს პარტნიორები კი აფრთხილებენ ქართულ ოცნებას, რომ დემოკრატიისთვის გზაზე ასეთი უკუსვლით ქვეყანა ევროკავშირის წევრი ვერ გახდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend