ვიქტორ ორბანის იშვიათი სიტყვები რუსეთის მისამართით – უნგრეთის პრემიერ მინისტრმა, ფრანგულ ტელეკომპანია LCI-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთს მხოლოდ „ძალის ენა ესმის” და ამ ფონზე ევროპას მეტი სიძლიერე მართებს, რაც მისი თქმით, ამერიკის გარეშე კონტინენტს აკლია.
პრემიერის განცხადებით, როგორც ნატოს წევრი სახელმწიფო, ვერ გრძნობს რუსეთის თავდასხმის საფრთხეს. მისი თქმით, მოსკოვი ამისათვის საკმაოდ სუსტია. მიუხედავად ამისა, ვიქტორ ორბანმა გაიმეორა თავისივე არაერთგზის საჯაროდ გამოხატული პოზიცია იმის შესახებ, რომ უკრაინა რუსეთთან ომს აგებს. მან ინტერვიუში კიდევ ერთხელ აღნიშნა,რომ უკრაინის ნატოში გაწევრების პერსპექტივას ვერ ხედავს.
„ვფიქრობ, რომ რუსებს მხოლოდ ძალის ენა ესმით და ევროპა უნდა იყოს ძლიერი. ჩვენ მოლაპარაკებები უნდა ვაწარმოოთ ძლიერის პოზიციიდან, სამწუხაროდ, ამჟამად ამაში სუსტები ვართ და ამიტომაც გჭირდება ამერიკელები.
რაც შეეხება რუსეთ-უკრაინის ომის გლობალურ მასშტაბებში გადაზრდას, რუსები ამისთვის ძალიან სუსტები არიან. ისინი უკრაინასაც კი ვერ ამარცხებენ, ამიტომ ნატოზე რეალური თავდასხმა ნამდვილად არ შეუძლიათ. ვფიქრობ, ვერც ევროპა და ვერც უკრაინა ვერ შეძლებენ რუსეთთან შეთანხმების მიღწევას; უკრაინა იმიტომ რომ ომს აგებს და ევროპა იმიტომ რომ ზედმეტად არის ჩართული ამაში. ეს უნდა იყოს შეთანხმება რუსებსა და ამერიკელებს შორის“, – აღნიშნა ინტერვიუში ვიქტორ ორბანმა.
ფრანგულმა LCI-მ უნგრეთის ლიდერთან ინტერვიუ პრემიერის საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში ჩაწერა. ვიქტორ ორბანი საფრანგეთში ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსების შეკრებას ესწრება.