მთავარისაქართველო„ქართული ოცნების“ ინიციატივით შექმნილ საპარლამენტო კომისიაზე გიორგი გახარიას მეორედ იბარებენ

„ქართული ოცნების“ ინიციატივით შექმნილ საპარლამენტო კომისიაზე გიორგი გახარიას მეორედ იბარებენ

პარლამენტში „ქართული ოცნების“ ინიციატივით შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა მომდევნო დღეების სხდომების დღის წესრიგსა და განსახილველ საკითხებზე ისაუბრა.

„ჩორჩანას ეპიზოდზე“ თეა წულუკიანმა 23 ივნისის სხდომაზე ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია დაიბარა.

„23 ივნისს ჩვენ გამოვკითხავთ ხელმეორედ გიორგი გახარიას, რომელსაც შეტყობინება უკვე გაეგზავნა. ეს შეტყობინების პროცედურა ნაწილობრივ უკვე დასრულებულია, თუმცა გრძელდება კანონით გათვალისწინებული წესის ზედმიწევნითა და სრულყოფილად დაცვის მიზნით. იმედი მაქვს, რომ ბატონი გახარია დამატებით გამოკითხვაზე გამოცხადდება, იმისთვის, რომ ჩვენ გავაგრძელოთ ჩორჩანის, წაღვლის და სხვა სოფლების თემაზე საუბარი, სადაც მან გვითხრა, რომ ტერიტორიის არცერთი სანტიმეტრი, მისი ამ გადაწყვეტილებით, რომელიც საგუშაგოს განთავსებას შეეხებოდა, ოკუპირებული არ ყოფილაო, თბილისის ცენტრალურ ხელისუფლებას არ დაუკარგავს კონტროლიო. ჩვენ მოვისმინეთ წაღვლის მცხოვრებლის განმარტება, სადაც მან თქვა, რომ მთელი ტყე დაკარგა ქვეყანამ, ოკუპანტმა სახელმწიფომ დაიკავა და რუსეთი უფრო მეტად შემოვიდა ქართულ ტერიტორიაზე, ვიდრე მანამდე ჰქონდა ოკუპირებულიო. ეს ახსნა-განმარტებები და ჩვენები ერთმანეთთან რადიკალურად წინააღმდეგობაშია, ამიტომ ჩვენი ვალია, მას დამატებითი კითხვები დავუსვათ.

ასევე, კითხვები დაისმება და ეს შეტყობინების წერილში მას ეცნობა, 2012-2025 წლების იმ მონაკვეთთან, როდესაც ის უკვე ოპოზიციაში იყო. ეს არის მისი გადადგომიდან დღემდე პერიოდი, მათ შორის, მისი და მისი პარტიის საქმიანობა საერთაშორისო ასპარეზზე და საერთაშორისო პარტნიორებთან…“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ექსპრემიერი დროებითი კომისიის სხდომაზე 15 აპრილს იყო მისული. მაშინ ის 20 ივნისის საპროტესტო აქციის დაშლის ეპიზოდზე გამოიკითხა, ასევე მას კითხვები დაუსვეს 2019 წლის აგვისტოში, სოფელ ჩორჩანასთან საგუშაგოს მოწყობასთან დაკავშირებით.

საქართველოს პარლამენტში „ქართული ოცნების“ ინიციატივით შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის 16 ივნისის სხდომაზე 2009 წლის 15 ივნისს გამართული საპროტესტო აქციის დაშლისა და ადამიანის უფლებების შელახვის ფაქტები განიხილება.

სხდომაზე მიწვეულები არიან თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე, „საქართველოს რკინიგზის“ ფილიალ მგზავრთა გადაყვანის დირექტორი დაჩი ცაგურია და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდში პატიმრობაში მყოფი მერაბ ჭიქაშვილი.

ასევე, თეა წულუკიანის თქმით, მიმდინარე კვირაში განხილული იქნება 20 ივნისის საპროტესტო აქციის დარბევის საკითხი, სადაც კომისიის თავმჯდომარემ მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, გიორგი ჭოლაძე დაიბარა.

უახლესი

სხვა ამბები

00:03:59
spot_imgspot_img
Send this to a friend