მთავარისაქართველოაღკვეთის ღონისძიების სახედ შეფარდებული პატიმრობა - ნიკა გვარამია დაკავებულია

აღკვეთის ღონისძიების სახედ შეფარდებული პატიმრობა – ნიკა გვარამია დაკავებულია

აღკვეთის ღონისძიების სახედ შეფარდებული პატიმრობა „კოალიცია ცვლილებისთვის“ სამი ლიდერის წინააღმდეგ.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძისა და ნიკა მელიას შემდეგ, „ქართული ოცნების“ ინიციატივით პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, ჯარიმა პატიმრობით ნიკა გვარამიასაც შეეცვალა.

აღკვეთის ღონისძიების სახით, შეფარდებული 30 000-ლარიანი გირაოს გადახდაზე უარის შემდეგ, პროკურატურამ პატიმრობის შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ დააკმაყოფილა.

პროცესს თავად ნიკა გვარამია არ ესწრებოდა. სასამართლო სხდომის დაწყებისას, ის რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან თავად მივიდა, სადაც რამდენიმე საათში პოლიტიკოსს შსს-ს წარმომადგენლებმა შესაბამისი განჩინება გააცნეს და ხელბორკილები დაადეს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, მოსამართლის გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.

„სასამართლოში არ მივედი, რადგან ისედაც გასაგები იყო რა მოხდებოდა. სათქმელი მაქვს ერთადერთი – ოლიგარქია უნდა დაემხოს! – ეს არის მთავარი. ამ წუთას, მეტს არაფერს აქვს მნიშვნელობა“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე.

სასამართლოში გამოუცხადებლობის თაობაზე, ნიკა გვარამიას პოზიცია გაიზიარა მისმა ადვოკატმა, დიტო საძაგლიშვილმაც.

„ ეს სასამართლო პროცესი არ არის. ეს არის ფარსი, სპექტაკლი, სადაც როლებია განაწილებული. ვიღაცას აცვია მანტია და აქვს მოსამართლის როლი, ვიღაცას პროკურორის, ჩვენ – ადვოკატის როლი. ნიკა გვარამიამ უარი თქვა ამ ფარსში მონაწილეობაზე. ცხადია, წინასწარ ვიცოდით, რომ ეს გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული, ე.წ. „მოსამართლის“ მიერ“, – განაცხადა ნიკა გვარამიას ადვოკატმა დიტო საძაგლიშვილმა.

ბრალდების მხარე განმარტავს, რომ სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობაც სამართალდარღვევაა. პროკურორის თქმით, ამ საკითხს „შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“.

„ეს არის პირდაპირ თავის არიდება და მართლმსაჯულებისთვის ხელშეშლის მცდელობა… ალბათ ეს იყო მცდელობა, გაჭიანურებულიყო საქმის განხილვა და აერიდებინა პასუხისმგებლობა, თუმცა სხდომაზე გამოუცხადებლობა, როცა არ არის რაიმე საპატიო მიზეზი, კანონდარღვევაა. რა თქმა უნდა, ეს შეფასდება და ექნება შესაბამისი შედეგი“ – განაცხადა საქმის პროკურორმა, მარი მეშველიანმა.

ნიკა გვარამიას დაკავებას პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. ოპოზიციონერთა შეფასებით, „ქართული ოცნება“ ცივილურ ღირებულებებსა აცდენილია და ოპონენტების განეიტრალებას ცდილობს. მმართველ პარტიას კი მოსამართლის გადაწყვეტილება მოსწონს და აცხადებს, რომ ის კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაშია.

„მგონია, შეგნებულად აკეთებენ ამას, რომ დრამა დადგან. თითოეულმა მათგანმა იცოდა, რომ არის კანონი, მოსამართლის გადაწყვეტილება. არ გინდა ციხეში ჯდომა?! მაშინ გადაიხადე გირაო და როგორც ვაშაძე დარბის გარეთ, იარე და გააგრძელე ის ფუჭი და ცრუ პოლიტიკური მოღვაწეობა. არ იხდი?! მაშინ წესი არის და დაგაკავებენ… არ გადაიხადე?! მოგისაჯა სასამართლომ?! ნებისმიერი მოქალაქე ასე იქნება, მე ვიქნები თუ სხვა, შესაბამისად, არჩევანში არიან თავისუფალი… დააშავე?! არის კანონი, სასამართლო გადაწყვეტილება. კეთილი ინებე და აღასრულე. არ აღასრულებ?! ციხე!“ – ამბობს „ქართული ოცნების“ წევრი, ირაკლი ზარქუა.

„ეს რეჟიმი, გარდა იმისა, რომ დაცლილია ევროპული ცივილიზაციური ღირებულებებისგან როგორიცაა: ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა, თავისუფალი სასამართლო, არის უკიდურესად უღირსი, უემპათიო, უღმერთო და სასტიკი. რუსული ცინიზმი და სისასტიკე კი არასოდეს გახდება ქართული და არასოდეს გახდება საქართველო. როგორც ნიკამ თქვა ბოლო სიტყვაში, ეს ანტიევროპული და ანტიეროვნული რეჟიმი უნდა დაემხოს”- ასე გამოეხმაურა ნიკა გვარამიას დაკავებას „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა.

კოალიცია „ცვლილებისთვის“ ლიდერის პატიმრობას უკვე გამოეხმაურა ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი. ის დასავლელ პარტნიორებს გააქტიურებისკენ, „ქართულ ოცნებას“ კი ოპონენტთა დევნის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

„საქართველო უფრო ღრმად იძირება ავტოკრატიაში. ოპოზიციონერი ლიდერი ნიკა გვარამია დაპატიმრებულია – მელიასა და ჯაფარიძეს უერთდება გისოსებს მიღმა. ივანიშვილი თავის კონტროლს აძლიერებს, განსხვავებულ აზრს ანადგურებს და სასამართლო დამოუკიდებლობას შლის. უნდა ვიმოქმედოთ ვიდრე საქართველო მეორე ბელარუსი გახდა.“ – დაწერა ევროპარლამენტარმა, რიჰარდს კოლსმა პლატფორმა X-ზე.

განცხადება გაავრცელა ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც. დიპლომატიური უწყება ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.

„ქართული ოცნების“ მიერ ნიკა გვარამიას დაპატიმრება მოითხოვს ევროკავშირის 27 წევრის ძლიერ პასუხს ახლავე და ივნისის საგარეო საქმეთა საბჭოზე ევროკავშირი-საქართველოს ინტერაქციის სამომავლო ჩარჩოზე სერიოზულ განხილვას“ – წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო პლატფორმა X-ზე.

პარლამენტის „დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის“ ბრალდებით კი, უკვე ოთხი პირს აქვს აღკვეთის ღონისძიების სახედ, პატიმრობა შეფარდებული – ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ირაკლი ოქრუაშვილსა და 13 ივნისიდან, უკვე ნიკა გვარამიასაც. მათი საქმეების განხილვა ჯერ არ დასრულებულა. წარდგენილი ბრალდება კი ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend