ისტორიაში პირველად, დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის სამსახურს ქალი უხელმძღვანელებს. თანამდებობას წარმოშობით ქართველი ბლეიზ მეტრეველი ოქტომბრიდან დაიკავებს – იგი ორგანიზაციის მოქმედ უფროსს, რიჩარდ მურს შეცვლის და ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის მე-18 ხელმძღვანელი გახდება.
47 წლის ბლეიზ მეტრეველი ამჟამად, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განყოფილების ხელმძღვანელია. მანამდე იგი ბრიტანეთის უსაფრთხოების სააგენტოში სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა.
იგი დაზვერვის ოფიცერია, ამ სტრუქტურაში 1999 წლიდან მუშაობს და მისი კარიერის დიდი ნაწილი, ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში ოპერატიულ მუშაობას უკავშირდება. ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ახალ უფროსს განათლება კემბრიჯის უნივერსიტეტის პემბრუკის კოლეჯში აქვს მიღებული.
ბლეიზ მეტრეველის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ინფორმაცია დიდი ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე 15 ივნისს გამოქვეყნდა. როგორც პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი ამბობს, ეს „ისტორიული დანიშვნა“ სწორედ მაშინ მოხდა, როცა სადაზვერვო სამსახურების მუშაობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. დაზვერვის ხელმძღვანელად ბლეიზ მეტრეველის დანიშვნას ისტორიულს უწოდებენ აკადემიურ წრეებშიც.
„ვფიქრობ, ეს რამდენიმე მიზეზის გამოა მნიშვნელოვანი. უპირველეს ყოვლისა, იგი პირველი ქალი ხელმძღვანელია 1909 წლიდან – საგარეო დაზვერვის სამსახურის დაარსებიდან. ასე რომ, ეს ნამდვილად ისტორიული მომენტია. საბოლოოდ დაიმსხვრა ე.წ. „შუშის ჭერი“ ქალის უმაღლეს თანამდებობაზე დანიშვნის კონტექსტში. რასაკვირველია, ამ ფაქტს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს იმ თვალსაზრისით, თუ როგორი იქნება ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის მომავალი. რაც შეეხება ახალი ხელმძღვანელის წარსულს: იგი ტექნოლოგიური სფეროდან მოდის, თუმცა ასევე უმუშავია საგარეო დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურებში. მას აქვს ამ სფეროში, ამ საზოგადოებაში მუშაობის შედეგად დაგროვილი გამოცდილება. ბოლო დროს განიხილავდნენ, რომ ჯაშუშების ერა დასრულდა და რომ მათ ტექნოლოგიები სრულად ჩაანაცვლებდა, მაგრამ ეს გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ ტრადიციული ჯაშუშური მეთოდები ახლა ტექნოლოგიებთან ერთად გამოიყენება“, – ამბობს დენ ლომასი, ნოტინგემის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი.