თბილისის საქალაქო სასამართლოში „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის, პროცესი გაიმართა.
სხდომათა დარბაზში ბიზნესმენი სიტყვით გამოვიდა და თქვა, რომ ბორტზე, რომლითაც ის საქართველოში ჩამოიყვანეს, სუსის უფროსი ანრი ოხანაშვილი იმყოფებოდა.
„ყველა ნორმის დარღვევით, თავზე ტომარაჩამოფარებული, უკანონოდ, საერთაშორისო კანონის დარღვევით, საქართველოში ჩამომიყვანეს. ეს იყო ივანიშვილის დაკვეთით და სუსის მიერ შესრულებული სპეცოპერაცია. ბატონი ანრი ოხანაშვილი იმყოფებოდა იმ ბორტზე, რომლითაც მე მომიტაცეს. თქვენთვის ალბათ, გასაკვირი არ არის, მაგრამ ამ დანაშაულს სუსი იძიებს, ანუ სუსი იძიებს თავის მიერ ჩადენილ საერთაშორისო დანაშაულს.
მე როგორ ვიპოვო სამართალი, სად დავიცვა თავი? როგორ ვანდო თავი იმ სასამართლოს, რომელმაც ივანიშვილის ზეპირი ჩვენების საფუძველზე ორი წელი ჯოჯოხეთი მომიწყო მე და ჩემს ოჯახს? როგორ გენდოთ იმ სისტემას, რომელმაც ორად გაყავით საქართველო? ზოგ-ზოგიერთები გამოდიან ტელევიზიით და ამბობენ: „რა კარგია, წამება არ არის“ – აბა, ჰკითხეთ ჩვენს მშობლებს, თუ არ არის წამება? ჰკითხეთ იმ დაჭერილი ახალგაზრდების, „სინდისის პატიმრების” მშობლებს, მზია ამაღლობელის ოჯახს, თუ არ არის ეს წამება?” – თქვა გიორგი ბაჩიაშვილმა.
ბიზნესმენის ადვოკატის, გიორგი ჯანდიერის, თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მზად არის, დეტალურად ისაუბროს საქართველოში მისი ჩამოყვანის შესახებ, ასევე იმ ჩვენებაზე, რაც მან სასამართლოს 9 ივნისის სხდომაზე მისცა.
27 მაისს, დილით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია გიორგი ბაჩიაშვილის დაკავების შესახებ. უწყების თანახმად, ის იმ დროს დააკავეს, როცა „წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა“. ეს ვერსია ბიზნესმენმა 29 მაისის სასამართლო სხდომაზე უარყო და თქვა, რომ ის გაიტაცეს და „აირზენას“ თვითმფრინავით საქართველოში ჩამოიყვანეს.