მთავარიევროპასომხეთითავდასხმა ეკლესიაზე თუ პასუხი ეკლესიას? - პრემიერისა და პატრიარქის ბრძოლა სომხეთში

თავდასხმა ეკლესიაზე თუ პასუხი ეკლესიას? – პრემიერისა და პატრიარქის ბრძოლა სომხეთში

სეკულარულ სომხეთში ეკლესია და ხელისუფლება ერთმანეთს დაუპირისპირდა.ქვეყნის პრემიერ-მინისტრსა და სრულიად სომეხთა კათალიკოსს შორის მდუმარე კონფლიქტი საჯარო გახდა.

ეს მას შემდეგ, რაც მაისის მიწურულს, მთავრობის რიგით სხდომაზე ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის ეკლესია “ძველმანებით სავსე საკუჭნაოს” შეადარა. მოგვიანებით პატრიარქი, გარეგინ II წმინდა აღთქმის დარღვევაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ კათალიკოსს შვილი ჰყავს. ეს კი კანონიკური სამართლით აკრძალულია. ფაშინიანმა ბევრს გაუჩინა შეკითხვები იმაზე, თუ რა დგას მისი განცხადებების უკან.

“ამ კონფლიქტის საფუძველი მაინც იმაში მდგომარეობს, რომ სომხეთის სამოციქულო ეკლესია, კერძოდ კი სომხეთის კათალიკოსი, გარეგინ II პოლიტიკურ სივრცეში შევიდა. მისი 2 წლის წინანდელი განცხადება, რომ ნიკოლ ფაშინიანმა თანამდებობა დატოვოს, მისი თუ საეკლესიო იერარქიის კონკრეტული ეპისკოპოსების გამოთქმები და მათი ჩართულობა პოლიტიკურ პროცესებში, მათ შორის ქალაქ გიუმრის ადგილობრივ არჩევნებში –  აჩვენებს, რომ ეკლესიამ დაიწყო საკუთარი ფუნქციებიდან გამოსვლა და პოლიტიკურ სივრცეში შეჭრა. ყველასათვის ცნობილია, რომ თუ ადამიანი პოლიტიკურ სივრცეში შედის, მის წინააღმდეგ სწორედ პოლიტიკური ბრძოლის მეთოდები გამოიყენება.  ამასთან, ბუნებრივია მათ სუსტი წერტილები აქვთ და ხელისუფლებამ  მათ სწორედ ამ წერტილებში დაარტყა. არსებობს მეორე კომპონენტიც, ყველას გვესმის, რომ რუსეთი სიამოვნებით ნახავდა სომხეთში ხელისუფლების ცვლილებას. პუტინი აშკარად ისურვებდა უფრო პრორუსულად განწყობილ ხელმძღვანელობას. შესაბამისად, რუსეთი ხელისუფლების წინააღმდეგ  სხვადასხვა მექანიზმს იყენებს, მათ შორის პრორუსულ ოპოზიციასაც პარლამენტში, ასევე სხვადასხვა ე.წ. პროქსი ძალებს. მიმაჩნია, რომ რუსეთმა დაიწყო პროცესში სასულიერო პირების გამოყენებაც, რადგან ისინი საზოგადოების ავტორიტეტით სარგებლობენ, რუსეთი კი ცდილობს ეს ავტორიტეტი ნიკოლ ფაშინიანისა და მისი გუნდის წინააღმდეგ მომართოს”-აღნიშნავს “ევრონიუს ჯორჯიასთან” საუბრისას “გლობალიზაციისა და რეგიონული თანამშრომლობის ანალიტიკური ცენტრის” ხელმძღვანელი, სტეფან გრიგორიანი.

ნიკოლ ფაშინიანსა და მის მეუღლეს, ანა ჰაკობიანს კათალიკოსის შესახებ სხვა განცხადებებიც ჰქონდათ. ძირითადად სოციალურ ქსელში და მათ შორის უცენზურო პასაჟებით. პატრიარქ გარეგინ II-ს პირდაპირი პასუხი არ დაუბრუნებია. დუმს შვილის ყოლა-არყოლის საკითხზეც. კათალიკოსის ნაცვლად 2 ივნისს შეკრებილმა უმაღლესმა სასულიერო საბჭომ ისაუბრა, სადაც ქვეყნის მთავრობას სახელმწიფო მოღვაწისთვის შეუფერებელი ლექსიკა დაუწუნა და ფაშინიანი რელიგიური გრძნობების შელახვაში დაადანაშაულა. პრემიერი ირიბად გარე ძალებისა და აზერბაიჯანული პროპაგანდის გამტარადაც მოიხსენიეს. ამ ყველაფრით კი უმაღლესმა სასულიერო საბჭომ პრაქტიკულად პრემიერს უარი უთხრა მცდელობაზე, შეიცვალოს სომეხთა პატრიარქი.

“საქმე იმაშია, რომ სომხეთში ეროვნული კრების არჩევნები მოახლოვდა. ეს მთავარი ინსტიტუტია, რადგან ჩვენ საპარლამენტო სისტემა გვაქვს. ეს არჩევნები მნიშვნელოვანია, ის ზუსტად 1 წელიწადში ჩატარდება. შეიძლება ითქვას, რომ წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაიწყო. ამიტომ, ნიკოლ ფაშინიანმა სწრაფად იმოქმედა, რეაგირება მტკივნეული საკითხით მოახდინა. ჯერ კიდევ 2 წლის წინ არჩევნები შორი იყო, თემა არ იყო აქტუალური, მისი მანდატი ჯერ ისევ ძალაში იყო, ახლა კი არჩევნებია ფაქტორი. სომხეთში ეკლესია და სახელმწიფო გამიჯნულია, საეკლესიო იერარქიებს კი არ აქვთ უფლება პოლიტიკაში ჩაერიონ. შესაბამისად ეს ჩვენი კათალიკოსისთვის სუსტ წერტილს წარმოადგენს, შესაბამისად ფაშინიანს შეუძლია ისინი აკრიტიკოს პოლიტიკაში ჩართულობის გამო. ცხადია ეკლესიამ დაარღვია საერო ცხოვრებაში ჩაურევლობის პრინციპი და ფაშინიანმა ეს გამოიყენა. თუმცა მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ აწოდებ ამას საზოგადოებას. სამწუხაროდ, ნიკოლ ფაშინიანის პირველი განცხადებები, რომლებიც დაახლოებით 10 დღის წინ გააკეთა, სცდებოდა კორექტულობის საზღვრებს და სწორედ ამიტომ დაიმსახურა კრიტიკა საზოგადოების მხრიდან. ბოლო განცხადებები უფრო აწონილი იყო და ის უბრალოდ ითხოვდა პასუხს, დაარღვია თუ არა გარეგინ მეორემ უქორწინობის აღქმა. რადგან  საეკლესიო წესებით, მაღალი იერარქიის სასულიერო პირებს ეკრძალებათ ქორწინება და შვილების ყოლა. პასუხი არ ყოფილა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებას როგორც ჩანს ამის მტკიცებულება აქვს. ფაშინიანი აგრძელებს ამ საკითხზე პედალირებას. თუ ასეა, ეს იმ პრინციპების სერიოზული დარღვევაა, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ნარჩუნდებოდა სომხეთის სამოციქულო ეკლესიაში. რთული სიტუაციაა, დაპირისპირება სერიოზულია, ამასთან ორივე მხრიდან ვხედავთ დაშვებულ შეცდომებს. რა თქმა უნდა ბევრი შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, რომ პრემიერ-მინისტრს შეეძლო უფრო რბილი ფორმით მოეწოდებინა სათქმელი. ტერმინების ხშირი გამოყენებაც კორექტული უნდა იყოს, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება,არსებობს პრობლემა,რომელიც უნდა გადაიჭრას”-აღნიშნავს ანალიტიკოსი ინტერვიუში.

ეროვნული კრების არჩევნები მომავალი წლის 6 ივნისსაა დანიშნული. ბოლოდროინდელმა პოლიტიკურმა პროცესებმა კი აჩვენა, რომ სომხეთში გამორიცხული არაფერია. ასე იყო ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით გამართულ უკანასკნელ აქციებზეც, როდესაც მასშტაბურ დემონსტრაციებს სათავეში პირადად არქიეპისკოპოსი, ბაგრატ გალსტანიანი ჩაუდგა. შედეგი არ ყოფილა. ნიკოლ ფაშინიანის რეიტინგი ოპონენტებთან შედარებით მაინც მაღალია,  თუმცა მგრძნობიარე თემის წამოწევის შემდეგ უცნობია მიჰყვება თუ არა მას მხარდაჭერა ბოლომდე. სომხეთის საექსპერტო წრეებში სხვადასხვა ვერსიებს განიხილავენ.

“ერთ-ერთი ვარიანტია, რომ გარეგინ მეორემ ნებაყოფლობით დატოვოს ეკლესია. სომხეთის ეკლესიის მეთაურის მხრიდან 1700 წლიანი ისტორიის დარღვევა მის  დისკრედიტაციას ახდენს, არსებობს ტრადიციები და წესები. მე არ გამოვრიცხავ, რომ ეკლესიის მეთაურმა განმუხტვის მიზნით დატოვოს კიდეც ეს საეკლესიო თანამდებობა, და ეკლესიამ თავისი ტრადიციების შესაბამისად აირჩიოს ახალი კათალიკოსი. იმედია ყველაფერი ამ სცენარით წავა და არა მიტინგების გზით.დიახ, ეს არის ზეწოლა ეკლესიაზე. მაგრამ შეხედეთ კათოლიკურ ეკლესიას, შეხედეთ ვატიკანს – რამდენი დარღვევა და სკანდალი გვსმენია კარდინალებთან დაკავშირებით. და რა? ვატიკანს ამის გამო რეიტინგი არ დაუკარგავს, რადგან თავად ეხმარებოდა დანაშაულების გამოძიებას. ჩვენი ეკლესიაც ღია უნდა იყოს საზოგადოების წინაშე, თუ არსებობს დარღვევები, და მართლაც დაირღვა უქორწინობის აღქმა, მაშინ ეკლესიას ამაზე რეაგირება მოუწევს. თუნდაც  რეფორმირებით. ეკლესიას არ შეუძლია ამაზე რეაგირება არ მოახდინოს. საგულისხმოა, რომ ჩვენს ეკლესიაში პატრიარქს სასულიერო პირების 70% ირჩევს, ასევე პროცესში ჩართულია ხალხის 30%, მათ შორის მთავრობა. ასე რომ, ვერ იტყვი, რომ ფაშინიანი სრულად არღვევს წესებს”-ამბობს სტეფან გრიგორიანი.

ნიკოლ ფაშინიანმა ბოლო პოსტებში აღნიშნა,რომ ეკლესია ხალხს უნდა დაუბრუნდეს. წმინდა ეჩმიაძინის საპატრიარქოს გათავისუფლებისა და ახალი საკათალიკოსო არჩევნების მოწყობისთვის მან საკოორდინაციო ჯგუფის შექმნაც კი დააანონსა,სადაც სასულიერო პირებთან ერთად მოქალაქეებიც იქნებიან. პრემიერი მზადაა დაამტკიცოს ყველაფერი,რაც კათალიკოსზე თქვა. თავად გარეგინ II  კი ამ თემაზე ჯერ დუმს, თუმცა მას მრევლის დიდი მხარდაჭერა აქვს. არაბთა გაერთიანებული ემირატებიდან სახლში ჩამოფრენილ კათალიკოსს ზვართნოცის აეროპორტში ასობით მხარდამჭერი დახვდა, რათა მის მიმართ სოლიდარობა გამოეხატათ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend