უნგრეთში ვიზიტით იმყოფება პრემიერი ირაკლი კობახიძე და სამთავრობო დელეგაცია. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრების თანათავმჯდომარეობით ბუდაპეშტში საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის მეორე სხდომა გაიმართა. ორმა პრემიერმა ასევე გამართეს პრესკონფერენცია სადაც სხვადასხვა საკითხზე ისაუბრეს. ვიქტორ ორბანმა განსაკუთრებით ბევრი ისაუბრა საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე და თქვა, რომ საქართველოსი ამის გამო ყველას შურს.
მან ასევე გააკრიტიკა ბრიუსელი და თქვა, რომ “საქართველო არის ის მხეცი, რომელთანაც ევროკავშირს ეშინია ბრძოლა”.
ვიქტორ ორბანმა ასევე ისაუბრა თანამშრომლობაზე ენერგეტიკის სფეროშიც და თქვა, რომ მწვანე ელექტროენერგია, რომელიც კავკასიაში იწარმოება უნგრეთის გავლით შევა ევროკავშირში. სწორედ ამ კონტექსტში მან უკრაინა და პრეზიდენტი ზელენსკი გააკრიტიკა, რადგან მისი თქმით, “უკრაინელებმა ევროკავშირს ენერგეტიკის მიწოდების ყველა არხი გადაუკეტეს”.
მოგვიანებით ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინა უნგრეთს აშანტაჟებს, როცა ამბობს, რომ მიუღებელია უნგრელმა ხალხმა მიიღოს გადაწყვეტილება უკრაინის ევროკავშირში გაწევრების შესახებ. “დაგვემუქრნენ დაგვაშანტაჟეს და ამას ვუპასუხებთ, რომ უკრაინა მადლობელი უნდა იყოს უნგრეთის მიმართ, მათ ლტოლვილებს მივეცით თავშესაფარი. უნგრეთში მივიღეთ უკრაინელები მივეცით საშუალება, რომ ყველა საჯარო სერვისით ესარგებლათ. მზრუნველობა არ მოგვიკლია უკრაინელებისთვის, განათლებაც მივეცით უკრაინელ ბავშვებს. უკრაინელ პრეზიდენტს ვურჩევთ, რომ მადლობა გამოხატოს უნგრეთის მიმართ და არ დააშანტაჟოს და დაემუქროს”, – თქვა ორბანმა.
თავის მხრივ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ უნგრეთი და საქართველო საერთო გამოწვევების წინაშე დგანან და დასძინა, რომ ქვეყანა ყველაფერს აკეთებს ევროკავშირში გასაწევრებლად. მან ასევე მადლობა გადაუხადა უნგრეთს და პრემიერ ორბანს, რადგან “უნგრეთი რჩება საქართველოს ევროინტეგრაციის ყველაზე ძლიერ მხარდამჭერად, იმ პირობებში,როცა ხელოვნურ დაბრკოლებებს უქმნიან”.