მედიის, ჟურნალისტებისა და ადამიანის უფლებებზე მომუშავე 23 საერთაშორისო ორგანიზაცია „ქართული ოცნების“ მიერ ბოლოდროინდელი საკანონმდებლო რეგულაციების ამოქმედებას ეხმიანება.
„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ახალი კანონები „რეპრესიულადაა“ შეფასებული, ხოლო ხელმომწერნი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებენ, „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ეფექტიანი ბერკეტები გამოიყენონ.
„იმ დროს, როცა მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ცდილობს ავტორიტატული მმართველობის გაძლიერებას, დამოუკიდებელი მედია უპრეცედენტო ზეწოლის ქვეშაა და გადარჩენის ზღვარზე იმყოფება. ჟურნალისტები სულ უფრო ხშირად ხდებიან დაკავების, ფიზიკური თავდასხმების, დაჯარიმების, ცენზურისა და, ასევე, ფინანსური და ინსტიტუციური რეპრესიების მსხვერპლნი. „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ მედიის, ჟურნალისტებისა და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებს უერთდება და მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, განსაკუთრებით კი ევროკავშირს, „ქართულ ოცნებაზე“ უფრო ეფექტური ზეწოლისკენ, რათა დაასრულოს დამოუკიდებელ ჟურნალიზმზე ზეწოლა და მხარი დაუჭიროს მედიის დემოკრატიულ პრინციპებსა და თავისუფლებას. ასევე სრულად ვუჭერთ მხარს ქართველ ჟურნალისტებს, რომლებიც, უპრეცედენტო ზეწოლის მიუხედავად, უარს ამბობენ გაჩუმებაზე.
ბოლო თვეების განმავლობაში, პარტია „ქართულმა ოცნებამ“ რამდენიმე რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილება მიიღო, მათ შორის ახალი კანონი „უცხოეთის გავლენის რეგისტრაციის აქტი“, ასევე შესწორებები შეიტანა „გრანტების შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონებში…
ამავდროულად, ცნობილი ქართველი ჟურნალისტი და ქვეყნის ორი წამყვანი დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი მზია ამაღლობელი უსაფუძვლოდ იმყოფება წინასწარ პატიმრობაში მას შემდეგ, რაც იანვრის დასაწყისში დააკავეს. Mapping Media Freedom-ის მონაცემებით, 28 ნოემბრის შემდეგ, სხვადასხვა ბრალდებით დაკავებულია, სულ მცირე, 13 ჟურნალისტი. ამავე პერიოდიდან 246 ჟურნალისტი გახდა ფიზიკური შევიწროების, დისკრედიტაციის, პროფესიული საქმიანობისთვის ხელის შეშლის, სამართლებრივი დევნისა და დაჯარიმების მსხვერპლი.“ – ნათქვამია 23 უფლებადამცველი ორგანიზაციის ერთობლივ განცხადებაში.