საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა, გენერალური აუდიტორის პოსტზე წარდგენილ გიორგი გაბიტაშვილს მოუსმინა.
კომიტეტის სხდომაზე გიორგი გაბიტაშვილმა “ქართული ოცნების” დეპუტატებს გენერალური აუდიტორის პოსტზე საკუთარი ხედვები, გეგმები და პრიორიტეტები გააცნო.
„ვაცნობიერებ გენერალური აუდიტორის როლს, რომელიც პოლიტიკური გავლენებისგან დამოუკიდებლად მოქმედებს და ეს თანამდებობა სიმბოლური არ არის. ჩემი კანდიდატურის დამტკიცების შემთხვევაში, ვიზრუნებ სამსახურის ინსტიტუციურ განვითარებაზე და ვალდებულებას ავიღებ დავიცვა, კიდევ უფრო გავაძლიერო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ძირითადი პრინციპები – ობიექტურობა, დამოუკიდებლობა, საჯაროობა და პროფესიონალიზმი“, – განაცხადა გიორგი გაბიტაშვილმა.
ამის შემდეგ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იგი ახალ თანამდებობაზე დაამტკიცეს. გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურას ამ თანამდებობაზე მხარი “ქართული ოცნების” 84-მა დეპუტატმა დაუჭირა.
მისმა წინამორბედმა აუდიტორმა, ცოტნე ყავლაშვილმა გენერალური აუდიტორის თანამდებობა ვადაზე ადრე, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. ის ფინანსთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.
ავტორი: ალეკო გვეტაძე
