„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ მისი მეუღლე ნიღბიანმა პირებმა გაიტაცეს და 8 საათის განმავლობაში მასზე ზეწოლას ახდენდნენ.
პოლიტიკოსი მიიჩნევს, “რეალური მიზეზი ჩემი დაშინება და ჩემი გაჩუმებაა”.
“ჩვენთვის შეუძლებელია დავადგინოთ ზუსტი ლოკაცია. დისტანციიდან და ტრაექტორიიდან გამომდინარე ვარაუდობთ, რომ ის გაიტაცეს და მრავალი საათის განმავლობაში იმყოფებოდა ე.წ. მოდულის შენობაში.
ადგილზე მიყვანის შემდეგ გამტაცებლები 8 საათის განმავლობაში ახორციელებდნენ მასზე ზეწოლას, უსახელებდნენ მას ყოველდღიური გადაადგილების მარშრუტს, მათ შორის ჩვენი უფროსი, 10 წლის შვილის სკოლის და 2,5 წლის ტყუპის ბაღის ადგილმდებარეობას.
მთელი ამ დროის განმავლობაში მასზე ხორციელდებოდა მუქარა და მას ემუქრებოდნენ ბავშვების უსაფრთხოებით. მე მთელი ღამის განმავლობაში ვცდილობდი ჩემს მეუღლესთან დაკავშირებას, მას არ აძლევდნენ ტელეფონთან წვდომას”, – განაცხადა ბრიფინგზე „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ.
8 ივნისს სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, სადაც კოტე იოსელიანი ბოდიშს უხდის ბიძინა ივანიშვილის შვილს უტა ივანიშვილს რამდენიმე წლის წინ გაკეთებული განცხადების გამო.
“ეს იყო სიცრუე და მე მისი ორიენტაციის შესახებ არასდროს არაფერი მსმენია. ერთადერთი, რაც ვიცი, მას ყოველთვის კარგად ახასიათებენ, ნორმალური ადამიანია და მის ვაჟკაცობაზე საუბრობენ. ეს იყო ტყუილი, რაც მე ვთქვი და ბოდიშის მოხდა არასდროს არის გვიანი”, – ამბობს ვიდეოში კოტე იოსელიანი.