სომხეთის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ნიკოლ ფაშინიანისა და ვლადიმერ პუტინის პირველი პირისპირი შეხვედრა, რომელიც ამჯერად ბიშკეკში შედგა, მედიის წინაშე გაკეთებული კომენტარებიდან გამომდინარე, ჰგავდა კრემლში, აპრილის დასაწყისში გამართულ აუდიენციას - გადაკვრით ნათქვამი სიტყვები და უთანხმოება ერევნის საგარეო ხედვებთან დაკავშირებით.
კრემლის ლიდერს არც ამჯერად დაუმალავს მოსკოვის უკმაყოფილება სომხეთის ევროკავშირში გაწევრების გეგმებთან დაკავშირებით, იმის მიუხედავად, რომ, ვლადიმერ პუტინის მტკიცებით, რუსული მხარე „პატივს სცემს სომეხი ხალხის არჩევანს“ და რომ, მისივე განმარტებით, სომხეთი, როგორც სუვერენული სახელმწიფო, ამ არჩევანში თავისუფალია.
არჩევანის თავისუფლებაზე საუბრის მიუხედავად, ვლადიმერ პუტინმა ნიკოლ ფაშინიანს მაინც რამდენჯერმე მიანიშნა მოსკოვის მიერ მანამდე არაერთხელ გაჟღერებულ მიდგომას, რომ ერევანს „ორ სკამზე ჯდომა“ არ გამოუვა - ანუ, ერთდროულად ევროკავშირში გაწევრებაც და ევრაზიულ კავშირში ყოფნაც.
„ჩვენ უკვე არაერთხელ განგვიხილავს საკითხები, რომლებიც სომხეთის მიერ ევროკავშირში გაწევრების სურვილს უკავშირდება. ეს თემა რამდენჯერმე განვიხილეთ როგორც სატელეფონო საუბრისას, ისე პირადად შეხვედრების დროს.
თქვენ კარგად იცით რუსეთის პოზიცია: სომხეთის სწრაფვა ევროკავშირში გაწევრებისკენ ქვეყნისა და მისი ხალხის ბუნებრივი და ლეგიტიმური უფლებაა. სომხეთი სუვერენული სახელმწიფოა. სომეხ ხალხს თავისუფლად შეუძლია განსაზღვროს თავისი განვითარების მიმართულება.
თუმცა, ეს, რა თქმა უნდა, ქმნის სირთულეებს სომხეთის ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში წევრობასთან დაკავშირებით და საფრთხეს უქმნის იმ უპირატესობების გაუქმებას, რომლებსაც რესპუბლიკა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ბაზარზე ფლობს, ასევე დამკვიდრებული სავაჭრო ჯაჭვების რღვევას...
ჩემთვის ყოველთვის საინტერესოა თქვენთან დისკუსია ნებისმიერ საკითხზე, მათ შორის ამ თემაზეც. თუმცა, მთავარ საკითხთან დაკავშირებით, მაინც მომეცით უფლება, არ დაგეთანხმოთ.
თქვენ თქვით, რომ სომხეთს ევრაზიის ეკონომიკური კავშირიდან გასვლის შესახებ განცხადება არ გაუკეთებია. მაგრამ სხვა ეკონომიკურ ორგანიზაციაში გაწევრების პროცედურის დაწყების შესახებ კანონის მიღება, ფაქტობრივად, ნიშნავს ჩვენი ორგანიზაციიდან გასვლის შესახებ განაცხადის გაკეთებას, რადგან ორივე ორგანიზაციაში ერთდროულად ყოფნა ერთმანეთთან შეუთავსებელია. სწორედ ეს არის პრობლემა“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა.
„როგორც იცით, გასულ წელს ჩვენ მივიღეთ კანონი სომხეთის ევროკავშირში გაწევრების პროცესის დაწყების შესახებ - სწორედ პროცესის დაწყების შესახებ. ამასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი მსჯელობა მიმდინარეობს, რამდენად შეესაბამება ამ კანონის მიღება ჩვენს ვალდებულებებს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფარგლებში.
ჩვენ, როგორც მანამდე, ისე კანონის მიღების შემდეგ, გავაანალიზეთ როგორც რუსეთის ფედერაციასა და სომხეთს შორის არსებული სახელშეკრულებო ბაზა, ისე ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფარგლებში არსებული შეთანხმებები. გულწრფელად რომ ვთქვათ, ვერ აღმოვაჩინეთ ჩვენი მხრიდან იმ ვალდებულებების რაიმე დარღვევა, რომლებიც სომხეთს აქვს რუსეთის ფედერაციისა და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წინაშე.
საქმე ისაა, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შესახებ ხელშეკრულებაშიც პირდაპირ არის განსაზღვრული, როგორ უნდა იმოქმედოს სახელმწიფომ, თუ ის გადაწყვეტს ევრაზიის ეკონომიკური კავშირიდან გასვლას. ამასთან, იქ საერთოდ არ არის გათვალისწინებული ისეთი რეგულაცია, რომლის საფუძველზეც წევრი სახელმწიფო ორგანიზაციიდან შეიძლება შეჩერდეს ან გარიცხულ იქნას“, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა.
საგარეო ვექტორთან დაკავშირებით, რუსეთის ულტიმატუმი სომხეთისთვის სიახლე არ არის. ვლადიმერ პუტინი ბიშკეკის შეხვედრაზეც რამდენჯერმე გამოირჩა ე.წ. „პოლიტიკური რჩევით“ და მოუწოდა ნიკოლ ფაშინიანს, ჩაატაროს რეფერენდუმი, რომლითაც გადაწყდება, საით სურს სომეხ ხალხს ქვეყნის გაწევრება.
ერევნის ბრიუსელთან დაახლოება მოსკოვისთვის სერიოზული დარტყმა იქნება, მით უმეტეს საერთაშორისო იზოლაციის ფონზე, რადგან სამხრეთ კავკასიაში ის გავლენებს კარგავს - ერთ დროს რეგიონალური მოკავშირე სომხეთი კი კრემლის ახალ თავის სატკივარად იქცა.
საგულისხმოა ისიც, რომ სომხეთის მთავრობის ხუთწლიან გეგმაში მოსკოვ-ერევნის ურთიერთობებს აღარ ჰქვია „სტრატეგიული პარტნიორობა“ ან „სტრატეგიული ალიანსი“.
წინა წლებისგან განსხვავებით, ეს ფორმულირება შეცვლილია და წარმოდგენილია როგორც „რუსეთთან პარტნიორული ურთიერთობების გარდაქმნა,განვითარება და გაღრმავება“.
ფორმულირების შეცვლის მიზეზი განმარტა ნიკოლ ფაშინიანმა, რომლის თქმითაც 2022 წლის სექტემბრის „ყარაბაღის ომის“ დროს, მოსკოვმა არ შეასრულა „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული ვალდებულებები და ერევნისადმი არ გამოიჩინა მიდგომა, რომელიც სტრატეგიულ პარტნიორობას ახასიათებს.
