ჩრდილოატლანტიკური სამხედრო ალიანსის ხელმძღვანელი, მარკ რუტე აცხადებს, რომ ისრაელსა და ირანს შორის ვითარება, რაც შეიძლება მალე უნდა განიმუხტოს.
ნატოს გენერალურ მდივანს მიაჩნია, რომ გავლენიანმა სახელმწიფოებმა, მათ შორის აშშ-მა დაპირისპირებული მხარეები უნდა დაარწმუნონ, რომ კონფლიქტის დეესკალაცია მოხდეს.
მარკ რუტეს თქმით, ვითარება რთული და სწრაფად ცვალებადია, თუმცა მოკავშირე ქვეყნებმა ფოკუსირება კონფლიქტის შეჩერებაზე უნდა მოახდინონ.
„ცხადია, სწრაფად ცვალებადი სიტუაციაა. ეს იყო ისრაელის ცალმხრივი ქმედება. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ბევრი მოკავშირისთვის, მათ შორის შეერთებული შტატებისთვის, უმნიშვნელოვანესია, რომ იმუშაონ დეესკალაციაზე. ვიცი, რომ ისინი ამას აკეთებენ. ვფიქრობ, ეს არის ახლა უპირველესი. ცხადია, ნატოს მოკავშირეები ამ კრიზისს გაუმკლავდებიან. ყველა მის დეესკალაციაზეა ორიენტირებული. აშშ, რა თქმა უნდა, ამაზე მუშაობს სხვა მოკავშირეებთან ერთად. ნატო, როგორც ალიანსი არ არის ჩართული პროცესში, რადგან ის რეალურად ევროატლანტიკურ სამყაროზეა ორიენტირებული. თუმცა, ცხადია, ნატოს მოკავშირეები ინდივიდუალურად და ერთმანეთთან თანამშრომლობით მონაწილეობენ პროცესის შეჩერებაში. რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს ამ კონფლიქტის დეესკალაცია. ჩვენი შეფასებით, ვითარება სწრაფად იცვლება. ეს ყველაფერი გუშინ ღამით დაიწყო. რა თქმა უნდა, ამას შემდეგი ნაბიჯიც მოჰყვება. ამიტომ, ახლა რთულია ზუსტად იმის პროგნოზირება, თუ რა მოხდება მომდევნო 24, 48 საათის განმავლობაში. უნდა შევინარჩუნოთ ძალისხმევა, რათა უზრუნველვყოთ, რომ კონფლიქტის დეესკალაცია მოხდეს”, – აცხადებს რუტე.