ევროკავშირმა და ბოსნია და ჰერცეგოვინამ, ბრიუსელში ხელი მოაწერეს შეთანხმებას სასაზღვრო კონტროლის შესახებ, რომელიც ბლოკის საზღვრების კონტროლის სააგენტოს, Frontex-ს, ქვეყნის საზღვრებზე მოქმედების უფლებას აძლევს.
შეთანხმება ევროკავშირსა და ბოსნია და ჰერცეგოვინას საშუალებას მისცემს, ერთობლივად დაგეგმონ ოპერაციები, რომლებშიც მონაწილეობას მიიღებენ Frontex-ის სასაზღვრო დაცვის თანამშრომლები და მათი კოლეგები ბოსნია და ჰერცეგოვინიდან.
შინაგან საქმეთა და მიგრაციის საკითხებში ევროკომისარმა, მაგნუს ბრუნერმა, განაცხადა, რომ შეთანხმება „მომავლის მოდელია.”
ევროსაბჭოს თქმით, შეთანხმება ასევე ნიშნავს, რომ Frontex-ის სასაზღვრო მართვის ჯგუფები შეიძლება განლაგდნენ ბოსნია და ჰერცეგოვინაში და დაეხმარონ ქვეყანას მიგრაციული ნაკადების მართვაში, უკანონო იმიგრაციისა და საზღვრისპირა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში.
„ევროპის საბჭომ 2024 წლის 21 მარტს მიიღო გადაწყვეტილება, ბოსნია და ჰერცეგოვინასთან გაწევრების მოლაპარაკებები დაიწყოს მას შემდეგ, რაც საჭირო ნაბიჯები იქნება გადადგმული. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნა იყო საზღვრისა და მიგრაციის მართვის შესაძლებლობების გაუმჯობესება. დღეს, ამ შეთანხმების ხელმოწერა არის ნათელი პასუხი ამ მოთხოვნაზე და ბოსნია და ჰერცეგოვინას ევროპული ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს“,-ამბობს ლუიჯი სორეკა, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ბოსნია და ჰერცეგოვინაში
“ბოსნია და ჰერცეგოვინას საზღვრებზე და აეროპორტებში ზედამხედველობის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია. იმ ექსპერტიზას, რომელსაც ისინი შემოიტანენ, დიდი მნიშვნელობა ექნება — არა მხოლოდ საზღვარზე მოწესრიგებული გადაადგილების უზრუნველსაყოფად, არამედ ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისითაც. ეს მხოლოდ შემოწმებას არ გულისხმობს; საქმე ბევრად უფრო ფართო ზომებს მოიცავს, რომლებიც წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას ემსახურება. ეს ასევე ხელს შეუწყობს ყველა იმ ადამიანის დაცვას, ვინც ბოსნია და ჰერცეგოვინას საზღვრის გადაკვეთას ცდილობს. მე ვფიქრობ, რომ ეს სტატუსის შეთანხმება ერთგვარ მომავლის მოდელს წარმოადგენს“, -ამბობს მაგნუს ბრუნერი, ევროკომისარი შინაგან საქმეთა და მიგრაციის საკითხებში