„ქართული ოცნება“ ახალ კანონპროექტზე მუშაობს. პარტიის აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ გამარტივდება ფინანსური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მსჯავრდადებული პირისგან და მისი გარემოცვისგან ქონების ამოღების პროცედურები.
ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, შესაძლოა, პატიმრობის მოხდის შემდეგაც სასამართლომ პირს ქვეყნის დატოვების უფლება შეუზღუდოს, ვიდრე ის ზიანს არ აანაზღაურებს.
„ეს ინიციატივა ეხება ეკონომიკური, ფინანსური დანაშაულის და დანაშაულების ჩამდენ პირებს. არის გაწერილი კონკრეტული ფინანსური, ეკონომიკური დანაშაულები, რომელთა ჩადენის შემთხვევაში მარტივდება დაზარალებულისათვის ზიანის ანაზღაურების მიზნით, ბრალდებულის, მსჯავრდადებულის და მისი ოჯახის წევრების, ასევე დაკავშირებული პირებისაგან ქონების, მატერიალური რესურსების ამოღება. ანუ, იმ შემთხვევაში თუ ადამიანი ჩაიდენს ფინანსურ, ეკონომიკურ დანაშაულს და მიაყენებს კონკრეტულ მეორე ადამიანს ზიანს, ამ მეორე ადამიანის ზიანის ანაზღაურების გამარტივების მიზნით, მარტივდება დამნაშავისგან და მისი ოჯახის წევრებისგან, ასევე, მასთან დაკავშირებული პირებისგან თანხის, ქონების ამოღება.“ – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ცვლილებების ინიციირების მიზანია „ფინანსური ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხის გაჭიანურებული ვადები“.
„ეს თუ ხანგრძლივ პროცედურებს მოითხოვდა, მათ შორის, სამოქალაქო დავას, რომელიც წლები გრძელდებოდა, ეს ახლა იქნება გამარტივებული. გარდა ამისა, ინიციატივის თანახმად, პროკურორი მიმართავს სასამართლოს და სასამართლოს შეუძლია გარკვეული ვადით შეუზღუდოს პირს ქვეყნის დატოვება. განსაზღვრული იქნება კონკრეტული ვადებიც. ეს ვადები მიბმული იქნება ორმაგ ვადაზე, ვიდრე არის დანაშაულის ხანდაზმულობა. ანუ, 6 წლით, 12 წლით და 16 წლით აეკრძალება პირს ქვეყნის დატოვება და ეს გაკონტროლდება შესაბამისი ელექტრონული მოწყობილობის გამოყენებით, ვიდრე არ აანაზღაურებს დაზარალებულის ზიანს.“ – თქვა მამუკა მდინარაძემ.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ კანონპროექტის მიღების აუცილებლობა, მათ შორის, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის საქმეს უკავშირდება. მამუკა მდინარაძემ ბიზნესმენს საკანონმდებლო ცვლილების „ინსპირატორი“ უწოდა.
„ეს ბაჩიაშვილი იქნება, თუ სხვა ნებისმიერი ადამიანი, რომელიც დღეს ბრალდებულია, ხვალ მსჯავრდადებული იქნება და მას დაუმტკიცდება, რომ ეს კონკრეტული დანაშაული ჩაიდინა და ამ დანაშაულის შედეგად მიაყენა მეორე ადამიანს შესაბამისი ზიანი, ვიდრე ამ ზიანს არ აანაზღაურებს ასე თავისუფლად უკაცრავად ამ სიტყვისთვის ვერ „იპარპაშებს“, ანუ თუ ვიღაცას, მათ შორის, კიდევ ერთხელ ვიმეორებ ბაჩიაშვილს თუ სხვა ნებისმიერ ადამიანს, რომელიც დღეს ბრალდებულია და ხვალ შეიძლება დამნაშავე იყოს, აქვს მოლოდინი, რომ ამდენი და ამდენი ზიანი მივაყენე სხვა ადამიანს და წავალ და ჩემთვის ბედნიერად ვიცხოვრებ, ეს ასე არ არის.“ – ამბობს მამუკა მდინარაძე.
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის საჩივრის საფუძველზე „კრიპტოვალუტების საქმესთან“ დაკავშირებით გიორგი ბაჩიაშვილს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული.