მთავარიმსოფლიოკავკასია„ჩვენ უნდა დავუბრუნოთ ეკლესია ხალხს” - ფაშინიანი

„ჩვენ უნდა დავუბრუნოთ ეკლესია ხალხს” – ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის სამოციქულო ეკლესიასთან დაკავშირებით  საკუთარ ფეისბუკგვერდზე კიდევ ერთხელ დაწერა. როგორც ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, ეკლესია ხალხს უნდა დაუბრუნდეს.

პრემიერმა ეს განცხადება სოციალურ ქსელში განათავსა პატრიარქ გარეგინ II-სთან გამწვავებული ურთიერთობების ფონზე, რომელიც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ურთიერთბრალდებებით გამოირჩევა.

„სახელმწიფო (მთავრობა) ეკუთვნის ხალხს. ეკლესია ეკუთვნის ხალხს. ჩვენ დავუბრუნეთ სახელმწიფო ხალხს და ეკლესია ასევე უნდა დავუბრუნოთ ხალხს“, – წერს ფაშინიანი სოციალურ ქსელში. ამასთან, ის ეხმაურება სრულიად სომეხთა პატრიარქ გარეგინ II-სთან სომხეთის პირველი პრეზიდენტის, ლევონ ტერ-პეტროსიანის, შეხვედრას. ის სომხეთის პირველ პრეზიდენტს არჩევნების გაყალბების პრაქტიკის ფუძემდებლად მოიხსენიებს.

ამ შეხვედრაზე ყოფილმა პრეზიდენტმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა სომეხ პატრიარქს და დაგმო ქვეყნის მთავრობის ბოლოდროინდელი გზავნილები ეკლესიის მისამართით.

სომხეთის პრემიერ-მინისტრსა და პატრიარქს შორის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც გასული თვის მიწურულს მთავრობის სხდომაზე ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის ეკლესია „ძველმანებით სავსე საკუჭნაოს” შეადარა, რაც საპატრიარქომ ეკლესიის დასუსტების მცდელობად შეაფასა. მოგვიანებით პრემიერ მინისტრმა გარეგინ II იმაში დაადანაშაულა, რომ მან უქორწინებლების აღთქმა დაარღვია და საეკლესიო წესების საწინააღმდეგოდ შვილი ჰყავს.

2 ივნისს სამოციქულო ეკლესიამ უმაღლესი სასულიერო საბჭოს სხდომა გამართა, პრემიერ-მინისტრს მათ შემდეგი განცხადებით უპასუხეს და მოუწოდეს სამთავრობო უწყებებს, „შეწყვიტონ პრემიერ-მინისტრის  უკანონო და არაშორსმჭვრეტელი პოლიტიკა”.

„სომხეთის პრემიერ-მინისტრმა სამოციქულო წმინდა ეკლესიის წინააღმდეგ მორიგი კამპანია დაიწყო და სახელმწიფო მოღვაწისთვის შეუფერებელი ლექსიკით შეურაცხყო და ბრალი დასდო მას. უცენზურო სიტყვებით სავსე პუბლიკაციები მოკლებულია ზრდილობის ელემენტარულ ნორმებს, არღვევს ადამიანის ძირითად უფლებებს და უხეშად შეურაცხყოფს მორწმუნეთა რელიგიურ გრძნობებს.

მსგავსი ანტისაეკლესიო პოზიცია აშკარად ნაკარნახევია პოლიტიკური მოტივით და მიზნად ისახავს სომხეთის ეკლესიის სასულიერო პირების ავტორიტეტის დაკნინების მცდელობას, რომლებიც პატივისცემით სარგებლობენ საერო ცხოვრებაში და საერთაშორისო წრეებშიც. მას სურს, ეკლესიის ხმის ჩახშობა და მისი სოციალური გავლენის შემცირება. მთავრობის მეთაურის ანტიეკლესიური ქცევა, ეროვნული ღირებულებებისა და ეკლესიის წინააღმდეგაა მიმართული და დამანგრეველი შედეგების მომტანია, აგრეთვე საფრთხეს უქმნის  სომხურ სახელმწიფოებრიობას, ჩვენი ხალხის ერთიანობას.

მსგავსი ქმედებები ყოფს საზოგადოებას, ასუსტებს ერში პატრიოტულ გრძნობებს,  განსაკუთრებით კი დღევანდელი გამოწვევების ფონზე. მსგავსი ინიციატივები ემსახურება  გარე ანტისომხური (არმენოფობიურ) ძალების ცილისწამებასა და მცდარ ბრალდებებს აზერბაიჯანული პროპაგანდისტული მანქანის მიერ, რომელიც სომეხი ხალხისა და სომხური ეკლესიის წინააღმდეგია.

სომხური ეკლესია ურყევად გააგრძელებს ერის ერთიანობის შენარჩუნების მისიას, წინააღმდეგობას გაუწევს დესტრუქციულ პროცესებს“, – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend