ნატოს გენერალური მდივანი საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის ხაზით 400%-იანი ზრდის მოწოდებით გამოდის. მოწოდება ალიანსის 32 სახელმწიფოზე ვრცელდება და ის რუსული საფრთხითაა ნაკარნახევი. ინიციატივის შესახებ განცხადება მარკ რუტემ ლონდონში ვიზიტისას გააკეთა. მოგვიანებით სწორედ ეს გახდება ჰააგის სამიტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი.
სამხედრო ალიანსის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ნატომ მნიშვნელოვანი ნახტომი უნდა გააკეთოს კოლექტიურ თავდაცვაში, რათა ეფექტურად გაუმკლავდეს მზარდ არასტაბილურობასა და საფრთხეებს.
„ჩვენ გვჭირდება 400%-იანი ზრდა საჰაერო და სარაკეტო თავდაცვაში. ჩვენ უკრაინაში ვხედავთ, თუ როგორ მოაქვს რუსეთს ტერორი ციდან. ასე რომ, ჩვენ გავაძლიერებთ იმ ფარს, რომელიც ჩვენს ცას იცავს.
ჩვენს სამხედროებს კი სჭირდებათ ბევრად მეტი ჯავშანტექნიკა და ტანკი, მილიონობით მეტი საარტილერიო ჭურვი, უნდა გავაორმაგოთ ჩვენი შესაძლებლობები: ლოგისტიკა, მიწოდება, ტრანსპორტირება და სამედიცინო დახმარება. ალიანსი მეტ ინვესტიციას განახორციელებს სამხედრო ხომალდებისა და თვითმფრინავების მშენებლობაში. რეალურად ჩვენ გვჭირდება კვანტური ნახტომი ჩვენს კოლექტიურ თავდაცვაში”, -აღნიშნა ლონდონში სიტყვით გამოსვლისას ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ.
NATO Secretary General calls for “quantum leap” in collective defence on visit to the United Kingdom 🇬🇧@SecGenNATO met with Prime Minister @Keir_Starmer, joined Defence Minister @JohnHealey_MP on a tour of a steel production site and spoke @ChathamHouse.
Learn more ↓
— NATO (@NATO) June 9, 2025
დიდ ბრიტანეთში ვიზიტით მყოფი მარკ რუტე ქვეყნის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს უკვე შეხვდა. უკრაინაზე რუსული აგრესიის დაწყების შემდეგ ალიანსის სხვა სახელმწიფოების მსგავსად თავდაცვის ხარჯები დიდმა ბრიტანეთმაც გაზარდა. ამჟამად ნატოს წევრი 32 სახელმწიფოდან მხოლოდ 22 ქვეყანა ახერხებს საკუთარი მშპ-დან თავდაცვაზე 2%-ის ინვესტირებას.